სპორტი და… Pin Up

ყოვლისმცოდნე ვიკიპედიას თუ დავუჯერებთ, ტერმინი Pin Up პირველად 1941 წელს ინგლისში გამოიყენეს, თორემ მხატვრობის/გრაფიკის ეს მიმდინარეობა, იმავე წყაროს ცნობით, XIX საუკუნის მიწურულიდან იღებს სათავეს.
Pin Upში კედელზე გასაკრავი ნახატები/ფოტოები იგულისხმება და ამიტომაც ეწოდა ეს სახელი.

ნახევრადშიშველი/გამომწვევად დახატული გოგონების გამოსახულებებმა XX საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკულ ჟურნალ-გაზეთებს უდიდესი პოპულარობა მოუტანა, ისეთი, რომ სხვადასხვა საგამომცემლო სახლებმა 40იანი წლებიდან Pin Up სტილის კედლის კალენდრების და ჟურნალების გამოცემაც დაიწყეს.

ასეთი ბეჭდური პროდუქცია, მკვლევარების თქმით, განსაკუთრებით პოპულარული იყო თინეიჯერ ბიჭებსა და… სამხედროებს შორის.

ამ სტილში იყო შესრულებული არაერთი მხატვრული ფილმის სარეკლამო პლაკატი, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების და წიგნების გარეკნები, ისეთი დიდი კომპანიების პოსტერები, როგორიცაა კოკა-კოლა… სააგიტაციო პოსტერები…

სუპერპოპულარული Playboyიც უნდა ვახსენო, რომლის ჟურნალის ფურცლებს ამ სტილის უამრავი ნახატი ამშვენებდა და დღემდე ალამაზებს.

ზემოხსენებული მიზეზით Pin Up არტისტებზე დიდი მოთხოვნა იყო. ბევრი მათგანის ნამუშევრები, მაგალითად სტილის მეტრებად აღიარებული ჯილ ელვგრენის, არტ ფრემის, არტურ სარნოფის, ალბერტო ვარგასის და სხვების და სხვების, დღეს ამერიკის ონლაინ-აუქციონებზე ათეულ ათასობით დოლარად იყიდება!

მოგვიანებით ეს ამერიკული სტილი სხვა ქვეყნებშიც აიტაცეს, აი იაპონიაში კი ის თავისებურად განვითარდა… თუმცა Pin Upის ისტორიას აღარ ჩავუღრმავდები. თუ გაინტერესებთ, ინტერნეტში საკმაო მასალას მოიძიებთ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 13 იანვარი)
(არტურ სარნოფის, ელ ბუელის, ბილ რენდელის, ედუარდ დ’ანკონას, ჯილ ელვგრენის და უილიამ მედქალფის ინტერნეტში მოძიებული ნახატები)

ka_GEGeorgian