ქართული სპორტის მუზეუმი – 50

2015 წელს ქართული სპორტის მუზეუმმა 50 წლის იუბილე იზეიმა. ყველა ღონისძიება, რაც სპორტის მუზეუმის ეგიდით 1 იანვრიდან დღემდე მოეწყო, სწორედ ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა, უშუალოდ იუბილე კი 20 ოქტომბერს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საზეიმო მიღებით აღინიშნა.

„დღეს 50 წლის იუბილეს ვზეიმობთ, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული მუზეუმის გამორჩეულ თარიღს. საქართველოს ისტორიაში სპორტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მუზეუმის მესვეურები ვამაყობთ, რომ ქართული სპორტის წარსული სხვადასხვა ექსპონატის სახით ჩვენთან მაქსიმალურად კარგადაა დაცული. ქართული სპორტის მუზეუმი ვიზიტორთა მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია – ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი გვსტუმრობს. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის – ჩვენი მუზეუმის კარი ქართული სპორტის ლეგენდებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ღიაა!“ – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ საიუბილეო საღამოზე.

„გილოცავთ იუბილეს! ეს მუზეუმი ჩვენი სპორტის სახლია და მიხარია, რომ ლამაზ თარიღს სპორტული მოვლენებით დახუნძლული ორი თვის შემდეგ, ასეთ გარემოში აღვნიშნავთ. მუზეუმის მესვეურებს დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი სპორტის პოპულარიზაციაში და მისასალმებელია, რომ მათ ინიციატივას ახალგაზრდა თაობა ენთუზიაზმით ხვდება. მსურს ეს იუბილე ჩვენს ვეტერან სპორტსმენებს, ქართული სპორტის ვარსკვლავებს და გულშემატკაივრებსაც მოვულოცო“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ მიღებაზე.

ქართული სპორტის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მესვეურები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, პარლამენტარები, ვეტერანები, ოლიმპიური ჩემპიონები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

საიუბილეო საღამოზე მუზეუმს რამდენიმე საინტერესო ექსპონატი გადაეცა. მაგალითად სპორტის რაინდის მედალი და დიპლომი, რომლითაც მსოფლიო ველომოგზაური ჯუმბერ ლეჟავა გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა; კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ნანა მიქაძეს ავტოგრაფებით დამშვენებული ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა, ჭადრაკის ფედერაციისგან კი მუზეუმმა ქალ მოჭადრაკეთა სამახსოვრო პრიზი მიიღო. შეგახსენებთ: 2015 წელს ამ გუნდმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ხსენებული პრიზების გარდა მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შაიბიანი ჰოკეის ფედერაციის ჯილდოებიც შეემატა, ასევე მოჭიდავეთა მედლები და საჩემპიონო ქამრები.

მთავარმა მცველმა ლილი ლომსაძემ, რომელიც დაარსების დღიდან მოღვაწეობს სპორტის მუზეუმში, განაცხადა: „დღევანდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარია – აქ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და მიხარია, რომ მუზეუმის დაარსების, განვითარების და დახვეწის თვითმხილველი გახლავართ. ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და თანადგომისთვის. მიხარია, რომ უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, აქამდე და ასეთი სახით მოვედით“.

ქართული სპორტის მუზეუმის მთავარმა სპეციალისტმა მაკა კომახიძემ სამახსოვრო ჯილდოები გადასცა იმ საშუალო სკოლის მასწავლებლებს, რომელთა მოსწავლეები ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ მუზეუმს, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აღსაზრდელებმა კი სტუმრებს იუბილეს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი წარუდგინეს.

საიუბილეო საღამოზე შედგა ახლახანს გამოცემული ალბომის პრეზენტაცია: „ქართული სპორტის მუზეუმი – 50“ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ. ალბომში თავმოყრილია ქართულ პრესაში მუზეუმის შესახებ დაბეჭდილი გამორჩეული წერილები, ასევე მნიშვნელოვანი ექსპონატების ფოტოები და აღწერილობა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუზეუმი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული, 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან დაფუძნდა. განვლილი წლების განმავლობაში მუზეუმმა არაერთი მისამართი შეიცვალა, 2007 წლიდან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს.

მუზეუმის დაფუძნებასა და ექსპონატების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მ.გიორგაძემ, გ.მღებრიშვილმა, ვ.სამსონაძემ, გ.მერკვილაძემ, ლ.გოლოვნიამ, ი.კიზირიამ, ვ.ვერულეიშვილმა, რ.ნიკოლაძემ, ა.ციბაძემ, ნ.შიშნიაშვილმა, ნ.დუმბაძემ, ნ.პაშიკოვმა, გ.სიხარულიძემ, ა.მოგელაძემ, ნ.კეცხოველმა, გ.ფანჯიკიძემ, შ.ქველიაშვილმა, გ.შიოშვილმა, ვ.შუბლაძემ, რ.გოგლიძემ, ი.მეძმარიაშვილმა, ნ.რურუამ, ტ.ხეჩიკაშვილმა, ლ.ყიფიანმა…

მუზეუმში დაცული ექსპონატებიდან გამოსარჩევია პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის ოქროს მედალი; ქართული ფეხბურთის პირველი საერთაშორისო ტრიუმფის დამადასტურებელი, თბილისის დინამოელების მიერ 1973 წელს ესპანეთში მოგებული „კოლუმბის კარაველა“; 1677 წელს გამოცემული ფასდაუდებელი ნაშრომი ფარიკაობაზე; ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის ნინო დუმბაძის ბადრო; ქართული სპორტის გამორჩეული ნოვატორისა და მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის პირადი ნივთები; სპორტსმენთა არქივები, სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები…

„ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მუზეუმში ჩემი არაერთი ჯილდოა გამოფენილი და ცხადია, ამით ვამაყობ. მსურს მთელი სულით და გულით მივულოცო მუზეუმის მესვეურებს 50 წლის იუბილე, წარმატება, ზრდა და ულევი დამთვალიერებელი ვუსურვო“! – განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.

2015 წელი ქართული სპორტის მუზეუმში
ქართული სპორტის მუზეუმისთვის განვლილი წელიწადი საინტერესო მოვლენებით დახუნძლული გამოდგა. ამის დასტურია დამთვალიერებელთა რაოდენობა: იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით მუზეუმი 5 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, შარშან კი ეს რიცხვი ნაკლები იყო. სასიხარულოა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა 2013 წლიდან მუდმივად იზრდება.

2015 წელს გამართული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია დიდებული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის საუკუნოვანი იუბილე (23 თებერვალი); ლეგენდარული სპორტსმენების ხსენების დღე (17 აპრილი); 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოწყობილი გამოფენა თავისუფლების მოედანზე; ევრობასკეტის თასის მასპინძლობა (17 ივლისი)…

ისევე, როგორც განვლილ წლებში, მუზეუმს ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა საშუალო სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც დროგამოშვებით კალათბურთელები (ნიკა მეტრეველი, გიორგი შარაბიძე), ხელბურთელები (რატი მსხვილიძე, ილია გოგოლაძე), ფეხბურთელები (ნიკა ჭანტურია, საბა ლობჟანიძე), ვეტერანი მძლეოსანი მაია აზარაშვილი და სხვა სახეობების წარმომადგენლები მასპინძლობდნენ.

უცხოელი სტუმრებიდან გამოსარჩევია მსოფლიოს ჩემპიონის, ბრიტანელი მძლეოსნის კოლინ ჯექსონის და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისა და მადრიდის რეალის ექს-კაპიტნის ფერნანდო იეროს ვიზიტი; ასევე შვედეთის, თურქეთის, ლიტვის და ტაჯიკეთის მთავრობის წარმომადგენელთა სტუმრობა. აღსანიშნავია ერაყის ტელევიზია RUDAV-ის მიერ მუზეუმის შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

განვლილ წელს მუზეუმმა აუნაზღაურებელი დანაკლისიც განიცადა: იუბილემდე ერთი თვით ადრე მოულოდნელად გარდაიცვალა უფროსი სპეციალისტი კოტე ბერულავა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა საიუბილეო საღამოზე მუზეუმის გაფართოების სურვილიც გამოთქვა, ნანა მიქაძის თქმით კი, საბოლოოდ გადაწყდა ბიუჯეტის გაზრდა, რაც მუზეუმს მეტი საინტერესო ღონისძიების ჩატარების საშუალებას მისცემს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი სპორტი და ახალგაზრდობა; 2015 წელი)
ფოტო: 
ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian