13 ფინალური ევროისტორია
მაშინ ტურნირს ანრი დელონეს სახელობის ევროპის ერთა თასის გათამაშება ერქვა, ფინალურ ეტაპზე კი 4ჯერ ნაკლები გუნდი მონაწილეობდა, ვიდრე ახლა.
საფრანგეთში სათამაშოდ მხოლოდ 3 ქვეყნის რჩეული ფეხბურთელები ჩავიდნენ: სოციალისტური ბანაკის წევრები ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია და საბჭოთა კავშირი. ფინალში ეს უკანასკნელნი გავიდნენ.
ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა: 43ე წუთზე მილან გალიჩმა იუგოსლავია დააწინაურა, 49ეზე კი სლავა მეტრეველმა საპასუხო გაიტანა. მეტრეველი იმ დროს მოსკოვის ტორპედოს გულშემატკივრებს ახარებდა.
112ე წუთზე ვიქტორ პონედელნიკმა იმარჯვა – მიშა მესხის პასის შემდეგ თავით შეაგდო გადამწყვეტი გოლი, 2:1.
მეტრეველთან და მესხთან ერთად საფრანგეთში კიდევ ერთი თბილისის დინამოელი გახდა ევროპის ჩემპიონი – მცველი გივი ჩოხელი.
საზეიმო ბანკეტი ეიფელის კოშკის რესტორანში გაიმართა. ამბობენ, რომ საბჭოთა დელეგაციას სწორედ იქ ესტუმრა მადრიდის რეალის ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ და მესხის და მეტრეველის დათმობა სთხოვა, თუმცა მართლა მოხდა თუ არა ეს, არავინ იცის.
1964 – ესპანეთი
ევროპის პირველი ჩემპიონი საბჭოთა კავშირი კვლავ გავიდა ფინალში – მეტოქე ტურნირის მასპინძელი ესპანეთი იყო. პირთამდე სავსე ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე ქვეყნის მმართველი ფრანკოც მივიდა – კაუდილიომ საპატიო სტუმართა ლოჟაში ქვეყნის მომავალ მეფესთან ერთად შეაბიჯა.
მე7 წუთზე ხესუს მარია პერედამ შესტერნიოვს და შუსტიკოვს ძალიან უხეში შეცდომა არ აპატია და ანგარიში გახსნა, თუმცა წამებში ყველაფერი თავიდან დაიწყო: ჰუსაინოვმა საპასუხო გოლი გაუტანა ბილბაოს ატლეტიკის კარის დარაჯს ხოსე ანხელ ირიბარს.
84ე წუთზე პერედამ ფლანგზე კიდევ ერთხელ გაილაღა, საჯარიმოში ჩააწოდა და მარსელინიომაც თავით მე2 გოლი გაუტანა ლევ იაშინს – 2:1.
გენერალმა ფრანკომ დიდად გაიხარა, ფინალური ეტაპის ოთხივე მონაწილე კი – ესპანეთი, საბჭოთა კავშირი, უნგრეთი, დანია – მეორე დღეს სამეფო ოჯახს ესტუმრა.
1968 – იტალია
იმ დროს ტურნირს უკვე ევროპის ჩემპიონატი ერქვა. იტალიაში გამართული შეჯიბრი მრავალმხრივ საინტერესო იყო და დღემდე უნიკალურია: ფინალი… 2ჯერ გაიმართა!
იტალიამ პირველი გადამწყვეტი თამაში ვერ მოიგო: დრაგან ჯაიჩის გოლი 81ე წუთზე ანჯელო დომენგინიმ გაქვითა. ორი დღის შემდეგ მეტოქეები კვლავ გავიდნენ მინდორზე. ამჯერად ფერუჩიო ვალკარეჯის იტალიამ 2:0 გაიმარჯვა.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ იტალიამ პირველი ტიტული მოიპოვა!
მას შემდეგ სკუადრა აძურა კიდევ 2ჯერ გახდა ფიფას ოქროს თასის მფლობელი, მაგრამ ევროპირველობა ვეღარ მოიგო.
1972 – გფრ
70იანი წლები ტოტალური ფეხბურთის ეპოქა იყო, ჰელმუტ შიონის ბუნდესნაკრები კი ამ მიმდევრობის ერთ-ერთი მქადაგებელი.
დასავლეთგერმანელები იმ წელს პირველად გავიდნენ ფინალში, საბჭოთა კავშირი კი, რომლის დაცვაშიც კაპიტანი მურთაზ ხურცილავა და რეზო ძოძუაშვილი შეუცვლელნი იყვნენ – მესამედ.
შიონის ბიჭებმა 3:0 მოიგეს: ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ბომბარდირი გერდ მიულერი 2ჯერ გაჩნდა იქ, სადაც საჭირო იყო და დუბლიც შეასრულა. ერთხელაც ვიმერმა დაარტყა ზუსტად. სამშობლოში დაბრუნებული ჩემპიონები საფეხბურთო კავშირმა მერსედესის ახალი მოდელებით და 25-25 ათასი მარკით დააჯილდოვა.
მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აგებული ოლიმპიაშტადიონი ერთი თვით ადრე ამავე გუნდების ამხანაგურით გაიხსნა. გერმანელებმა 4:1 მოიგეს.
1976 – ჩეხოსლოვაკია
იუგოსლავიაში გამართული ევროპირველობა საუკეთესო და უკანასკნელი იყო ოთხგუნდა ჩემპიონატების ისტორიაში – მასპინძლებს, ჩეხოსლოვაკიელებს და მსოფლიოს 1974 წლის პირველობის ფინალისტებს – გფრ და ჰოლანდია – თამაშში მინიმუმ 4 გოლი გაქონდათ.
ვაცლავ ეჟეკის ჩეხოსლოვაკიამ ნახევარფინალში ჰოლანდია 3:1 დაამარცხა, ფინალში კი ევროპის ჩემპიონს აჯობა. მართალია პენალტებში, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! საფეხბურთო ლატარეაში ერთადერთს უმტყუნა ნერვებმა – მიუხენის ბაიერნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბურთი კარს ააცილა. მერე ნიშნულთან ანტონინ პანენკა მივიდა და შეასრულა – 5:3.
ეჟეკის ბიჭებმა თასი აწიეს, პანენკას დარტყმის იმ სტილს კი, რამაც ჩეხოსლოვაკიას მთავარი ჯილდო მოუტანა, მას შემდეგ პანენკას პენალტი ჰქვია.
1980 – გფრ
იტალია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მეორედ უმასპინძლა ევროპის მთავარ საფეხბურთო ტურნირს. ეს იყო კონტინენტის პირველი 8გუნდა ჩემპიონატი.
ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა გერმანია, გი ტისის ბელგია კი პირველად. ბუნდესგუნდმა ჰორსტ ხრუბეშის დუბლით მოიგო. ჰამბურგის ფორვარდმა მე2 გოლი 89ე წუთზე შეაგდო.
ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელად პირველად აღიარეს ერთდროულად 2 მოთამაშე: 20 წლის ბერნდ შუსტერი და 24 წლის კარლ-ჰაინც რუმენიგე. კალე იმ დროს ევროპაში საუკეთესო იყო – 1980 და 1981 წლებში ოქროს ბურთიც ჩაიბარა.
რამდენიმე თვით ადრე ამ გერმანიამ საბჭოთა კავშირს ამხანაგური გაკვეთილი ჩაუტარა თბილისში: ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე ამხანაგური 3:1 მოიგო.
1984 – საფრანგეთი
ეს პლატინის ტურნირი იყო!
და მძიმე მეტალურგია აქ არაფერ შუაშია – ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგზე, იმ წლების ევროპის უძლიერეს ფეხბურთელზე მიშელ პლატინიზე ვამბობთ, რომელმაც დელონეს თასი ჩაიბარა.
საფრანგეთი პირველად გახდა არათუ ევროპის, ზოგადად, საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული. ის საფრანგეთი მიშელ პლატინის საფრანგეთი იყო და იმ გუნდმა პარიზში, ნანტში, სენტ-ეტიენში, მარსელსა და ისევ პარიზში ზღაპრულად გააგორა ბურთი – 1:0, 5:0, 3:2, 3:2, 2:0!
ამ 14 გოლიდან 9 ნანსიში დაბადებულმა მე10 ნომერმა შეაგდო – არც მანამდე და არც მას შემდეგ 9 ბურთი ევრობომბარდირს არ გაუტანია. ბოლო, მე9 გოლი მიშელმა ფინალში საჯარიმოდან შეუგდო ესპანელთა მეკარე ლუის არკონადას.
1988 – ჰოლანდია
ჰოლანდიამ ევრო 88 წაგებით დაიწყო, მარკო ვან ბასტენმა კი სათადარიგოთა სკამზე.
ჰოლანდიამ ევრო 88 ანრი დელონეს თასით დაასრულა, მარკო ვან ბასტენმა კი საუკეთესო ფეხბურთელის და ბომბარდირის ტიტულებით.
მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე რინუს მიხელსის გუნდი ფავორიტი იყო, მარკომ კი ზღაპრული გოლი გაიტანა! მის დარტყმას, რომელსაც საბჭოელთა მეკარე რინატ დასაევმა ვერაფერი გაუგო, კაიზერ-ფრანცმა – ფრანც ბეკენბაუერმა XX საუკუნის გოლი უწოდა.
ჰოლანდია პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, მიხელსმა კი განაცხადა, რომ 1974 წლის კოშმარი – ამავე სტადიონზე წაგებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, როგორც იქნა დაივიწყა.
1992 – დანია
დანიელი ფეხბურთელები ოჯახებთან ერთად ისვენებდნენ, როცა მათ ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიქარდ მიოლერ-ნილსენი შეეხმიანა და კოპენჰაგენში შეკრება უბრძანა. საქმე ისაა, რომ უეფამ დანია იუგოსლავიის ნაცვლად სულ ბოლო მომენტში დაუშვა ჩემპიონატში.
მერე რაც მოხდა ყველამ იცის: დინამიტმა 4ხჯერ დაიქუხა და ფინალშიც გავიდა.
იქ კი მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია იყო და დანიის მე5 აფეთქებას ბუნდესგუნდიც შეეწირა: ჯონ იენსენმა მე18, კიმ ვილფორტმა კი 78ე წუთებზე 2 გოლი გაიტანეს.
დანიელთა ლიდერი ბრაიან ლაუდრუპი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ჩემპიონთა ფორვარდი ჰენრიკ ლარსენი კი ბომბარდირი გახდა (კიდევ რამდენიმესთან ერთად).
დანიელებმა დაუვიწყარი გამარჯვება კიმ ვილფორტის ქალიშვილს მიუძღვნეს, რომელიც სისხლის მძიმე დაავადებით იტანჯებოდა. ფეხბურთელი ყოველ დღე ბორნით დადიოდა შვედეთიდან შინ მის მოსანახულებლად.
1996 – გერმანია
ბუნდესნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში, თუმცა 4 წლის წინანდელისგან განსხვავებით, ფეხბურთის სამშობლოში თასი მოიგო – დუშან უჰრინის ჩეხეთის ნაკრები ბირჰოფის ოქროს გოლით 2:1 დაამარცხა.
ბუნდესგუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერტი ფოგთსმა თავდამსხმელი 69ე წუთზე მეჰმეთ შოლის ნაცვლად ჩართო თამაშში. იმ დროს ჩეხები პატრიკ ბერგერის პენალტით იგებდნენ, მაგრამ 5 წუთში ბირჰოფმა თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 95ე წუთზე კი კიდევ ერთხელ გაისროლა და ფეხბურთის ისტორიაში პირველი ოქროს გოლიც შეაგდო.
გერმანიის ნაკრების კაპიტანმა იურგენ კლინსმანმა ანრი დელონეს სახელობის თასი ბრიტანეთის დედოფლისგან ჩაიბარა.
რამდენიმე თვით ადრე კლინსმანმა თბილისში გაიტანა 2 გოლი: მისი ზუსტი დარტყმებით გერმანიამ საქართველო გადაჭედილ პაიჭაძეზე დაადუმა – 0:2.
2000 – საფრანგეთი
2 წლით ადრე, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4ფინალში საფრანგეთმა იტალია პენალტების სერიაში დაამარცხა.
ფრანგებმა ევროფინალშიც იმარჯვეს: 103ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ ფრანჩესკო ტოლდოს კარში ოქროს გოლი შეაგდო და აპენინელთა ოცნება დაასრულა.
იტალია, რომელსაც ევრო 68ის გამარჯვებული დინო ძოფი წვრთნიდა, 1982 წელს მოგებული ფიფას ოქროს თასის შემდეგ პირველ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო. სკუადრა აძურა იგებდა კიდეც როტერდამულ ფინალს, მაგრამ მსაჯის დამატებული დროის ამოწურვამდე 11 წამით(!) ადრე სილვენ ვილტორმა ანგარიში გაათანაბრა.
საფრანგეთის ნაკრებმა მეორედ მოიგო კონტინენტის უძლიერესი გუნდი სახელი, ზინედინ ზიდანი კი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ევრო 2000ის დასრულებისთანავე იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა იუვენტუსმა ოქროს გოლის ავტორი ტრეზეგე გადაიბირა.
2004 – საბერძნეთი
ევროპის XII ჩემპიონატი პორტუგალია-საბერძნეთით დაიწყო და ასევე დასრულდა. გახსნის მატჩი ბერძნებმა 2:1 მოიგეს, ფინალი – 1:0. ოტო რეჰაგელის გუნდმა ბერძნული მითების ბოლო თავი დაწერა!
ფინალში, ლისაბონის ულამაზეს და ლუშზე ერთადერთი გოლი გავიდა: ანგელოს ხარისტეასმა 57ე წუთზე თავით დაარტყა ზუსტად. მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი და მისი რჩეული პორტუგალიელები ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ – თასმა პირენეის ნახევარკუნძულიდან ეგეოსის ზღვისკენ გაცურა.
ჩემპიონთა კაპიტანი თეოდოროს ზაგორაკისი ევრო 2004ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, საბერძნეთი კი გახდა პირველი ჩემპიონი, რომელმაც ფლეი-ოფში გოლი არ გაუშვა.
2008 – ესპანეთი
ჯერ რუსეთთან 4:1 იყო. მერე 2:1 შვედეთთან და საბერძნეთთან. 1/4ფინალში იტალიასთან 0:0 და უკეთესად შესრულებული პენალტები. ნახევარფინალში ისევ რუსეთი და ამჯერად 3:0.
გადამწყვეტ თამაშში ლუის არაგონესის ესპანეთი ევროპის 3გზის ჩემპიონის გერმანიის პირისპირ დადგა.
იოახიმ ლიოვის საათივით აწყობილი გუნდი-მანქანა ესპანელებმა მაინც მოშალეს: ერთ მომენტში ჩავიმ ტორესისკენ გააძვრინა ბურთი, ნაცნობ სიტუაციაში კი ელ ნინიომ აუღელვებლად ითამაშა – 1:0.
ფერნანდომ ევროფინალი 17წლამდელებშიც მოიგო და 2 წლით უფროსებშიც და ორივეჯერ გადამწყვეტი გოლი შეაგდო!
ეს იყო ესპანეთის ნაკრების პირველი ტიტული 44 წლის შემდეგ!
ლუის არაგონესი გამარჯვებული წავიდა.
ის ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა.
მასთან ერთად ესპანეთმა 2 წელიწადში მსოფლიოს გადმოხედა.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 25 ივნისი-1 ივლისი)