ჩემი გუნდი: პეტერ შმეიხელი
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გოლიათი დანიელი XX საუკუნის საუკეთესო მეკარეთა ათეულში დაასახელა, სააგენტო როიტერმა კი, გულშემატკივართა გამოკითხვის შემდეგ, შმეიხელი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარა.
მან 8 სეზონი გაატარა ოლდ ტრაფორდზე და 398 მატჩში… 1 გოლი შეაგდო! ასევე ერთი გოლი მიითვალა ნაკრების მაისურით ჩატარებულ 129 მატჩში.
ოლდ ტრაფორდი დანიელმა 1999 წლის ზაფხულში, დაუვიწყარი გაზაფხულის შემდეგ დატოვა: ასოციაციის თასის გათამაშების, პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის მედლებით დაიმშვენა მკერდი და წავიდა.
იმ დროისთვის ის 4ჯერ იყო აღიარებული დანიის საუკეთესო მეკარედ, 3ჯერ – წლის მოთამაშედ, ასევე 3ჯერ სცნო უეფამ ნომერ პირველად, 2002 წელს კი ჩემპიონთა ლიგის პირველი 10 გათამაშების (1992-2002) სიმბოლურ გუნდშიც დაასახელა.
და რაც მთავარია: შმეიხელი იმ საოცარი დანიის კარს იცავდა, ევრო 92 ტრიუმფით რომ დაასრულა.
პეტერ შმეიხელის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: ედვინ ვან დერ სარი
ის ჯერ კიდევ აიაქსში იყო საუკეთესო. იუვენტუსშიც გაიბრწყინა, ოლდ ტრაფორდზე კი უბრალოდ დიდებულად ითამაშა – მანჩესტერელებთან ერთად 3ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ძნელია ეს არ დაინახო.
მგონი, სერ ალექსს ის გაცილებით ადრე უნდა შეეძინა – ვან დერ სარი ფულემში ცოტა უცნაურად ჟღერს.
მარჯვენა მცველი: დან პეტრესკუ
ვთვლი, რომ განაპირა მცველების თამაში სწორედ მან შეცვალა და თუ არ მეშლება, პირველი იყო, ვინც შეტევაში ერთვებოდა. მას ვერავინ აჩერებდა, ძალიან სწრაფი იყო. ის ერთგვარ მოდის კანონმდებლად იქცა.
ცენტრალური მცველი: იააპ სტამი
დიდებული, უბრალოდ დიდებული!
ნაღდი ლიდერი იყო, რომელიც არავის ერიდებოდა. თუ რაიმე არ მოსწონდა, პირდაპირ ამბობდა. სხვათა შორის, ჩვენ არაერთხელ ვიკამათეთ კიდეც, მაგრამ ცხადია, ყველაფერი გასახდელში დარჩა…
ფიზიკურად ძლიერი იყო და დაცვა უყვარდა. საიმედო, შესანიშნავი, უნაკლო მცველი!
ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი
როგორც მეკარეს, მისი თამაში ძალიან, ძალიან მიყვარდა. არასდროს ერიდებოდა ორთაბრძოლებს და ბურთის მოსაგერიებლად არასდროს იხევდა უკან – ფეხით, თავით, მკერდით… მანჩესტერმა ათიანში მოარტყა, როცა ის შეიძინა!
მარცხენა მცველი: პატრის ევრა
ძალიან გამიკვირდა, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა ფრანგი გადაიბირა. ოლდ ტრაფორდზე იმხანად გაბრიელ ჰაინცე თამაშობდა და არცთუ ურიგოდ, მაგრამ მოვიდა ევრა და ნათელი გახდა, თუ რატომ ენდო სერ ალექსი პატრიკს. უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, რომელიც შესანიშნავად ერთვებოდა შეტევაში.
მარჯვენა გარემარბი: კრიშტიანუ რონალდუ
ლისაბონის სპორტინგში რომ გადავედი, მასზე უკვე ბევრი საუბრობდა. პორტუგალიელები მეუბნებოდნენ, რომ კრიშტიანუ ძალიან ნიჭიერი იყო და მალე მთელი მსოფლიო მასზე ისაუბრებდა. ისინი მართლები აღმოჩნდნენ – რაც რონალდუმ ოლდ ტრაფორდზე და სანტიაგო ბერნაბეუზე გააკეთა, უბრალოდ ფასდაუდებელია.
დიდებული მეგოლეა და ულამაზესი გოლი გააქვს. დარწმუნებული ვარ იუვენტუსშიც წარუშლელ კვალს დატოვებს.
ცენტრალური ნახევარმცველი: პატრიკ ვიეირა
ჩემი იუნაიტედის ნომერ პირველი მეტოქე არსენალი იყო და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პატრიკ ვიეირას გარეშე ისინი ვერასდროს იქნებოდნენ ღირსეული კონკურენტები.
ვიეირა ძალიან ძლიერი იყო და როი კინის მსგავსად, შინაგანად ჩემპიონი გახლდათ!
ღმერთო, რა სასიამოვნო იყო კინის და ვიეირას ორთაბრძოლების ცქერა!
ცენტრალური ნახევარმცველი: მიქაელ ესიენი
გული მწყდება, რომ ტრავმების გამო ნაადრევად დაასრულა კარიერა. როცა ფორმაში იყო, შეუცვლელი გახლდათ – პირველიდან ბოლო წუთამდე უტევდა და თავს იცავდა.
არასდროს მინახავს ესიენივით ჯანიანი ფეხბურთელი – არ იღლებოდა და ასე მგონია, 2-3 თამაშს გადაბმულად ჩაატარებდა.
მარცხენა გარემარბი: დავიდ ჟინოლა
90იანი წლების პრემიერლიგის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი!
საოცარი ტექნიკა, სიმსუბუქე, სისწრაფე, დარტყმა… მას ყველაფერი ჰქონდა!
როცა ნიუკასლში 0:5 წავაგეთ, ჟინოლამ საოცარი გოლი გამიტანა – გარი ნევილს თვალის დახამხამებაში გასცდა და ისეთი დაარტყა, ბურთს თვალი ძლივს გავაყოლე!
თავდამსხმელი: ერიკ კანტონა
პრემიერლიგა დღეს რომ მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია, კანტონას დამსახურებაა. 90იან წლებში გაცილებით პოპულარული იყო სერია ა და პრიმერადივიზიონი, ინგლისს კი ერთადერთი მეგავარსკვლავი ჰყავდა და ეს იყო კანტო!
მისნაირი ქარიზმატული სხვა ფეხბურთელი არ მახსენდება. ჩემთვის პატივია, რომ მასთან ერთად ვთამაშობდი ოლდ ტრაფორდზე.
თავდამსხმელი: ტიერი ანრი
ბრილიანტი!
ტიერი ანრი არის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ცენტრფორვარდი!
რა ლამაზად უტევდა!
მხიბლავდა მისი ტექნიკა, სისწრაფე, ბრუნები, დარტყმა…
მას რომ მანჩესტერში ეთამაშა, ოლდ ტრაფორდზე კიდევ რამდენიმე წლით დავრჩებოდი…
საუკეთესო იყო!
სათადარიგოები
ჯანფრანკო ძოლა – მის წინააღმდეგ ყველა მცველი განწირული იყო.
დენის ბერხკამპი – ხანდახან ვფიქრობ, რომ მოედანზე გასვლისას ის თავის სამყაროში ხვდებოდა და ერთი მსახიობის წარმოდგენას გვთავაზობდა.
რიკარდუ კარვალიუ – პორტუს და ჩელსის გამარჯვებების ფუნდამენტი. ჯონ ტერიმ რომ უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა, მისი დამსახურებაა.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
არსენალი საშუალო დონის კლუბი იყო, როცა ის ჰაიბერიზე მივიდა. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა – არსენალი დღეს მსოფლიო გრანდად ითვლება და ეს ვენგერის დამსახურებაა.
ერთადერთი კლუბი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს ორი ათწლეულის განმავლობაში უწევდა კონკურენციას.
ვენგერი ლეგენდაა!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 19 იანვარი)