რობერტის მორიგი რეკორდი
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი საოცარ ფორმაშია და ლამის ყველა ტურში ახალ რეკორდს ამყარებს: გუშინ ბაიერნმა გელზენკირხენში შალკე 04 4:0 გაანადგურა, პოლონელი კი ბუნდესლიგის ისტორიაში გახდა პირველი, ვინც ზედიზედ 8 გასვლით მატჩში გაიტანა გოლი!
გემახსოვრებათ: 17 იანვარს ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის უკვდავი რეკორდი დაამხო, როცა ბუნდესლიგის I წრე 21 გოლით დახურა. მიულერმა 1968-69 წლების სეზონის პირველ ნახევარში 20 გოლი შეაგდო და მას შემდეგ ამ საოცარ შედეგს ვერავინ უახლოვდებოდა.
ერთიც: ფიფას რჩეულმა პოლონელმა 17 ტურში უკვე 23 გოლი გაიტანა, არადა 2018-19 წლების ბუნდესლიგა სულ 22 გოლით დაასრულა.
იმასაც შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ბაიერნის მთავარმა გოლეადორმა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი 34 გოლით ჩაიბარა, ყველა ტურნირზე კი 55 ბურთი შეაგდო.
და კიდევ: ლეონ გორეცკამ ბაიერნის მაისური მეასედ სწორედ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოირგო. 25 წლის ნახევარმცველი 2013-18 წლებში გელზენკირხენის შალკე 04ში თამაშობდა.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 25 იანვარი)