ორი შეცდომის შესახებ

ასეთი ამბავია: ბოლო 3 კვირაა სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოკითხვას ჩავუჯექი და 1991 წლის ჩათვლით ათეულები მოვიძიე.
1964 წელს მოეწყო პირველი გამოკითხვა და მას შემდეგ რჩეული მხოლოდ 1991 წელს არ გამოვლინდა – დეკემბრის ცნობილი მოვლენების გამო სპორტისთვის იმ დროს არავის ეცალა.
სამწუხაროდ, 2020 წლის სპორტსმენიც არ დასახელდა – კოვიდ 19ის გამო არეულ-დარეული სეზონის მანძილზე რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართა და ასეთ დროს რჩეულის გამოვლენა უაზრობა იქნებოდა.

1964-90 წლებში არაერთი სახელოვანი ათლეტი დასახელდა რჩეულად, მაგრამ ამაზე სხვა დროს, ახლა კი ამის თქმა მსურს: 1964-91 წლების საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში, რომელიც სხვადასხვა გამოცემებიდან ვიცით, სამწუხაროდ 2 შეცდომაა.

პირველი – 1967 წელს ჟურნალისტებმა საუკეთესოდ მურთაზ ხურცილავა დაასახელეს, ყველა სიაში კი, რაც აქამდე მინახავს გაზეთებსა თუ წიგნებში, რატომღაც კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძეა მითითებული (1967 წლის გამოკითხვაში ის მე3 ადგილზე გავიდა);

მეორე – ყველგან წერია, რომ 1989 წელს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირმა რჩეული და ათეული არ დაასახელა, არადა გამოკითხვა მოეწყო, გამარჯვებულად კი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძეა აღიარებული.

აქამდე ვიცოდი რომ ლევან თედიაშვილის (1973-74) შემდეგ კახი კახიაშვილი (1992-93) იყო მეორე, რომელმაც ჟურნალისტთა ვერსიით წლის სპორტსმენის ტიტული ზედიზედ მოიგო, არადა აღმოჩნდა, რომ ჯერ ნინო სალუქვაძეს გაუმეორებია თედიაშვილის მიღწევა – 1988 და 1989 წლებში.

და კიდევ: სალუქვაძე ახლა საქართველოს 3გზის საუკეთესო სპორტსმენად უნდა მოვიხსენიოთ – 1988, 1989 და 1999.

ამ შედეგით ქალბატონი ნინო მაია ჩიბურდანიძის რეკორდის თანაზიარი ხდება. ლეგენდარული მოჭადრაკე საქართველოს წლის სპორტსმენად 1978, 1984 და 1986 წლებში დასახელდა და დღევანდლამდე მეგონა, რომ ამ მხრივ ის ერთადერთი გახლდათ.

მოკლედ, ამის თქმა მინდოდა.

იმედია სპორტული ჟურნალისტები მომავალში ამ ამბავს გავითვალისწინებთ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 25 იანვარი)

ka_GEGeorgian