ჩემი ბარსელონა, კამპ ნოუ და ანტონიო გაუდის საჩუქრები
ევრო 2016ის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გიტარების მწარმოებელმა ერთმა ცნობილმა ესპანურმა კომპანიამ ჩემი მეუღლე და მისი მეგობარ-თანამშრომლები თავისთან მიიწვია 4დღიან ღვინისძიებაზე.
ვალენსია, ბარსელონა და რამდენიმე პატარა ესპანური სოფელიც მაშინ მოვინახულე. გიტარების საამქრო და საკრავების ხელით დამზადების პროცესიც საინტერესო იყო, ძველი და ახალი ვალენსიის დათვალიერებაც, კლასიკური გიტარის კონცერტსაც არაუშავდა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ბარსელონის მთავარი ღირსშესანიშნაობები გამოდგა – საგრადა ფამილია, გუელის პარკი და… კამპ ნოუ. ნუ, ამ უკანასკნელის მონახულებაზე ბევრი კარგად დაფიქრდება, მაგრამ ჩემთვის ბარსას სარბიელი აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაში პირველ ნომრად იდგა და ამიტომ, გეგმისთვის არც გადამიხვევია.
ბარსელონას ვალენსიაში გატარებული 4 დღის შემდეგ ვესტუმრე და უცბად, რაც იქაურობაზე შემიძლია ვთქვა, ესაა: ჩემი აზრით კატალონიის ცენტრს ნიუ იორკის შესახებ წლების წინ დაწერილი ერთი კარგი სიმღერა უხდება – რომ ესაა ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს!
რატომ?
იმიტომ, რომ ბარსელონაში უმეტესწილად დიდებული ამინდია;
კალატრავას წინამორბედმა, არანაკლებმა გენიოსმა ანტონიო გაუდიმ ქალაქს სასწაული ტაძარი, სახლები და ბაღი დაუტოვა, რის გამოც ის წელიწადის ნებისმიერ დროს ტურისტებითაა სავსე;
და რაც მთავარია, ლამის ყველა უბანში ძალიან ლამაზი და მყუდრო რესტორანი/კაფე/ბარი/პაბია, დროის სასიამოვნოდ გასატარებლად კი სხვა არც არაფერია საჭირო. საძინებელი მოიცდის.
რამბლაზე არაფერს ვიტყვი – ბარსელონის მთავარი და ულამაზესი ქუჩა ნავსადგურიდან იწყება და პლაჟიდან ქალაქის ცენტრისკენ დაძრულთ, ორივე მხრიდან მკვეთი ვიწრო ქუჩებით ახალი თავგადასავლებისკენ ეპატიჟება.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ბარსელონის ნომერ პირველი მტრის მადრიდის რეალის ოფიციალური საკლუბო მაღაზია სწორედ რამბლაზეა. არ დავმალავ, ძალიან გამიკვირდა ვიტრინებში რეალის ქათქათა მაისურები და ჩემპიონთა თასის ასლები რომ დავინახე.
მის გვერდით იყო ჟურნალ-გაზეთების დიდი მაღაზია, სადაც კარგა გვარიანი თანხა დავტოვე – ევრო 2016ის შესახებ თუ რამე საფეხბურთო გამოცემა ვნახე, ესპანური, გერმანული, ფრანგული, ინგლისური თუ იტალიური, ყველა ვიყიდე!
აჰა, წავედი, წამოვედი და ისევ ფეხბურთამდე მივედი. თუმცა კამპ ნოუმდე გუელის პარკზე გეტყვით.
მას შემდეგ რაც საგრადა ფამილია მოვინახულე (ამ დიდებულ ტაძარს ცალკე წერილი მივუძღვენი ფოტოგალერეით), ზუსტად ვიცოდი, რომ გუელის პარკიც ძალიან ლამაზი და საინტერესო იქნებოდა და მოლოდინი ასი პროცენტით გამართლდა – მართლა მაგარი იყო გაუდი და ქალაქს ფასდაუდებელი სიმდიდრე დაუტოვა მთავარი ტაძრით, ამ პარკით და კიდევ რამდენიმე ულამაზესი სახლით.
დროში რომ არ ვყოფილიყავით შეზღუდულები, პირადად მე გუელის პარკს თავისუფლად დავუთმობდი ერთ დღეს: იმდენად ლამაზი სკვერები და ბილიკებია, ცენტრალური მოედანი ხომ საერთოდ! ისეირნე, ისიამოვნე… დაიღლები? ჩამოჯექი რომელიმე სკამზე, დაისვენე… შემდეგ კვლავ გაისეირნე, ქალაქის და ზღვის ხედებით დატკბი, ათასფერ მონუმენტებს რამდენიც გინდა იმდენი ფოტო გადაუღე…
მოკლედ, გუელის პარკი ულამაზესია და კიდევ ერთხელ რომ ვესტუმრები ამ საოცარ ქალაქს, გაცილებით დიდი ხნით შევრჩები იქაურობას.
პარკის შემდეგ კამპ ნოუს ჯერი დადგა და სტადიონს რომ მოვუახლოვდი, თვალებს არ დავუჯერე: რაც მე ბარსას თამაშები მინახავს გადაჭედილი ტრიბუნების წინ და ყოველთვის მეგონა, რომ ეს იყო რაღაც გრანდიოზული ნაგებობა, ძალიან მაღალი, ცას აწვდენილი, მაგრამ სტადიონს მიახლოვებული სახტად დავრჩი – ჩვენი დინამო უფრო მაღალია, ვიდრე კამპ ნოუ. მიზეზი კი ისაა, რომ მინდორი და პირველი იარუსი ერთგვარ ღრმულშია – ქუჩიდან პირდაპირ მეორე იარუსზე შედიხარ და თუ დაბლა გაქვს ბილეთი, კიბეებით ეშვები შენი ადგილისკენ. მაშინ პირველად ვნახე ასეთი სარბიელი, მერე კი იგივე ვიხილე ბილბაოს სან მამესზეც…
კამპ ნოუმ ყველაზე ძალიან მუზეუმით და პრესისთვის განკუთვნილი ლოჟით მომხიბლა. ჟურნალისტები ისეთ მშვენიერ ადგილზე მუშაობენ, რომ ხელს არავინ უშლით – ზევიდან დასცქერიან მინდორს და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მაღლიდან უყურებენ მოედანზე განვითარებულ მოვლენებს, მაინც ყველაფერი ხელის გულზე აქვთ. სანამ ტურისტები იქაურობას ვათვალიერებდით, სხვადასხვა თამაშების ჩანაწერები ტრიალებდა და ერთთავად მესი, მესი მესმოდა…
საკლუბო მუზეუმი კი ცალკე ამბავია! ვინც იქ ნამყოფი ხართ, შეამჩნევდით რომ მხოლოდ ბარსას საფეხბურთო თასები არაა გამოფენილი, ხოლო მათთვის, ვისაც კამპ ნოუს მონახულების ბედნიერება ჯერ კიდევ წინ აქვს, დავწერ: მუზეუმი ბარსელონის საფეხბურთო, საკალათბურთო, ხელბურთის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის გუნდების ჯილდოებს იტევს. ფეხბურთის თასები ყველაზე მეტია, ლეო მესის ჯილდოებს კი, მათ შორის ოქროს ბურთებს და ოქროს ბუცებს, ცალკე კუთხე ეთმობა.
რატომღაც რომ ასე არ იყოს?!
მუზეუმი სტადიონის ტურის ბოლოსწინა ნაწილია, ყველაფერი კი გრანდიოზული საკლუბო მაღაზიით სრულდება, სადაც ყველაზე ჭირვეული კლინეტიც კი გვარიან თანხას ტოვებს. არ ვიცი ნაღდია თუ არა, არ გადამიმოწმებია, მაგრამ ადრე ერთ ჟურნალში წავიკითხე, რომ კამპ ნოუზე განთავსებული ეს სამსართულიანი ცენტრი საფეხბურთო კლუბების არენებზე მდებარე მსგავს დაწესებულებათა სამეულშია შემოსავლით – მანჩესტერ იუნაიტედის და რეალის საკლუბო მაღაზიების მხარდამხარ…
ბარსელონაში გატარებული ბოლო დღე მხოლოდ პლაჟზე სეირნობას, ესპანური ლუდის წრუპვას და შარლ ბოდლერზე საუბარს დავუთმეთ.
ყველაფერი დიდებულად დაიწყო და მშვენივრად დასრულდა. უკეთესს ვერც ვინატრებდი.
ბარსელონა დიდებულია!
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბარსელონა, ესპანეთი; 2016 წლის 12-14 ივნისი