დიადი: უეინ გრეცკი (II ნაწილი)

1986-87 წლების სეზონის ჩათვლით, ზედიზედ 8ჯერ, ამ ჯილდოს მხოლოდ და მხოლოდ გრეცკი იგებდა, რაც, თქმა არ უნდა, რეკორდია! ისევე როგორც საერთო ჯამში მოგებული 9 ტიტული – კანადელი 1989 წელს კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.

სწორედ ედმონტონში შეხვდა ის გლენ საზერს, ოილერსის ლეგენდას, რომელიც წლების განმავლობაში იყო კლუბის პრეზიდენტი, გენერალური მენეჯერი და ამავდროულად, მთავარი მწვრთნელი.

მისი ხელმძღვანელობით გრეცკიმ 4ჯერ მოიგო ყველაზე პრესტიჟული სტენლის თასი: 1984, 1985, 1987 და 1988 წლებში.

„როცა გამორჩეული მწვრთნელის დასახელებას მთხოვენ, დაფიქრებაც არ მჭირდება – გლენ საზერი საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია! მის მხარდამხარ ედმონტონში 10 ზღაპრული წელიწადი გავატარე. ის არ იყო მხოლოდ მწვრთნელი, მენეჯერი ან პრეზიდენტი, ის ყველა როლს ჩინებულად ითავსებდა და ზედმიწევნით ზუსტად იცოდა როდის რა გაეკეთებინა, რა რჩევა მოეცა… მე თუ მკითხავთ, საზერი ჰოკეის ნამდვილი პროფესორია! კი, ყველაფერი მამაჩემით დაიწყო. მამა, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ეტაპი გახლდათ, საზერი კი მსოფლიო ასპარეზი. განვლილ გზას რომ ვიხსენებ, ასე ვხედავ: მამამ თამაშის საიდუმლოებები ამიხსნა, პირველი გაკვეთილები ჩამიტარა, 17 წლისას კი, თითქოს მომიტრიალდა და მითხრა: რაც შემეძლო გავაკეთე, ახლა გლენი მოგხედავს“.

1988 წელს, სტენლის თასის მეოთხედ მოგების შემდეგ, გრეცკიმ შეიტყო, რომ კლუბს მისი გასხვისება სურდა. უეინმა ეს ამბავი მამისგან გაიგო, რომელსაც თავის მხრივ, ამის შესახებ ოილერსის მესვეურებმა ჯერ კიდევ ფინალური სერიის დაწყებამდე უთხრეს.

გარიგება – ასე შევიდა ჰოკეის ისტორიაში უეინ გრეცკის ის ტრანსფერი. ედმონტონელებმა ლოს ანჯელეს კინგზისგან 15 მილიონი დოლარი, ჯიმი კარსონი, მარტინ გელინასი და 1989, 1991 და 1993 წლებში დრაფტის პირველ წრეში არჩევის უფლება მიიღეს.

ედმონტონ ოილერსი ლეგენდარულმა თავდამსხმელმა უამრავი ტიტულით და 49 რეკორდით დატოვა!

საყვარელი მოთამაშის ამერიკაში გადასვლას კანადელები მტკივნეულად შეხვდნენ, რადიკალებმა გრეცკი ღალატში დაადანაშაულეს, არაერთი კი იმ სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას ითხოვდა, რომლითაც თავდამსხმელი რამდენიმე წლით ადრე დააჯილდოვეს.

საბედნიეროდ, ასეთები ცოტანი იყვნენ: 1988-89 წლების სეზონში, როცა გრეცკი ლოსანჯელესელთა მაისურით დაუბრუნდა ედმონტონს, დარბაზი გადაიჭედა – ფეხზე დამდგარი 17 503 გულშემატკივარი (არც მანამდე და არც მას შემდეგ ამდენი ბილეთი არ გაყიდულა) ხანგრძლივი ოვაციით დახვდა კერპს, სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბის საშინაო არენის წინ მისი ძეგლი დაიდგა.

გრეცკის გამოჩენის შემდეგ ლოს ანჯელეს კინგზის მატჩებზე მაყურებელმა იმატა, თუმცა ანგელოზების ქალაქში კალათბურთი მაინც უფრო პოპულარული იყო. 1996 წლამდე, სანამ სენტ-ლუის ბლუზში გადავიდოდა, გრეცკიმ რამდენიმე სასწაული მოახდინა, მაგრამ გუნდური გამარჯვებით ვერ გაიხარა.

ბლუზში დიდხანს არ გაჩერდა და 1996 წელს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ნიუ იორკ რეინჯერსის წევრი გახდა. ამ კლუბის ლურჯი მაისურით მორიგი რეკორდები მიითვალა, მაგალითად, ლეგენდარულ გორდი ჰოუს ლიგის ყველა დროის ბომბარდირის ტიტული ჩამოართვა, 1999 წლის 18 აპრილს, პიტსბურგ პინგვინსთან 1:2 წაგებულ შეხვედრაში კი კარიერა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს მედისონ სკვერ გარდენში ორი ამერიკული გუნდი დადგა ერთმანეთის პირისპირ, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ კანადის სახელმწიფო ჰიმნიც შესრულდა – პოპულარულმა კანადელმა ბრაიან ადამსმა იმღერა.

ეს ჩემი კარიერის გვირგვინია! – ეტყვის მატჩის შემდეგ გრეცკი ჟურნალისტს და დასძენს – „ჰოკეი მიყვარს, თამაში მსიამოვნებს და მიხარია, რომ ახლაც, უკანასკნელი თამაშის შემდეგ ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორც ლიგაში გატარებულ პირველ დღეს. დედა და მამა, მეუღლე, შვილები, მეგობრები… მე ყოველთვის მათთვის ვთამაშობდი, ისინი ახლაც ტრიბუნაზე არიან. ამას არაფერი სჯობს“!

გრეცკის ზღაპრული მიღწევების და რეკორდების უდიდესი ნაწილი ჰოკეის ნაციონალურ ლიგაზე მოდის, თუმცა ბრენტფორდელი გენიოსი ნაკრებშიც დიდებული იყო.

ეროვნულ გუნდამდე ახალგაზრდული იყო. 1978 წელს მონრეალმა იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა და გრეცკისაც, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის იყო, გუნდში უხმეს. თან, სასტარტო ხუთეულის წევრად, სკამისთვის კი არა.

კანადამ ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, გრეცკიმ კი 17 ქულა მოაგროვა, საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს და ცხადია, სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. მას შემდეგ ლამის ნახევარი საუკუნე გავიდა და ის დღემდე ერთადერთია, რომელმაც ახალგაზრდული მსოფლიო 16 წლისამ 17 ქულით დაასრულა – 8 გოლს + 9 შედეგიანი გადაცემა.

3 წელიწადში ქვეყნის პირველი გუნდის კარი შეაღო: 1981 წელს ნაკრებთა შორის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, კანადის თასზე ითამაშა. აქვე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ კანადის თასი მთავარი საერთაშორისო შეჯიბრება იყო, სადაც საუკეთესო გუნდები უძლიერესი შემადგენლობით ასპარეზობდნენ, მათ შორის NHLის ვარსკვლავებით.

იმ წელს გრეცკი და მისი თანაგუნდელები II ადგილზე გავიდნენ, 1984 წელს კი ლეგენდამ კანადის ნაკრების მაისურით პირველი ტიტული – კანადის თასი მოიგო. 5 გოლით და 7 შედეგიანი გადაცემით გრეცკი ზედიზედ მეორედ გახდა ტურნირის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე.

ლეგენდამ კიდევ 2ჯერ აღმართა კანადის თასი – 1987 და 1991 წლებში, თუმცა საუკეთესო, პროფესიონალთა შეფასებით, მაინც 1987 წლის გათამაშება იყო – კანადასა და საბჭოთა კავშირს შორის ფინალურ სერიაში ყველა დაპირისპირება 6:5 დასრულდა! პირველ ორში გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა: 11 სექტემბერს, მონრეალში საბჭოთა კავშირმა მოიგო, 2 დღის შემდეგ ჰემილტონში კი კანადამ.

15 სექტემბერს მეტოქეები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რუსებმა დიდებულად დაიწყეს – 3:0 დაწინაურდნენ, თუმცა მე2 პერიოდის შემდეგ უკვე მასპინძლები იგებდნენ – 5:4. მე3 პერიოდში საბჭოთა კავშირმა კვლავ გაათანაბრა და მაშინ, როცა დარბაზში მყოფ 17 026, ხოლო ტელეეკრანებთან მიმსხდარ მილიონობით გულშემატკივარს ეგონა, კვლავ დამატებითი დრო დაინიშნებაო, კანადელთა მწვრთნელმა მაიკ კინენმა ყინულზე გრეცკი, მარიო ლემიე და დეილ ჰავერჩუკი შეუშვა.

იმან, რაც მერე მოხდა, გულგრილი არავინ დატოვა: მატჩის დასრულებამდე 1:26 წუთით ადრე ლემიემ უძლიერესად გაისროლა და გამარჯვების შაიბა შეაგდო! იმ გოლს უსწრაფესად გაშლილი შეტევა, გრეცკის შედეგიანი გადაცემა და ლემიეს წამიერი ყოვნი უსწრებდა. მეკარე სერგეი მილნიკოვი უშანსოდ იყო.

გრეცკი-ლემიეს ხსენებული იერიში ყველა დროის საუკეთესოთა შორის სახელდება, კანადური სპორტის ისტორიაში ის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიუმფია, რიგითი ქომაგებისთვის კი ბევრი არაფერია იმ მომენტის ჩანაწერზე უკეთესი სანახავი.

„ძალიან ძლიერი ტურნირი იყო, ფინალური სერია კი ფანტასტიური! ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი უხერხულია, მაგრამ მართლა შთამბეჭდავად ვითამაშეთ. უამრავი გოლი გამიტანია, ბევრი თასი ამიწევია, მაგრამ რასაც მაშინ ვგრძნობდი, სხვა დროს არ დამმართნია“! – გრეცკის ავტობიოგრაფიიდან.

იმ ტურნირზე ლეგენდამ მხოლოდ 3ჯერ გაიტანა, მაგრამ მაინც ყველაზე შედეგიანი ჰოკეისტი გახდა 21 ქულით – მისი პასების შემდეგ თანაგუნდელებმა 18ჯერ შეაგდეს!

ამდენ შედეგიან გადაცემას ბევრი ძალიან მაღალი დონის მოთამაშე მთელი სანაკრებო კარიერის მანძილზე ვერ ასრულებს, გრეცკიმ კი ეს ერთ ტურნირზე მოახერხა. დამატებითი ეფექტისთვის იმასაც გეტყვით, რომ იმ გათამაშებაში პასებით მეორე რუსი სერგეი მაკაროვი იყო – 8 გადაცემა…

1998 წელს უეინმა უკანასკნელად ითამაშა ნაკრებში – პირველად გამოჩნდა თეთრ ოლიმპიადაზე. გეცოდინებათ: ნაგანომდე NHLის ვარსკვლავებს ეს არ შეეძლოთ. კანადელებისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა გუნდი პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა – ბრინჯაოს მედალი ფინეთთან 2:3 წაგების გამო დათმო.

ქვეყნის მთავარი გუნდიდან წასვლისას გრეცკი ნაკრების რეკორდსმენი იყო გოლებით (20), შედეგიანი გადაცემებით (28) და ჯამური ქულებით (48).

მაგრამ ეს ზღვაში წვეთია მის ლიგურ რეკორდებთან შედარებით. ახლაც, 2021 წელს, კარიერის დასრულებიდან 22 წლის შემდეგ, მის გვარს NHLის 60 ოფიციალური რეკორდის გასწვრივ ამოიკითხავთ (არაოფიციალური მიღწევები კი, რასაც ყოვლისმცოდნე სტატისტიკოსები ითვლიან, 100ზე მეტია): 39 რეგულარულ სეზონში, 15 – ფლეი-ოფში, 6 კი ყველა ვარსკვლავის მატჩში:

ყველაზე მეტი შაიბა…

ერთადერთია, ვინც ათასზე მეტჯერ შეაგდო…

წარმოუდგენლად ბევრი შედეგიანი გადაცემა…

ზღაპრული კარიერული ქულები…

The Hockey Newsმა ის 1997 წელს ყველა დროის 100 უძლიერესს შორის პირველ ნომრად დაასახელა…

Sports Illustratedმა XX საუკუნის უძლიერეს ჰოკეისტად აღიარა…

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ საუკუნის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანა…

კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა XX საუკუნის უდიდეს ათლეტად დაასახელა…

უეინ გრეცკი ლეგენდაა!

ლეგენდა, ამ სიტყვით საუკეთესო გაგებით.

უეინ გრეცკი
დაიბადა 1961 წლის 26 იანვარს ბრენტფორდში, ონტარიოს შტატი, კანადა
კლუბები: ტორონტო ნეშენალსი (1975-76), სენეკა ნეშენალსი (1976-77), პეტერბორო პიტსი (1976-77), სოლტ სტეიტ მერი გრეიჰანდსი (1977-78), ინდიანაპოლის რეისერსი (1978-79), ედმონტონ ოლიერსი (1978-88), ლოს ანჯელეს კინგზი (1988-96), სენტ-ლუის ბლუზი (1995-96), ნიუ იორკ რეინჯერსი (1996-99)
ტიტულები: კანადის თასი – 1984, 1987, 1991; სტენლის თასი – 1984, 1985, 1987, 1988; ჰართ მემორიალი (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) – 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 1987, 1989; ლუ კაპლანის თასი (საუკეთესო დებიუტანტი) – 1979; არტ როსის თასი (ყველაზე შედეგიანი მოთამაშე) – 1981, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 1987, 1990, 1991, 1994; კონ სმითის თასი (ფლეი-ოფის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) – 1985, 1988; კანადის საუკეთესო სპორტსმენი (ლუ მარშის თასი) – 1982, 1983, 1985, 1989; კანადის საუკეთესო ვაჟი სპორტსმენი (ლაიონელ კონეიჩერის თასი) – 1980, 1981, 1982, 1983, 1985, 1989, 1999

*-8ჯერ დასახელდა სეზონის პირველ ხუთეულში
*-7ჯერ დასახელდა სეზონის მეორე ხუთეულში
*-ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე – 1983, 1989, 1999
*-მისი ნომერი 99 NHLის ყველა კლუბისთვის ამოღებულია

როცა ჰოკეის გამოეთხოვა, 1999 წელს, უეინ გრეცკი ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) 61 რეკორდს ფლობდა: 40ს რეგულარულ სეზონში, 15ს – ფლეი-ოფში და 6ს – ყველა ვარსკვლავის მატჩებში.
მათგან ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანები ესენია:
რეგულარულ სეზონში:
ყველაზე მეტი გოლი – 894 (1487 მატჩში)
ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში – 92 (1981-82 – 80 მატჩი)
ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა – 1963
ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა ერთ სეზონში – 163 (1985-86 – 80 მატჩი)
ყველაზე მეტი ქულა (გოლი+გადაცემა) – 2857
ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში (გოლი+გადაცემა) – 215 (1985-86 – 80 მატჩი)
ყველაზე მეტი +40 გოლიანი სეზონი – 12
ყველაზე მეტი +50 გოლიანი სეზონი – 9 (მაიკ ბოსისთან ერთად)
ყველაზე მეტი +60 გოლიანი სეზონი – 6 (მაიკ ბოსისთან ერთად)
ყველაზე მეტი +100 ქულიანი სეზონი – 15
ყველაზე მეტი +100 ქულიანი სეზონი ზედიზედ – 13 (1979-80 – 1991-92)
ფლეი-ოფში:
ყველაზე მეტი გოლი – 122
ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა – 260
ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა ერთ ფლეი-ოფში – 31 (1988 – 19 მატჩი)
ყველაზე მეტი ქულა (გოლი+გადაცემა) – 282
ყველაზე მეტი ქულა ერთ სეზონში (გოლი+გადაცემა) – 47 (1985 – 18 მატჩში; 17+30)
ყველა ვარსკვლავის მატჩში:
ყველაზე მეტი გოლი – 13 (18 მატჩში)
ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა – 12 (კიდევ 4 მოთამაშესთან ერთად)
ყველაზე მეტი ქულა (გოლი+გადაცემა) – 25 (13+12)

*-ერთადერთი NHLის ისტორიაში, რომელმაც 2000 და მეტი ქულა დააგროვა.
*-ერთადერთი NHLის ისტორიაში, რომელმაც 3000 და მეტი ქულა დააგროვა (რეგულარული სეზონი + ფლეი-ოფი).
*-ერთადერთი NHLის ისტორიაში, რომელმაც 1000 და მეტი გოლი გაიტანა (რეგულარული სეზონი + ფლეი-ოფი).
*-ერთადერთი NHLის ისტორიაში, რომელმაც 2000 და მეტი შედეგიანი გადაცემა შეასრულა (რეგულარული სეზონი + ფლეი-ოფი).
*-ყველაზე ახალგაზრდა, ვინც 100 გოლი გაიტანა (20 წლის, 40 დღის).
*-ყველაზე ნაკლებ თამაშში შეაგდო 200, 300, 400, 500, 600, 700 და 800 გოლი. ამავდროულად, ყველა შემთხვევაში ყველაზე ახალგაზრდაც იყო.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 იანვარი)

ka_GEGeorgian