აირტონ სენას დღე სან პაულუში
აირტონ სენას ხსოვნას სან პაულუში, ინტერლაგუშის ტრასაზე რამდენიმე ღონისძიებით მიაგეს პატივი.
ლეგენდარული ბრაზილიელი პილოტი, რომელმაც 1988, 1990 და 1991 წლებში 3-ჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, 25 წლის წინ, 1 მაისს დაიღუპა სან მარინოს გრან პრის დროს.
ფორმულა 1-ის ქომაგებმა 5 და 10 კილომეტრზე მოაწყეს გარბენი, ფორმულა 2-ის პილოტმა სერხიო სეტე კამარამ ფანებს მაკლარენ სენას სპორტული პროტოტიპი წარუდგინა, პილოტის ოჯახმა კი სენას კომბინიზონების, კარტების, თასებისა და სხვადასხვა ნივთების გამოფენა მოაწყო.
…1993 წლის მიწურულს ოფიციალურად ითქვა, რომ მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი აირტონ სენა მომდევნო სეზონს უილიამს-რენოში დაიწყებდა.
ბრიტანული გუნდი იმხანად საუკეთესო იყო და ყველამ ლამის ერთხმად აღიარა, რომ ბრაზილიელი 1994 წლის სეზონის მთავარი ფავორიტი იქნებოდა.
ჩემპიონატი კი იმაზე ცუდად დაიწყო, ვიდრე ჟურნალისტები, რბოლის სპეციალისტები და თავად სენა იფიქრებდა: პირველ ეტაპზე, ბრაზილიაში, „წვიმის კაცი“ ბოლიდის პრობლემის გამო გამოეთიშა რბოლას. 3 კვირის შემდეგ, იაპონიაში, სენას სტარტზევე შეემთხვა ავარია – ჯერ მიკა ჰაკინენს დაეჯახა, მერე ნიკოლა ლარინის და რბოლაც შეწყვიტა.
აპრილის მიწურულს გუნდები სან მარინოში შეიკრიბნენ – 1 მაისს, იმოლაზე, ენცო და დინო ფერარების სახელობის ტრასაზე სეზონის მე-3 დიდი პრიზი უნდა გათამაშებულიყო.
29 აპრილს, სატესტო რბოლისას რუბენს ბარიკელოს მძიმე ავარია შეემთხვა: საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრასიდან გადავარდა. ის დაჟეჟილობით და გატეხილი ცხვირით მოათავსეს საავადმყოფოში.
30 აპრილს, საკვალიფიკაციო რბოლაში იღუპება 33 წლის ავსტრიელი როლანდ რაცენბერგი. სიმტეკის პილოტი ძალიან მაღალი სიჩქარით შევიდა მოსახვევში… გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იყო.
რბოლის წინ ყოველთვის საზეიმო განწყობაა ხოლმე, მაგრამ 1 მაისს ყველა დათრგუნული გახლდათ. რაც უნდა იყოს, ადამიანის სიკვდილი მოუშუშებელი ტრაგედიაა.
სან მარინოს გრან პრის მე-7 წრეზე, ტამბურელოს მოსახვევში, აირტონ სენას უილიამს-რენო ტრასიდან მოწყდა და ძალიან მაღალი სიჩქარით შეასკდა დამცავ ბეტონის კედელს.
ბოლიდი დაიმსხვრა, პილოტი კი გაუნძრევლად იჯდა კოკპიტში. ეს მერე გახდა ცნობილი, რომ იმ დროს სენა ცოცხალი აღარ იყო. ბრაზილიელი ტრასიდან სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, დაახლოებით 7 საათზე კი ოფიციალურად ითქვა, რომ აირტონ სენა გარდაიცვალა.
ლეგენდარული პილოტი 34 წლის იყო.
იმ ზაფხულს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა მეოთხედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი. 24 წლიანი შესვენების შემდეგ მოგებული ფიფას ოქროს თასი სელესაომ აირტონ სენას ხსოვნას მიუძღვნა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 მაისი)