აკსელ ლუნდ სვინდალი ბრწყინვალე კარიერას ასრულებს

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სამთო მოთხილამურემ აკსელ ლუნდ სვინდალმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს. პლანეტის პირველობას 5-17 თებერვალს შვედეთი უმასპინძლებს.

2-გზის ოლიმპიურმა და 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონმა სვინდალმა განაცხადა, რომ დიდ სპორტს ზურგის ტრავმის გამო ეთხოვება.

„ტკივილი ნორმალურად ასპარეზობის საშუალებას არ მაძლევს, მე კი არ მსურს მხოლოდ მონაწილეობით დავკმაყოფილდე. მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლა მიზიდავს და თუ ამას ვერ შევძლებ, სრიალს რა აზრი აქვს“? – განაცხადა ნორვეგიელმა სპორტსმენმა.

36 წლის სვინდალი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო ვანკუვერსა (2010) და პიონჩანში (2018) მოიგო, პირველი სამთო მოთხილამურეა, რომელმაც ზედიზედ ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო ოქროს მედალი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 იანვარი)

ka_GEGeorgian