ალბერვილი… 1992…
იმ პერიოდის გახსენება დიდად არ მსიამოვნებს, მაგრამ მიმდინარე ოლიმპიადის ხათრით, მივუბრუნდები: 1992 წლის ზამთარში, საითაც არ უნდა გამეხედა, კარგს ვერაფერს ვხედავდი. თბილისის ომი ახალი დამთავრებული იყო, ქალაქის გული – გადამწვარ-განადგურებული… რიგები ლამის ყველა მაღაზიასთან… გაჭირვება, უშუქობა, უწყლობა, სიცივე… და ამას დამატებული გახშირებული მკვლელობები და ლამის ყოველდღიურობად ქცეული ყაჩაღობა…
საზიზღარი დრო იყო, დავიწყებისთვის ადვილად გასამეტებელი. იმ დაწყევლილი მეცხრე ბლოკის გადამკიდე ნაღდი სიხარულები გამიუფერულდა – შუქის ორი-სამი საათით მოსვლაც მაბედნიერებდა…
მაგრამ ეს ჩვენთან იყო ასე, აი დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყნებში კი სპორტით ცხოვრობდნენ – საფრანგეთის სამთო კურორტი ალბერვილი ზამთრის XVI თამაშებს, თეთრ ოლიმპიადას მასპინძლობდა. მსოფლიო ხარობდა, საქართველო კი თამაშგარეში იყო. ნაცნობი სურათი.
და რა უნდა ქნას ასეთ დროს 13 წლის ბიჭმა, ვისთვისაც სპორტი თავშესაფარია, ვისაც იმ ფერად სამყაროსთან ზიარება სურს, მაგრამ ერთადერთი საშუალება – ტელევიზორი, უშუქობის გამო უსარგებლოდ უდგას?!
რა და ალბათ ის, რაც მე გავაკეთე ზუსტად ოცდაათი წლის წინ – 1992 წლის 8 თებერვლიდან თამაშების საზეიმო დახურვის ჩათვლით, სპორტზე ჩემსავით შეყვარებულ ბავშვობის მეგობართან გადავსახლდი – სკოლის მერე ლამის მთელ დღეს, უკანასკნელი ტელერეპორტაჟის ბოლომდე, მასთან ვატარებდი. იმიტომ რომ ცხონებულმა მამამისმა დიდი გენერატორი იყიდა, რომელიც მთავარ პრობლემას მარტივად გვიგვარებდა – პატარა ტელევიზორი საჭირო დროს საჭირო არხზე იყო მომართული.
ალბერტო ტომბა, ბიორნ დელი, დებორა კომპანიონი, გუნდა ნიმანი, კატია ზაიცინგერი, ბონი ბლერი, ტონი ნიემინენი, მარკ ჯირარდელი, კრისტი იამაგუჩი, კიეტილ ანდრე ამოდტი, ნენსი კერიგენი, ტონია ჰარდინგი, სურეია ბონალი, იოჰან ოლავ კოსი…
ეს სახელოვანი სპორტსმენები სწორედ იმ ცივ და ნაცრისფერ დღეებში, იმ დალოცვილი გენერატორის წყალობით გავიცანი.
92ის თებერვალში გავიგე პირველად კერლინგის და შორტ ტრეკის შესახებ…
იმ დღეებში გავარკვიე, თუ რა განასხვავებდა ბობსლეის და ციგაობას…
მაშინ ვცადე პირველად ჰოკეის შეყვარება – ამაოდ (დღემდე)…
ოლიმპიური ჩირაღდნით და პატარა ბიჭუნასთან ერთად სტადიონზე შესული მიშელ პლატინიც ალბერვილიდან მახსოვს და ნიკოლა ბოშატეს ტრაგედიაც – ჩქაროსნული თხილამურობის ოლიმპიური ამბიცია ამ უკანასკნელის გარდაცვალებით დასამარდა. თუ არ მეშლება, საბედისწერო ჩასრიალების კადრებიც გვიჩვენეს – როგორ აკრიფა ნიკოლამ წარმოუდგენელი, სპორტისთვის უჩვეულო სიჩქარე და როგორ შეასკდა თოვლსატკეპნ მანქანას…
ლელო იშვიათად გამოდიოდა. ამიტომ მე და კოსტა ასპარეზობების შედეგებს პირდაპირ ტელერეპორტაჟების მსვლელობისას ვიწერდით. საერთო რვეულები გვქონდა, დროშებით და ცხრილებით აჭრელებული. რის შედეგებს არ იპოვიდით იქ: საფეხბურთო მატჩები, ზაფხულის და ზამთრის ოლიმპიადები, „მისი“ ჩიკაგო ბულზი და „ჩემი“ ლოს ანჯელეს ლეიკერსი, „მისი“ მონიკა სელეში და „ჩემი“ შტეფი გრაფი, „მისი“ აირტონ სენას მაკლარენი და „ჩემი“ ჟან ალეზის ფერარი…
რამდენიმე წლის შემდეგ ჰობი საქმედ იქცა და იმ რვეულებსაც მაკულატურაში გადავუძახე. დღეს კი ვნანობ, მაგრამ აბა, ახლა რაღას შევცვლი?!
მთავარია რომ მოგონებები ცოცხალია!
იმ დღეების შემდეგ აგერ ოცდაათი წელიწადი გავიდა, მაგრამ როგორც ყველაფერი პირველი, ის ზამთრის ოლიმპიადაც წარმოუდგენლად ძვირფასი და ფერადია.
1992 წლის თებერვალი…
გადათეთრებული ალბერვილი…
ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა, ბიათლონი, ფიგურული სრიალი, სამთო თხილამურობა…
ტომბა, დელი, ჯირარდელი, კომპანიონი, კერიგენი, ბონალი, კოსი…
ისინი საფრანგეთში, ჩვენ – საქართველოში…
ორი წლის შემდეგ, ლილეჰამერში, საოცნებო სპორტულ ზეიმს საქართველოც შეუერთდა – სამფერი დროშით, რამდენიმე სპორტსმენით და უკეთესი მომავლის იმედით.
არც იმ ზამთარში მილხინდა, მაგრამ რა შედარებაა – უკვე სარბიელი გამოდიოდა.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 8 თებერვალი)