ალჟირმა დაასრულა
ალჟირის ნაკრების დაუმარცხებელი სერია 36ე თამაშში შეწყდა: ეკვატორული გვინეის ნაკრების ფორვარდის, ესტებანის ზუსტ დარტყმას (70ე წუთზე) რჩეულმა მელიებმა ვერაფრით უპასუხეს – 0:1.
ასე და ამგვარად, 2018 წლის 18 ნოემბრიდან 2022 წლის 16 იანვრამდე ალჟირმა ზედიზედ 35ჯერ ითამაშა დაუმარცხებლად, რაც მსოფლიოს არა და აფრიკის რეკორდი კი არის.
შავი კონტინენტის ჯერ კიდევ მოქმედი ჩემპიონი, როგორც ჩანს, ცუდ ფორმაში შეხვდა პირველობას, რადგან ჯგუფის სტარტზე ჯერ სიერა ლეონეს ვერ აჯობა (0:0), მეორე ტურში კი სულაც მსოფლიო რეიტინგის 114ე გუნდთან დამარცხდა. უკანასკნელ ტურში ალჟირი ლიდერ კოტ დივუარს ხვდება და ფლეი ოფში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ალჟირმა მსოფლიო რეკორდი ვერ გააუმჯობესა, მაგრამ იმ 35 მატჩით იმ ოთხ გუნდს შეუერთდა, რომლებსაც 30 და მეტმატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდათ.
მსოფლიო რეკორდი შარშანდელია: ის იტალიის ნაკრებს ეკუთვნის, რომელმაც 2018-2021 წლებში ზედიზედ 37ჯერ ითამაშა დაუმარცხებლად და რეკორდის მიწურულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, 1968 წლის შემდეგ პირველად.
რობერტო მანჩინის გუნდმა 6 სექტემბერს გააუმჯობესა ბრაზილიის (1993-1996) და ესპანეთის (2007-2009) ნაკრებთა 35მატჩიანი მიღწევა. ამ სამი გუნდის გარდა მინიმუმ 30თამაშიანი დაუმარცხებელი სერია მხოლოდ არგენტინას აქვს – 1991-1993 წლებში სამხრეთამერიკელებს ზედიზედ 31 შეხვედრაში ვერავინ სძლია.
რაც შეეხება ფეხბურთის ისტორიაში პირველ გუნდს, რომელმაც 30 თამაშიან ნიშნულს დაუმარცხებლად მიაღწია, ეს ისევ იტალია იყო: 1935-1939 წლებში ვიტორიო პოცოს გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ ამ საოცარი სვლისას ბერლინის ოლიმპიადა (1936) და საფრანგეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი (1938) მოიგო.
ადვილად აღსაქმელი რომ გახდეს, რეკორდს და საუკეთესო მიღწევებს ჩამოვწერ:
37 – იტალია (2018-2021)
35 – ბრაზილია (1993-1996), ესპანეთი (2007-2009), ალჟირი (2018-2022)
31 – არგენტინა (1991-1993)
30 – იტალია (1935-1939)
ბოლოს კი საუკეთესო მოქმედ სერიაზე:
ყველაზე შთამბეჭდავი, 27მატჩიანი, არგენტინას აქვს: 2019 წლის 2 ივლისის შემდეგ თეთრ-ცისფრები აღარ აგებენ. ლიონელ სკალონის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატამდე ხუთი მატჩი აქვს დაგეგმილი: ოთხი კატარი 2022ის საკვალიფიკაციოში (ჩილე, კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორი), მეხუთე კი 1 ივნისს, ეგრეთ წოდებული ფინალისიმა იტალიასთან: სამხრეთ ამერიკის და ევროპის უძლიერესი გუნდები ლონდონში ითამაშებენ.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 20 იანვარი)