ამბები საჭადრაკო სამყაროდან: ქვარიანი, ჰეიდენი და კუბრიკი

საჭადრაკო ჟურნალ Chess Review-ს 1956 წლის მარტის ნომრის გარეკანს ეს საინტერესო ფოტო ამშვენებს: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კოლა ქვარიანი (მარცხნივ) მსახიობ სტერლინგ ჰეიდენს ეთამაშება, მათ პაექრობას კი სახელგანთქმული რეჟისორი სტენლი კუბრიკი აკვირდება.

კუბრიკმა ქვარიანი და ჰეიდენი იმავე წელს გადაღებულ ფილმში – მკვლელობა – ათამაშა, სადაც ქართველმა გოლიათმა რუსი მოჭიდავის მორის ობუხოვის როლი შეასრულა…

1903 წლის 16 იანვარს ქუთაისში დაბადებული ქვარიანი XX საუკუნის 30-იან წლებში ჯერ ევროპაში ჭიდაობდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც მალევე გახდა პოპულარული. 50-იან წლებში Chess Review წერდა, რომ ქვარიანი ერთადერთი ამერიკელი მოჭიდავე იყო, რომელმაც ჭადრაკის თამაში იცოდა.

კოლა (ნიკოლოზ) ქვარიანი 1980 წლის თებერვალში, ნიუ იორკში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლაშა გოდუაძე (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 2 აპრილი)

ka_GEGeorgian