ამერიკა ანდრეესკუსია!

6:3, 7:5 – 19 წლის კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმ ამ ანგარიშით დაამარცხა ლეგენდარული სერენა უილიამსი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო!

თინეიჯერმა ჩემპიონთა დიდებულად ჩაატარა ფინალი და თუ მეორე სეტში, 5:1-ზე ხელიდან გაშვებულ ბრწყინვალე შანსს არ ჩავთვლით, მთელი შეხვედრა კონცენტრირებულად, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.

სერენა უილიამსმა 2 მატჩ-პოინტი გადაარჩინა, პირველის შემდეგ, 1:5-ზე, 2 ბრეიკიც აიღო და თითქოს დაბრუნდა კიდეც მატჩში, მაგრამ ეს იყო და ეს – 5:6-ზე თავის მოწოდება წააგო.

2019 წელს ბიანკა ანდრეესკუ WTA-ის რეიტინგის პირველი ათეულის წევრებთან ჯერ არ დამარცხებულა!

ხვალ კი, შეგახსენებთ, ვაჟთა ფინალია: დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი სლემის ფინალში პირველად გასული დანიილ მედვედევის წინააღმდეგ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 სექტემბერი)

ka_GEGeorgian