ამერიკული დღიური: დოლბის თეატრში – And the Oscar goes to…

ეს ფოტო იმ წელს გადაიღეს, როცა აქ პირველად გაიმართა ოსკარებით დაჯილდოება. მაშინ საუკეთესო მსახიობ ქალად ჰოლი ბერი დაასახელეს. თუ გახსოვთ, რომელი ფილმისთვის მიიღო მან ოსკარი? – გვკითხა მასპინძელმა, როცა ჰოლი ბერის ფოტოსთან შევჩერდით.
ფილმის სახელი ზუსტად ვერ გავიხსენე, მაგრამ იმ მხიარულ ქალბატონს ვუპასუხე, სახელწოდებაში, თუ არ ვცდები, მონსტრები ურევია-მეთქი. მართალი ბრძანდებით, ჰოლი ბერი „მონსტრების მეჯლისისთვის“ დაჯილდოვდაო, მიპასუხა და იქვე იხუმრა, ერთი ოსკარი ჩემგანო.

დოლბის თეატრი, რომელიც სპეციალურად ოსკარის ცერემონიებისთვის აიგო და 2002 წლიდან უცვლელად მასპინძლობს ყველაზე პოპულარულ კინოდაჯილდოებას (ერთადერთი გამონაკლისი 2021 წელს მოხდა, კოვიდ-პანდემიის გამო), დაახლოებით ერთი თვის წინ მოვინახულეთ.

კვირას, 2 მარტს, იქ კვლავ შეიკრიბებიან კინოსამყაროს კარგად თუ ნაკლებად ცნობილი წარმომადგენლები, 97-ე ცერემონიის ნომინანტები და რჩეულებს გამოავლენენ. მათზე სხვებმა ისაუბრონ, მე კი ამ მშვენიერ დარბაზში გატარებულ ერთ საათს გავიხსენებ.

ერთი დღით ადრე პირველად მოვხვდი ჰოლივუდის ბულვარზე. ლოს ანჯელესის ერთ-ერთი მთავარი და, ალბათ, ყველაზე ცნობილი გამზირის ორივე მხარეს, ტროტუარზე, ფილებს შორის უამრავი ვარსკვლავია ჩასმული. ისინი მსახიობებს, მომღერლებს, რეჟისორებს, ანიმატორებს და შოუბიზნესის სხვა სფეროების წარმომადგენლებს ეძღვნებათ. არაერთი ფოტო გადავიღე, უფრო მეტი ვერ მოვასწარი და მეორე დღეს ამიტომაც მივბრუნდი. ბულვარის ლამის ნახევარი რომ გავლიეთ, უშველებელ სავაჭრო ცენტრთან შევჩერდით – Ovation Hollywood, ასე ეწოდება იმ ნაგებობას. დოლბის თეატრი სწორედ მასშია განთავსებული, ოსკარების პრეტენდენტები 2 მარტს სწორედ მისკენ დაიძრებიან.

დოლბის თეატრის ტური, რომელიც დაახლოებით ორმოცდახუთი წუთი გრძელდება, ოცდაშვიდი დოლარი ღირს. ჩვენც ბილეთები ვიყიდეთ და მთავარ კართან ავედით იმ კიბეებით, რომელიც კარსმომდგარი ცერემონიის დროს წითელი ხალიჩით იქნება დაფარული.

„ოსკარების დღეს სტუმრები დაახლოებით ორმოც წუთს ანდომებენ ათი წუთის სავალს. ეს იმიტომ, რომ ტელემაყურებელს არსად ეჩქარება და ვარსკვლავების კარგად შეთვალიერება სურს“, – აგვიხსნა გიდმა ტურის დასაწყისში.

კიბეების ორივე მხარეს სვეტებია, რომლებზეც ოსკარით აღნიშნული ყველა ფილმის სახელწოდებაა დატანილი. მომდევნო წლების ცარიელი ჩარჩოები 2071 წლის ჩათვლით მზადაა, აი 2072 წლის საუკეთესო ფილმის სახელს სად დაწერენ, ეგ უკვე აღარ ვიცი.

პირველ სართულზე გიდმა ცერემონიის ზოგადი ისტორია გაგვაცნო და ფოტოები დაგვათვალიერებინა. გვითხრა ისიც, რომ დოლბის თეატრი ერთ-ერთი უდიდესია ამერიკაში, შემდეგ კი ხვეული კიბით იმ დარბაზისკენ გაგვიძღვა, სადაც ოსკარების დღეს მხოლოდ ძალიან პატივცემული საზოგადოება იკრიბება, ნახევრად უკვდავები, ეგრეთ წოდებული VVIP. ოვალურ დარბაზში, რკალისებური ბარით და დიდი მონიტორით, კომპანია დოლბის დამაარსებლის, რეი დოლბის ოსკარიც ვნახე, ორიგინალი. ამერიკელი ინჟინერი, რომლის გამოგონებებმა კინოგახმოვანება ახალ სიმაღლეზე აიყვანა, 1989 წელს, 61-ე ცერემონიის დროს დააჯილდოვეს.

ბარზე შამპანურის რამდენიმე ბოთლი იდო. გიდმა გვითხრა: Piper-Heidsieck ჩვენი ცერემონიის ერთ-ერთი მხარდამჭერია, შამპანურს სპეციალურად ოსკარისთვის ამზადებს. მას ვერსად შეიძენთ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ღონისძიებისთვის და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება.

უძველესი ფრანგული კომპანია Piper-Heidsieck იმითაცაა ცნობილი, რომ შამპანურის პირველი მწარმოებელია, რომელიც ფილმში „გამოჩნდა“, 1933 წელს გადაღებულ Sons of the desert-ში. 1993-2020 წლებში ის კანის კინოფესტივალის მხარდამჭერი იყო და რადგან სპორტთანაც გადაჯაჭვულია, ამაზეც დავწერ: 2019 წლიდან Piper-Heidsieck ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონიაზე, ჩოგბურთში კი ავსტრალიის ღია პირველობასა და პარიზის მასტერსზე მიწვეულ ზეპურ საზოგადოებას უმასპინძლდება…

შემდეგ მთავარი დარბაზის ერთ-ერთ კართან მივედით. გიდმა გვითხრა: „ცერემონიის დღეს აქ ისინი იცდიან, რომლებიც სტუმართა სიაში ვერ მოხვდნენ, მაგრამ შოუზე დასწრება სურთ. დაჯილდოება, გეცოდინებათ, რამდენიმე საათს გრძელდება. ტელერეპორტაჟი უწყვეტად გადაიცემა, საათობით ჯდომა კი ბევრს არ შეუძლია და სარეკლამო ჭრის დროს ზოგიერთები ნაადრევად გამოდიან. და რადგან რეჟისორებს ცარიელი ადგილების ხილვა არ უნდათ, გამოსავალიც მოიფიქრეს: როგორც კი დარბაზიდან ვინმე გადის, მათ ადგილზე იმათ უშვებენ, ვინც აქ იცდის. რომ იცოდეთ, არც აქ მოხვედრაა იოლი, სათადარიგო სტუმრების სია წინასწარაა შეთანხმებული საორგანიზაციო კომიტეტთან“.

უნდა ვთქვა, რომ დარბაზში შესვლის მომენტი ძალიან შთამბეჭდავი იყო. ალბათ იმიტომ, რომ სულ ერთი წამით თავი ცერემონიაზე მიწვეულ კინოვარსკვლავად წარმოვიდგინე. ისე, წინა რიგებში რამდენიმე რეჟისორის და მსახიობის ფოტოც  დაგვახვედრეს, იმის მიხედვით, თუ ვინ სად იჯდა შარშანდელი ცერემონიის დროს. მე ერთ-ერთი ღვაწლმოსილი რეჟისორის გვერდით მოვკალათდი, ნინო კი თავის დიმიტრი გელოვანს ჩაეხუტა…

„ჩვენი დარბაზი 3332 სტუმარზეა გათვლილი და ტევადობის მხრივ მესამეა ამერიკაში. თეატრის სცენა სიგანეში 34, სიღრმეში კი 18 მეტრია. ამ და კიდევ უამრავი მიზეზით, აქ ხშირად იმართება ტექნიკური თვალსაზრისით ურთულესი წარმოდგენები“, – გვითხრა გიდმა და სცენაზე აგვიძღვა. იქედან დარბაზი კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა და წარმომიდგენია რა შთამბეჭდავი სანახაობა იშლება შოუს წამყვანებისა და სცენაზე მყოფებისთვის.

მასპინძელმა ის ადგილიც გვაჩვენა, სადაც ცერემონიის მსვლელობის დროს ოსკარები და კონვერტები დევს. „ყველაფერი მკაცრად კონტროლდება, ის ორი ადამიანი კი, ვინც გამოკითხვის შედეგები დაითვალა და საუკეთესოები გამოავლინა, ღონისძიების მსვლელობის დროს აქედან ფეხს არ იცვლის. კონვერტების გახსნამდე მხოლოდ მათ იციან გამარჯვებულთა სახელები“.

მე 2017 წელს მომხდარ გაუგებრობაზე ვკითხე, როცა წლის ფილმად ჯერ ჩემი ფავორიტი ლა ლა ლენდი გამოაცხადეს (დემიენ შაზელის ულამაზესი ფილმი სარეკორდო, თოთხმეტ ოსკარზე იყო ნომინირებული), მაგრამ რამდენიმე წამში მოიბოდიშეს, შეცდომა მოგვივიდა, ჯილდო Moonlight-მა მიიღოო.

„კონვერტები აერიათ, სხვა არაფერი. დასანანი შეცდომა იყო, ჩვენ რომ არ გვეკადრება, ისეთი! როცა გამარჯვებულად ლა ლა ლენდი დაასახელეს, Moonlight-ის შემოქმედებითი ჯგუფი დარბაზიდან გავიდა. ოსკარის მოპოვების შესახებ მათ სწორედ იქ შეიტყვეს, სადაც ჩვენი ტურის დასაწყისში ჩაგიყვანეთ – დოლბის დარბაზში შამპანურს მიირთმევდნენ და ეკრანიდან გაიგეს, რომ გაიმარჯვეს. უნდა გენახათ რა ამბავი ატეხეს, მათი ყვირილი დარბაზშიც ისმოდა“.

გიდმა ისიც გვითხრა, რომ კინოაკადემიის წევრები მონაცვლეობით ესწრებიან სანახაობას. კავშირი დაახლოებით ათ ათას წევრს აერთიანებს, შოუს დღეს კი ორგანიზაციაზე მხოლოდ ორი ათასი ადგილია გამოყოფილი. ამიტომაც, მსურველებს რიგში ჩადგომა უწევთ. სია ყოველ წელს იცვლება და მას, ვისაც წელს გაუმართლა, მომდევნო ცერემონიაზე დასასწრებად სამი წლით ლოდინი მოუწევს.

ჩვენი ტურის ერთ-ერთი წევრის შეკითხვას კი, კინოს რიგითი მოყვარული თუ შეიძლება რომ დაესწროს ცერემონიასო, ქერათმიანმა ქალბატონმა ღიმილით უპასუხა: „მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსურველი რომელიმე ნომინანტის მეუღლე ან თანმხლები მეგობარია. სხვა გზა არ არსებობს, ოსკარზე დასასწრებად ბილეთები არ იყიდება“.

საუბარ-საუბარში იმ ლიფტში მოვხვდით, რომლის კაბინა ცერემონიის დღეს წითელი ნაჭრითაა დაფარული. შოუს მსვლელობისას იქ ჟურნალისტი და ოპერატორი მუშაობს. ლაურეატები პირველ ემოციას მათ და ტელემაყურებელს უზიარებენ.

ჩვენი ტური სულ ზედა, მეოთხე სართულზე დასრულდა. ლიფტიდან გამოსული გამარჯვებული, წითელი ხალიჩით დაფარული დერეფნის გავლით, ეგრეთ წოდებული ოსკაროსნების დარბაზისკენ მიემართება. დერეფნის კედლებზე და დარბაზში სხვადასხვა წლების ცერემონიის ოფიციალური პლაკატები და ფოტოებია გამოფენილი. გიდის თქმით, ამ გზას მხოლოდ გამარჯვებულები გადიან. სხვებს, რაც უნდა სახელოვანი და დამსახურებული არტისტები იყვნენ, ზევით ასვლის უფლება არ აქვთ.

ოსკაროსნების დარბაზში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამბის ამსახველი ფოტო გადავიღე. 1976 წლის ცერემონიის წინ ჯეკ ნიკოლსონი ლუის ფლეტჩერს შეჰპირდა, საღამოს, ოსკარებს რომ მივიღებთ, შენი ფეხსაცმლიდან შამპანურს შევსვამო. ასეც მოხდა, ორივე დააჯილდოვეს. ჯეკმაც სიტყვა შეასრულა, ფოტოგრაფმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ახლა არ მკითხოთ, რა როლებისთვის დააფასეს ნიკოლსონი და ფლეტჩერი. წელს იმ დიდებული ფილმის ნახევარსაუკუნოვანი იუბილეა. თუმცა, ორმოცდაათი წელიწადი ასეთ შთამბეჭდავ ნამუშევართან რა სახსენებელია?

ლაშა გოდუაძე
ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი
2025 წლის 28 თებერვალი

ka_GEGeorgian