ამერიკული დღიური: პეტერსენის საავტომობილო მუზეუმი
1942 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, რობერტ პეტერსენმა ჰოლივუდში, მეტრო გოლდვინ მეიერის სტუდიაში წერილების დამტარებლად დაიწყო მუშაობა. მალე ამერიკა მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო და უფროსი თანამშრომლები ჯარში გაიწვიეს, ბიჭი კი, რომელსაც წერა ეხერხებოდა, ოფიციალური ტექსტების ავტორად, სტუდიის პრესცენტრში დააწინაურეს.
ავტომობილებისადმი სიყვარულიც მაშინ გაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე წერს მუზეუმის შესახებ გამოცემულ წიგნში: კინოსტუდიის პავილიონებში საოცნებო მანქანებს ვხედავდი, ამას MGM-ის ფილმებში მიწვეული ვარსკვლავების ავტომობილებიც ემატებოდა და გაზეთის გამოცემაც მაშინ ჩავიფიქრე, რადგან იმ დროს მსგავსი არაფერი გამოდიოდაო.
გეგმა მხოლოდ ჯარიდან დაბრუნების შემდეგ განახორციელა. 1948 წელს პირველი, რვაგვერდიანი ბუკლეტი დაბეჭდა და თითო 25 ცენტად გაყიდა. ორ წელიწადში ეს რვა გვერდი, რომელსაც Hot Rod დაარქვა, ჟურნალად გადაიქცა, ტირაჟმა კი მალე 150 ათასს გადააჭარბა. კიდევ რამდენიმე წელიწადში პეტერსენის გამოცემა ამერიკელი ავტომოყვარულებისთვის მთავარ ჟურნალად გადაიქცა, რომელსაც ნელ-ნელა მანქანების და მოტოციკლეტების სხვა ჟურნალები შეემატა.
1972 წელს რობერტმა ერთი პატარა კალიფორნიული ქალაქის სილამაზის კონკურსში გამარჯვებული მერგი მაკნილი გაიცნო. მეუღლემ ახალი ჟურნალის, მოზარდებისთვის განკუთვნილი Teen-ის შექმნა ურჩია. ეს პროექტიც წარმატებული გამოდგა, 1996 წლისთვის კი, როცა მეუღლეებმა Petersen Publishing ნახევარ მილიარდ დოლარად გაყიდეს, ჰოლდინგი 27 ჟურნალს და კიდევ რამდენიმე ათეულ გამოცემას აერთიანებდა 45-მილიონიანი ტირაჟით.
„ლამაზი ავტომობილების შეგროვება დიდი ხნის წინ დავიწყე. დროთა განმავლობაში არაერთი მშვენიერი მოდელი ვიყიდე და მუზეუმის იდეაც ასე გაჩნდა. გული დამწყდა, როცა საოჯახო ბიზნესს შეველიე, მაგრამ იმ დროისთვის უკვე სხვა რამ მსურდა და ვცდილობდი მთელი ცხოვრება მისთვის მიმეძღვნა“, – ესეც რობერტ პეტერსენის სიტყვებია ზემოხსენებული წიგნიდან.
ოჯახმა ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარე ძველი სავაჭრო ცენტრის შენობა 80-იანი წლების ბოლოს შეიძინა. შემდეგ ყველაფერი სათანადოდ გაკეთდა და დღეს ოთხსართულიანი კორპუსის ოცდახუთ დარბაზში მუდმივადაა გამოფენილი ასამდე ავტომობილი, დროგამოშვებით კი თემატური გამოფენები ეწყობა. მუზეუმი ოფიციალურად 1994 წლის 11 ივნისს გაიხსნა და მას შემდეგ ლოს ანჯელესის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილია, სადაც ხშირად ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სხვათა შორის, 1997 წლის 9 მარტს, სწორედ იქ გამართული საღამოს შემდეგ მოკლეს რეპერი ქრისტოფერ ჯორჯ ლატორ უოლესი, იგივე ნოტორიუს ბიაიჯი…
ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ რობერტ პეტერსენის კოლექცია არაერთი მნიშვნელოვანი მოდელით შეივსო და დღეს არაერთ იშვიათ, მათ შორის ძალიან ძვირადღირებულ მანქანას ითვლის. მაგალითად, იქაა დაცული სტივ მაკქუინის ელეგანტური მუქი მწვანე იაგუარი, 1956 წელს დამზადებული XKSS; ტომ სელეკის წითელი Ferrari 308 GTSi პოპულარული ტელესერიალიდან; ელვის პრესლის ყვითელი De Tomaso Pantera; სადამ ჰუსეინის 1978 წლის მერსედეს-ბენც 600; სპეციალურად ამერიკის პრეზიდენტისთვის, ფრანკლინ დელანო რუზველტისთვის 1942 წელს დამზადებული ბრონირებული ლინკოლნი; საქვეყნოდ ცნობილი ავსტრიელი დირიჟორის, ჰერბერტ ფონ კარაიანის ცისფერი ფორდ GT 40 Mark III (ის სულ შვიდი ცალი დამზადდა, მათგან მხოლოდ ოთხი მარცხენა საჭით); უფლისწულ ალი ხანის მიერ მეუღლისთვის, 50-იან წლების კინოვარსკვლავისთვის, რიტა ჰეივორთისთვის ნაჩუქარი 1953 წლის შინდისფერი კადილაკი (მსახიობმა ეს მშვენიერება მეუღლესთან დაშორებისთანავე გაყიდა); თეთრი სახლის შეკვეთით 1952 წელს დამზადებული ქათქათა კრაისლერ იმპერიალი, რომელსაც ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში საპრეზიდენტო აღლუმებისთვის იყენებდნენ; 1962 წლის გაზ-13B ჩაიკა, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა თავის დროზე იური გაგარინს აჩუქა. კოსმონავტის სიკვდილის შემდეგ ავტომობილი უნგრეთის ლიდერს იანოშ კადარს გადაეცა, 1989 წელს კი, საბჭოეთის დაშლის შემდეგ, ჩაიკამ ლოს ანჯელესში გადაინაცვლა…
სანამ მუზეუმი დღევანდელ შენობაში დაიდებდა ბინას, რობერტ პეტერსენი გაცილებით პატარა ფართს ფლობდა ქალაქის გულში, ჰოლივუდის ბულვარზე, სადაც მხოლოდ ფილმებში გამოყენებული ავტომობილები ჰქონდა გამოფენილი. იქ, ადგილის სიმცირის გამო, ექსპოზიცია ხშირად იცვლებოდა, ახალ სახლში გადასვლის შემდეგ კი კინოკოლექცია ყოველთვის თქვენს წინაშეა.
მეორე სართულზე რამდენიმე „კინოვარსკვლავი“ ვნახე. მაგალითად 1967 წლის შევროლე იმპალას ბაზაზე დამზადებული, თითქმის ექვსმეტრიანი Batmobile, რომელიც „ბეტმენის დაბრუნებიდან“, 1992 წელს გადაღებული ფილმიდან გვახსოვს.
მის გვერდითაა 1966 წლის მწვანე ფორდ თანდერბერდი, ის, რომლითაც თელმა და ლუიზა, 1991 წელს გამოსული იგივე სახელწოდების ფილმის დასასრულს, გრანდ კანიონის უფსკრულში უჩინარდებიან.
იმავე სართულზე, ერთ-ერთი დარბაზის კუთხეშია პაწაწინა ყვითელი ფიატი ტომ კრუზის 2023 წლის ფილმიდან „შეუძლებელი მისია – სასიკვდილო ანგარიშსწორება“, პატარა სტუმრების საყვარელი ექსპონატი კი „ელვა მაკქუინია“.
1981 წლის Delorean DMC-12 Coupe-ზე ცალკე დავწერ, რადგან ის ჩემი ფავორიტი ფილმის „უკან, მომავალში“ ერთ-ერთი „გმირია“ და წლების წინ მასზე ხშირად ვოცნებობდი. ის მუზეუმს 2015 წელს შეემატა. საინტერესოა, რომ ფილმის სამივე სერიისთვის სულ სამი „დროის მანქანა“ დამზადდა, პეტერსენის მუზეუმში გამოფენილი ეგზემპლარი კი ის ერთადერთია, რომელიც სამივე სერიაში გვხვდება. მას საკმაო ხანს ვუტრიალე, რადგან ამ დელორეანის ხილვა ძალიან დიდხანს მინდოდა. ალბათ ოცდაათ წელიწადზე მეტი, მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ საღამოს ამ საოცარი ფილმის პირველი სერია ვნახე. „დროის მანქანის“ მთავარ მონიტორზე ახლაც ანთია ის თარიღები, სადაც მარტი მაკფლაი და დოქტორი ემეტ ბრაუნი რამდენჯერმე გაემგზავრნენ…
მესამე სართულზე რამდენიმე უძვირფასესი და ულამაზესი ავტომობილი დგას, რომლებსაც, მე თუ მკითხავთ, ხელოვნების ნიმუშიც ეთქმით. ეს მოდელები, შესაძლოა, სულ ერთი, ან ორი იყოს შემონახული მთელ მსოფლიოში.
ერთ-ერთი ასეთია ბუგატი Type 57C. ამ თვალწარმტაც ქმნილებას, რომელიც ერთ დროს ირანის შაჰს ეკუთვნოდა, საინტერესო ისტორია აქვს. 1939 წელს მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ვინც იმ დროს ჯერ კიდევ ტახტის მემკვიდრე გახლდათ, ეგვიპტის მეფის, ფარუქის დაზე, პრინცესა ფავზიაზე დაქორწინდა. ჰოდა, საფრანგეთის მთავრობამ, რომელიც მომავალი შაჰის კეთილგანწყობით იყო დაინტერესებული, კომპანია ბუგატის ეს მოდელი შეუკვეთა და ახალდაქორწინებულებს მიართვა.
1959 წლისთვის ბუგატი გაკოტრების პირას იდგა, მისი მოდელების სათადარიგო ნაწილები აღარ იშოვებოდა და შაჰიც იოლად შეელია ულამაზეს ფრანგულ საჩუქარს, სულ რაღაც 275 დოლარად მიჰყიდა მსურველს. გვარიანად შელახული ბუგატი 60-იან წლებში ამერიკაში მოხვდა ერთ კოლექციონერთან, იმ დროს აღარც ძრავი მუშაობდა და რამდენიმე დეტალიც დაკარგული იყო. როცა ის მისტერ რობერტმა შეიძინა, ბუგატი თითქმის სრულად განაახლეს და დღეს სამართლიანად ითვლება კოლექციის ერთ-ერთ მარგალიტად. 2015 წელს, საფრანგეთში გამართულ კონკურსზე, ეს ულამაზესი ავტომობილი სპეციალური თასით აღინიშნა.
არანაკლებ შთამბეჭდავია მრგვალკარიანი 1925 წლის როლს-როის ფანტომ I და მისი თავგადასავალი. ისტორია ზუსტად ასი წლის წინ იწყება, როცა ბრიტანელებმა მანქანა ჰორას დოჯის მეუღლისთვის, ენ თომფსონ დოჯ-დილმანისთვის დაამზადეს, ოღონდ კაბრიოლეტი. ქმრის გარდაცვალებით დამწუხრებულ ქალბატონს, ვინც იმ დროისთვის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვრივი გახლდათ, როლს-როისის ამერიკაში გადატანა არც უფიქრია და პირდაპირ მიჰყიდა ინდოელ რაჯას. ამის შემდეგ ავტომობილის კვალი გაქრა და ის მხოლოდ 30-იანი წლების მიწურულს გამოჩნდა ბელგიაში, როცა Jonckheere-ს სტუდიაში სახურავი დაადგეს. მანქანა კიდევ რამდენიმე მფლობელთან მოხვდა, ერთ-ერთმა ის თეთრად გადაღება, 2001 წელს კი როლს-როისს გაუმართლა და რობერტ პეტერსენმა შეიძინა. ამ კეთილმა კაცმა არაფერი დაიშურა და ფანტომ I-მაც ის იერსახე მიიღო, რომლითაც დღესაა ცნობილი და რის გამოც არაერთი ჯილდო დაიმსახურა ძველებური მოდელების კონკურსებსა თუ გამოფენებზე…
სპორტულ ავტოებსა და მოტოციკლეტებზე მხოლოდ იმას დავწერ, რომ მათ ცალკე დარბაზები ეთმობათ. ერთ-ერთში, წრიულ ეკრანზე, რამდენიმეწუთიან ვიდეორგოლს აჩვენებენ ამა თუ იმ შეჯიბრებიდან. საინტერესო ისიც, რომ მუზეუმის დამფუძნებლის მიერ გამოცემული საავტომობილო ჟურნალები სპეციალურ დარბაზშია დაცული და მათით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია სათანადო ნებართვის შემდეგ. ოფიციალურ მაღაზიაში შესვლამდე კი, ავტომობილებზე შეყვარებულები კარგად უნდა დავფიქრდეთ. რაც მე იქ მოდელები, წიგნები, პლაკატები, ბარათები და კიდევ ათასი საინტერესო რამე ვნახე!
რობერტ პეტერსენი, ავტომობილების სიყვარულის გარდა, უძვირფასესი იარაღების კოლექციითაც იყო ცნობილი. მას შესანიშნავ მესტენდურად იცნობდნენ და 1984 წელს, როცა ლოს ანჯელესში მეორედ გაიმართა ოლიმპიური თამაშები, სასტენდო სროლის შეჯიბრების მსაჯთა ხელმძღვანელად მიიწვიეს. რა გასაკვირია, რომ პატივცემული ლოსანჯელესელი ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაშიც მონაწილეობდა.
მისტერ რობერტმა ქალაქს დიდებული საავტომობილო მუზეუმი დაუტოვა, ხოლო თოფების საარაკო კოლექცია ვირჯინიის ცეცხლსასროლი იარაღების ეროვნულ მუზეუმს უანდერძა. მათი დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ თუ შანსი მექნება, იქაურობასაც აუცილებლად დავათვალიერებ, რადგან საავტომობილო მუზეუმით დავრწმუნდი, რომ ეს კაცი ნივთებს დინჯად, ცოდნით, გემოვნებით და დიდი სიყვარულით არჩევდა.
ლაშა გოდუაძე
ლოს ანჯელესი, პეტერსენის საავტომობილო მუზეუმი
2025 წლის 11 თებერვალი
ფოტო: Petersen Automotive Museum