ამერიკული დღიური: ანგელოზების ქალაქში, NBA-ის თამაშზე
თუ რამეზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ნახვით შემიყვარდა, ეს ამერიკული კალათბურთია, ნაციონალური საკალათბურთო ლიგა, იგივე NBA.
თითქმის ორმოცი წლის წინ ჩვენს მეზობლად ერთი კაცი ცხოვრობდა, კალათბურთელთა მწვრთნელი. ერთ მშვენიერ საღამოს, მორიგი სტუმრობის დროს, ვიდეოკასეტაც მოიტანა, მე თქვენ ამერიკული კალათბურთი უნდა გაჩვენოთო. ის დროა ვიდეომაგნიტოფონიც რომ იშვიათობაა, არათუ ამერიკული სპორტი საბჭოთა საქართველოს ტელეეკრანებზე. ჩვენს კორპუსში, მაგალითად, რამდენიმე ოჯახმა ფული შევკრიბეთ და საზიარო ვიდეომაგნიტოფონი ვიყიდეთ, ერთი კვირა ჩვენთან იდო, შემდეგ სხვასთან და ასე შემდეგ.
მოკლედ, იმ საღამოს ჩვენი რიგი იყო და ჯადოსნური ყუთიც ჩვენს ტელევიზორთან დავდგით. იმ კაცის მოტანილი კასეტა წამში ვიდეომაგნიტოფონმა გადაყლაპა და ყველამ არნახულ სამყაროში შევაბიჯეთ: 80-იანი წლების NBA-ის არაერთი დიდებული სუპერფინალიდან ერთ-ერთი ვიხილეთ, ლოს ანჯელეს ლეიკერსის და ბოსტონ სელტიქსის თამაში. ახლა არც წელი მახსოვს და არც ის, თუ რომელმა კლუბმა მოიგო. პრინციპში, ეს არც არის მნიშვნელოვანი. მთავარი სხვა რამაა: პირველი კადრიდანვე მივხვდი, რომ ეს ის თამაში არ იყო, რასაც თბილისის სპორტის სასახლეში ვხედავდი ხოლმე. ეს სულ სხვა კალათბურთი იყო, ბავშვის თვალისთვის წარმოუდგენლად ლამაზი და ეფექტური. მოკლე შორტებში მოთამაშე დაკუნთული ბიჭები სხვანაირად დარბოდნენ, ბურთსაც უცნაურად ათამაშებდნენ, ზოგიერთი კი იმ სიმაღლეზე ხტებოდა და ისე ლამაზად ტენიდა ბურთს კალათში რომ… უჰ, ეს იყო ფანტასტიკა! რომ ამბობენ საკალათბურთო ზეიმიო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი!
არ ვიცი რატომ, მაგრამ ლოს ანჯელეს ლეიკერსის გულშემატკივარი გავხდი. შესაძლოა, იმ კარგმა კაცმა შეაქო გუნდი და მისი სიტყვები დამამახსოვრდა. ან კალიფორნიელებმა მოიგეს თამაში და პატარა ბიჭის ამბავი ხომ იცით, გამარჯვებულის მხარესაა. ან ლეიკერსის ყვითელი ფორმა მომეწონა… ჩვენი 03 ხომ ყვითელი იყო! ვინ იცის?
ვისაც კალათბურთი უყვარს, ისიც ეცოდინება, რომ 80-იანი წლები NBA-ის მსოფლიო ლიგად გარდაქმნის ათწლეულია, დიდი სანახაობების ათწლეული ლეიკერსი-სელტიქსის ისტორიული ფინალებით და მთავარი ამბით, ყველაზე დიდის, მაიკლ ჯორდანის გამოჩენით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმ არეულ დროში, ამერიკული კალათბურთი უკვე ვიდეომაგნიტოფონის გარეშე გამოჩნდა ჩვენს ტელევიზორში. ერთ-ერთი უცხოური არხი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, შუაღამით, NBA-ის თამაშის სრულ ჩანაწერს გვთავაზობდა, ამაზე უკეთესი კი NBA-ის ოფიციალური მიმოხილვა იყო ჩემი თაობის გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი დევიზით – I Love This Game! კალათბურთი თავდავიწყებით, ალბათ, სწორედ მაშინ შეგვიყვარდა. ყველაზე ძალიან იმ მიმოხილვის დასასრული მომწონდა, ამერიკელი რეპერის MC Hammer-ის ძალიან პოპულარული კომპოზიციის U Can’t Touch This ფონზე დამონტაჟებული ულამაზესი კადრები: ჩატენვები, ცრუმოძრაობები, დაფარებები, პასები… და ეს ყველაფერი მომღიმარი ბიჭების შესრულებით! ყველა იცინოდა! მეტოქეები კი იყვნენ, მაგრამ მოხდენილად ჩაგდებული ბურთის შემდეგ ერთმანეთს თვალს უკრავდნენ… ასეთ სურათებს საკავშირო ჩემპიონატის თამაშებში მიჩვეული არ ვიყავი.
90-იანი წლების დასაწყისში „ჩემი“ ლეიკერსი შავ დღეში იყო: შიდსით დაავადებული ირვინ „მეჯიქ“ ჯონსონი ნაადრევად გამოეთხოვა კალათბურთს და კალიფორნიული კლუბის კრიზისიც დაიწყო. ზოგადად ლიგას კი არაფერი დაეწუნებოდა, მეტიც, ბრწყინვალე დროება იდგა – ბარსელონის ოლიმპიადისთვის შეკრული ზღაპრული ოცნების გუნდის სუპერვარსკვლავები სხვადასხვა კლუბებში ბრწყინავდნენ! ჯონ სტოქტონი და კარლ მელოუნი იუტა ჯაზში ცელქობდნენ, კლაიდ დრექსლერი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის მაისურით დაფრინავდა, ნიუ იორკ ნიქსი პატრიკ იუინგის უშველებელ მხრებზე იდგა, ფინიქსელებს ჩარლზ ბარკლიზე ამოსდიოდათ მზე და მთვარე, ჰაკიმ ოლაჯუვონი ჰიუსტონ როკეტსის ცენტრში იდგა, სან ანტონიო სფერზის ადმირალი დევიდ რობინსონი გახლდათ… მაგრამ ამ ძალიან მაგარ ბიჭებზე მაღლა ყოველთვის მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის და მათი თანაგუნდელების ჩიკაგო ბულზი იდგა ფილ ჯეკსონის თამადობით.
როცა იმ მიმოხილვებს ვუყურებდი, მხოლოდ ერთზე ვოცნებობდი: ოდესმე ცოცხლად, დარბაზში მყოფს მენახა ეს საოცარი კალათბურთი! ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ საკუთარი თვალით ნანახი NBA რაღაც სასწაული, დაუვიწყარი სანახაობა იქნებოდა.
ჩვენი სამეგობროს ერთ-ერთი მთავარი გასართობი ქართული კალათბურთიც იყო, უფრო კონკრეტულად ჩვენი ჩემპიონატის ფინალური მატჩები. პირთამდე სავსე სპორტის სასახლეში თამაშებს არ ვტოვებდით! იმ პერიოდში ვითა იყო ქართული კალათბურთის ჩიკაგო ბულზი. დინამო, კაქტუსი და თბილისი ძალიან კი ცდილობდნენ ვითელების შეჩერებას, მაგრამ იმ მართლა მაგარ შემადგენლობას ვერაფერს უხერხებდნენ… ის ქართული ფინალები არნახულად დაძაბული იყო, თვალს ვერ მოწყვეტდი, მაგრამ ოცნება ოცნებად რჩებოდა.
ბავშვობის ნატვრას ყველაზე ძალიან 2017 წელს მივუახლოვდი, როცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი. იმ ზაფხულს ზაზა ფაჩულია NBA-ის ჩემპიონი გახდა, ახალი სეზონის დაწყებამდე კი დაიწერა, რომ კლუბი წლის მიწურულს ქართველ ცენტრს სათანადო პატივს მიაგებდა.
„ზაზას დღედ“ 2017 წლის 20 დეკემბერი შეირჩა. მახსოვს, იმ შემოდგომით თანამშრომლები ხშირად ვსაუბრობდით, იმსახურებდა თუ არა ფაჩულია სამინისტროს ვერსიით საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის წოდებას. უმეტესობა ვთვლიდით რომ ის აღიარების ღირსი იყო. საბედნიეროდ, იგივე აზრის გახლდათ ჩვენი სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი. ჰოდა, ერთ-ერთი თათბირის დროს მათ შევთავაზე: რადგან ვიცით, რომ უორიორზი ზაზას ამ სახით დაფასებას გეგმავს, კარგი იქნება თუ სამინისტროს ხელმძღვანელობა თამაშს დაესწრებით და ჩვენი ნაკრების ლიდერს პრიზს იქვე, დარბაზში გადასცემთ-მეთქი. აზრი მომიწონეს, მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ კი მითხრა, თუ ეს ამბავი გამოგვივიდა, ყველა ვარიანტში ჩვენთან ერთად წამოხვალ ამერიკაშიო.
ახლა მისი სიტყვები მე როგორ გამეხარდებოდა ხომ ხვდებით, მაგრამ თურმე სად ხარ? გავიდა ორიოდ კვირა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყველა საზომით ძალიან კარგად მუშაობდა, მაშინდელმა პრემიერმინისტრმა… გააუქმა!
ბავშვობის ოცნება ვერ ავისრულე. ზაზა ფაჩულიას დღესთან დაკავშირებით კი ოკლენდში ანსამბლი „შვიდკაცა“ გაემგზავრა. 2017 წლის 20 დეკემბერს, გოლდენ სთეით უორიორზის და მემფის გრიზლის თამაშის წინ სწორედ „შვიდკაცამ“ შეასრულა ამერიკის სახელმწიფო ჰიმნი. მე მხოლოდ ის შევძელი, რომ „შვიდკაცას“ ერთ-ერთ წევრს, ჩემს მეგობარს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინტერვიუ ჩამოვართვი და ანსამბლის ამერიკული თავგადასავალი მათ მიერ გადაღებული ფოტოებით ქართულ-ინგლისურ ბუკლეტად გამოვეცი…
NBA-ის თამაშზე დასწრება ახლაც ჩემი ოცნება იქნებოდა, მაგრამ ცხოვრება, ხომ იცით, სიურპრიზებითაა სავსე. ის ამბავი, შორეული რომ გვგონია, თვალის ერთ დახამხამებაში სრულდება და ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ოქტომბერში გაირკვა, რომ ამერიკაში უნდა წავსულიყავი, ოღონდ სულ სხვა, არასპორტული მიზეზით. და როცა გადაწყდა, რომ იანვრის ორ კვირას ლოს ანჯელესსა და ერთ პატარა კალიფორნიულ ქალაქში გავატარებდი, ლეიკერსის თამაშების განრიგს გადავხედე. ჩემი საყვარელი კლუბი 17 იანვარს ბრუკლინ ნეთსს მასპინძლობდა. დანარჩენი ჩვენმა სამეულმა იოლად მოაგვარა.
17 იანვარს, მატჩის დღეს, დილით, ლოს ანჯელესის ერთ-ერთი სიმბოლო, გრიფიტსის ობსერვატორია დავათვალიერეთ, შუადღით ჰოლივუდის დიდების ხეივანში გავისეირნეთ, საღამოს კი ლეიკერსის სახლს, Crypto.com არენას მივაკითხეთ.
თამაშამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, გარშემო ქუჩები კი (შენობა ქალაქის გულში, გზაჯვარედინზე დგას) ქარვასლას ჰგავდა: ათობით მოვაჭრე გულშემატკივრებს ლეიკერსის ატრიბუტიკას, მაისურებს, შარფებს, კეპებს, დროშებს და რა ვიცი კიდევ რას აღარ სთავაზობდა. იქვე იყიდებოდა ცხელ-ცხელი ჰოთდოგები და ცივი ლუდი, თუმცა საჭმელ-სასმლით შენობაში არავის უშვებდნენ.
ყველაზე მეტი გულშემატკივარი ცენტრალურ შესასვლელთან ირეოდა, სწორედ იქ, სადაც გუნდის ისტორიაში გამორჩეული ხალხის და ჰოკეის კლუბის, კინგზის ლეგენდების ძეგლები დგას. დიდების ხეივანში კობი ბრაიანტის, ირვინ მეჯიქ ჯონსონის, ქარიმ აბდულ ჯაბარის, ელჯინ ბეილორის, შაკილ ონილის, მისტერ NBA-ის – ჯერი უესტის, ასევე უეინ გრეცკის და კიდევ რამდენიმე გამორჩეული ადამიანის მონუმენტია. მათ შორის ლეგენდარული დიქტორის ფრენსის ჩიკ ჰერნისა, ვინც ისეთი საკალათბურთო ტერმინების ავტორია, როგორიცაა „სამმაგი დუბლი“, „სლემ დანქი“, „გერბიჯ თაიმი“… ეს საოცარი ამბავი კი ნაღდად არ ვიცოდი: ჰერნი ორმოცზე მეტი წლის განმავლობაში ყოფილა ლეიკერსის თამაშების დიქტორი და ზედიზედ წაუყვანია საყვარელი კლუბის 3339 მატჩი!
ორიოდ სიტყვით ბილეთებზეც დავწერ. როცა შევიძინეთ, იმ წამსვე შეგვატყობინეს, რომ ამობეჭდვა არ გვეცადა. იმიტომ, რომ შტრიხკოდი ხშირად იცვლებოდა და ბილეთი, ასე ვთქვათ, ჩვენივე მობილური ტელეფონი იყო. ანუ: ელექტრონულ ბილეთს მხოლოდ თამაშის წინ მოსული შტრიხკოდით თუ გამოვიყენებდით, რამდენიმე საათით ადრე მოსული კოდი უბრალოდ გამოუსადეგარი იქნებოდა.
უსაფრთხოების შემოწმება იოლად გავიარეთ და მესამე სართულზე ავედით, ჩვენი ადგილები იქ იყო. დარბაზში შესვლამდე ლეიკერსის ოფიციალურ მაღაზიაში შევიარე და ლებრონ ჯეიმსის ვიმპელი ვიყიდე – „მეფის 40 000 ქულა“. ჩემი დაკვირვებით, გულშემატკივრების უმეტესობა ოფიციალურ მაღაზიაში გვარიან თანხას ტოვებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სალაროსთან თამაშამდეც რიგი იდგა და შესვენების დროსაც.
როცა დარბაზში შევედი, ჩემი ადგილი დავიკავე და სანახაობით გული ვიჯერე, ფოტოაპარატი გადავიკიდე და ნინოს ვუთხარი, მალე მოვალ-მეთქი. სადაც შევძელი, ყველგან შევედი და ბევრი ფოტო გადავიღე: აღმოსავლეთიდან… დასავლეთიდან… ზემოდან… ქვემოდან… მარჯვნიდან… მარცხნიდან… ლეიკერსის საჩემპიონო დროშები, დიდების დარბაზის წევრები, ლოს ანჯელეს კინგზის ლეგენდების მაისურები (ჰოკეის კლუბიც ამავე დარბაზში თამაშობს)…
ჩემს ადგილზე ბურთის აგდებამდე ნახევარი საათით ადრე დავბრუნდი და მალე ორსაათნახევრიანი სიამოვნებაც დაიწყო. ლებრონ ჯეიმსი, რუი ჰაჩიმურა, ჯექსონ ჰეიესი, მაქს ქრისტი და ოსტინ რივზი – ასეთი იყო მასპინძლების სასტარტო ხუთეული.
სუფთა სათამაშო დრო 48 წუთია, მაგრამ საერთო ჯამში Crypto.com არენაზე ლამის სამი საათი დავყავით. ეს იმიტომ, რომ ლიგა გულშემატკივრებზე ზრუნავს და თამაში სანახაობად აქვს ქცეული. წუთშესვენებების დროს ნაირგვარი შეჯიბრება და კონკურსი ეწყობა, იღბლიანი მაყურებლები პარკეტზეც გადიან და კალათში ბურთის სროლის უფლებაც ეძლევათ, უშველებელი წრიული ტაბლო მთელი თამაშის დროს ამომწურავ სტატისტიკას გვთავაზობს, დროდადრო კი ოპერატორები სახალისო კადრებით გვახალისებენ: მოცეკვავე ქომაგები, ბავშვები, შეყვარებული წყვილები… თამაშის დაწყებამდე თუ შტრიხკოდის დასკანერებას მოასწრებ, ტაბლოზე შენი ფოტოც გამოჩნდება… არც დიჯეი დავივიწყოთ: სპეციალურად შერჩეული აკორდებით მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს… მოკლედ, NBA-ის ერთი რიგითი თამაში ლამის სამსაათიანი ზეიმია!
საბოლოოდ ლეიკერსმა 102:101 დაამარცხა ბრუკლინ ნეთსი. მეფე შეუდარებელი იყო, მაგრამ ის საღამო ოსტინ რივზის გამოდგა, მან კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 38 ქულა ჩააგდო. დამთავრდა თუ არა შეხვედრა, დიქტორმა შეგვახსენა, რომ ყველა მსურველს კლუბის ერთ-ერთი სპონსორისგან ორი უფასო ტაკოსი ერგებოდა. და ყოველთვის ასეა, როცა ლეიკერსი საშინაო თამაშს იგებს…
გულშემატკივრები გახარებულები ტოვებდნენ დარბაზს. ოსტინ რივზიც, ალბათ, გაიხსენებს ხოლმე ბრუკლინთან თამაშს, მაგრამ 2025 წლის 17 იანვრის საღამოს ლოს ანჯელესის ამ დიდებულ არენაზე ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. იმიტომ, რომ იმ საღამოს მე ბავშვობის ოცნება ავიხდინე.
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 30 იანვარი