ამერიკული დღიური: ლა ლა ლენდი და გრიფიტსის ობსერვატორია

თუ „ლა ლა ლენდი“ მოგწონთ, მაშინ ამ გემრიელი ფილმის ერთი ლამაზი ეპიზოდიც გემახსოვრებათ, რომელიც ლოს ანჯელესის გამორჩეულ ადგილზე, ჰოლივუდის მაღლობზე, გრიფიტსის ობსერვატორიაშია გადაღებული.
სებასტიანი (რაიან გოსლინგი) და მია (ემა სტოუნი) კინოში არიან. წყვილი ერთ ძველ ფილმს უყურებს და ზუსტად იმ წამს, როცა ვაჟკაცმა ქალიშვილს უნდა აკოცოს, ფირი წყდება და დარბაზში შუქი ინთება. შეყვარებულები დაიბნევიან, ვაჟი უხერხულად იღიმის, გოგო კი ამბობს: მე ვიცი და ჩემმა ქალობამ, ამათ ამას არ ვაპატიებო! შემდეგ მშვენიერი მუსიკა ისმის და გვრიტები ზუსტად იმ გზას დაადგებიან, რომელიც რამდენიმე წამის წინ ეკრანზე ნახეს – ჰოლივუდის მთაზე, გრიფიტსის ობსერვატორიის ეზოში შედიან. იქ კვლავ ულამაზესი სცენა თამაშდება…

ლოს ანჯელესში ჩასვლის მეორე დღეს სწორედ იქ, იმ მთაზე, იმ შენობისკენ წავედით. იმიტომ, რომ მთელი დღე თავისუფალი გვქონდა, ძალიან კარგი ამინდი დაგვემთხვა და თან, გულიც მხოლოდ კარგს გვეუბნებოდა.

გრიფიტსის ობსერვატორია გრიფიტსის სახელობისვე პარკში, ერთ მაღალ მთაზეა აგებული, საიდანაც ლა ლა ლენდის დიდებული ხედები იშლება. უზარმაზარი ქალაქი ხელისგულზეა ცათამბჯენებით დატვირთული ცენტრის, ეგრეთ წოდებული დაუნთაუნის და სანაპირო ზოლის ჩათვლით. პარკი ვრცელია, ზედგამოჭრილია მორბენლებისთვის და ველომოყვარულებისთვის, რაც შეეხება ობსერვატორიას, ის გზის ბოლოს, მთის წვერზე დგას და მისწრებაა ასტრონომიის მოყვარულებისთვის.

იქაურობის ისტორია უელსში დაბადებულ გრიფიტ ჯენკინს გრიფიტს უკავშირდება, ვინც XIX საუკუნის მეორე ნახევრის კალიფორნიაში გვარიანი სიმდიდრე დააგროვა და სიცოცხლის მიწურულს ორი საშობაო საჩუქარიც მიუძღვნა შტატის მთავარ ქალაქს: ჯერ 1200 ჰექტარზე გადაჭიმული მიწა (ახლანდელი პარკის ტერიტორია), რამდენიმე წლის შემდეგ კი „ბერძნული თეატრი“ და „მეცნიერთა დარბაზი“ (დღევანდელი ობსერვატორია), რომელთა აგებაც სრულად დააფინანსა.

ობსერვატორიის საზეიმო გახსნას (1935 წლის 14 მაისს) თავად ვერ მოესწრო, თუმცა უკანასკნელ ანდერძში დაიბარა, რომ იქ შესვლა სამუდამოდ უფასო იყოსო. ჰოდა, მის ნება-სურვილს, აბა ვინ გადაუხვევდა? დღემდე ასეა, სტუმარი მხოლოდ ავტოსადგომზე იხდის ფულს – ათი დოლარი სამი საათის სანაცვლოდ, და მთავარ დარბაზში, 290-ადგილიან პლანეტარიუმში შესვლისთვის (ასევე ათი დოლარი). იქ, საათში ერთხელ, ოვალურ ჭერზე, ასტრონომიაზე შექმნილ ნახევარსაათიან ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ, რომელსაც სპეციალისტთა გუნდი თითქმის ორი წლის განმავლობაში ქმნიდა. სანახაობა, მენდეთ, შთამბეჭდავია, ოღონდ ყველანაირი გადაღება აკრძალულია.

ობსერვატორიის ოფიციალურ ბუკლეტში აღნიშნულია, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში პლანეტარიუმს ავიაგამანადგურებლების პილოტების მოსამზადებლად იყენებდნენ, 1960 წელს კი იქ კოსმოსური პროგრამის, „აპოლოს“ მონაწილეები ვარჯიშობდნენ.

მაგრამ გრიფიტსის ობსერვატორია მხოლოდ ლოს ანჯელესის ხედები და პლანეტარიუმი არ არის. 2002-2004 წლებში კომპლექსი ძირფესვიანად განახლდა (რეკონსტრუქციაზე 93 მილიონი დოლარი დაიხარჯა), რის შემდეგაც იქაურობას ახალი დარბაზები და იქ გამოფენილი უამრავი ექსპონატი შეემატა, ძველი ტელესკოპებით დაწყებული დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების ნატეხებით დასრულებული.

ქვედა სართულის ჩრდილოეთ კედელზე ერთ-ერთი გალაქტიკის 46-მეტრიანი(!) ფოტოა (ეფექტური სანახავია!), ხოლო საპირისპირო მხარეს მზის სისტემის პლანეტების მოდელებია ჩამოკიდებული. თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რომ მიხვდე რა პატარაა დედამიწა სატურნთან და იუპიტერთან შედარებით. იქვე, კუთხეში დგას ალბერტ აინშტაინის ძეგლიც, რომელიც იმ 46-მეტრიან ფოტოს გასცქერის და გალაქტიკას ორ თითს შორის ატევს…

შენობის მთავარ შესასვლელში ფუკოს ქანქარა ქანაობს, ორ კოშკში კი ტელესკოპებია. ისინი გახსნის დღიდან სულ ორჯერ შეიცვალა. ბოლოს 2006 წელს, როცა ახალი მოდელი, Carl Zeiss Mark IX Universarium დამონტაჟდა. მათი დახმარებით ცისთვის თვალის შევლება, ალბათ, დიდი სიამოვნება იქნებოდა, მაგრამ შუადღე იდგა და… ბუკლეტში წავიკითხე, რომ ობსერვატორიის გახსნის დღიდან ტელესკოპებში ცხრა მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიხედა, რაც მსოფლიო რეკორდი ყოფილა მსგავსი დაწესებულებებისთვის.

ობსერვატორიის ეზოს შუაგულში ასტრონომიის მამების მონუმენტია აღმართული ნიკოლა კოპერნიკის, გალილეო გალილეის, ისააკ ნიუტონის და კიდევ რამდენიმე პატივცემული მოაზროვნის გამოსახულებით, შორიახლოს კი, საიდანაც საქვეყნოდ ცნობილი წარწერა HOLLYWOOD მოჩანს, ჯეიმს დინის ბიუსტია. თუ მოხერხებულად დადგებით, ერთ კადრში ჩაატევთ HOLLYWOOD-ს და 50-იანი წლების ჰოლივუდის სუპერვარსკვლავს.

ტრაგიკულად დაღუპულ ჯეიმსს ასტრონომიასთან არაფერი აკავშირებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ 1955 წელს გადაღებულ ფილმში „უმიზეზოდ ამბოხებული“, სადაც დინი მთავარ როლს ასრულებს, ობსერვატორია საუკეთესოდაა წარმოჩენილი. მასპინძლებმაც ამიტომ მიაგეს პატივი ახალგაზრდა სუპერვარსკვლავის ხსოვნას.

ვინ იცის, საუკუნოვანი იუბილესთვის, 2035 წლისთვის, იქაურობის შეფებმა, ეგებ, ჩემი ფავორიტი „ლა ლა ლენდიც“ დააფასონ, უფრო კონკრეტულად კი პლანეტარიუმში მოცეკვავე სებასტიანი და მია. ვნახოთ, მოთმინებით მოვიცდი ათი წელიწადი, აქ კი დავწერ, რომ გრიფიტსის ობსერვატორია არაერთ მხატვრულ ფილმსა თუ ტელესერიალში გვხვდება. მაგალითად ჩემი თაობის კინომოყვარულებისთვის ძვირფას „უკან, მომავალში“ (პირველი და მეორე ნაწილები), ასევე „ტერმინატორის“ სერიებში, კიდევ აქ: „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“ და „ჩარლის ანგელოზები“…

„ყველა ადამიანმა რომ ერთხელ მაინც გაიხედოს ტელესკოპში, სამყარო უკეთესი გახდება“. ამ სიტყვებს, რომელიც შენობის შესასვლელში გვხვდება, ბატონ გრიფიტს მიაწერენ.

მის მიერ დაარსებული ობსერვატორიის ტელესკოპში მე ვერ გავიხედე, მაგრამ იქაურობის მონახულებით ძალიან ვისიამოვნე და „ჩემი სამყაროც“, სულ ცოტათი, მაგრამ მაინც, ნამდვილად უკეთესი გახდა. მთავარიც, ალბათ, ესაა: ადამიანმა ისე იცხოვრო, რომ შენი საქმით და დანატოვარით სხვების „სამყარო“ გააფერადო.

ლაშა გოდუაძე
ლოს ანჯელესი, გრიფიტსის ობსერვატორია
2025 წლის 4 თებერვალი

ka_GEGeorgian