1961: ამერიკული გაკვეთილები

ქვეყანაზე სამართალი რომ იყოს, ახლა ფეხბურთზე და მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა ვწერდე, მაგრამ იმერელ აზნაურებს და კიდევ ბევრს ფიფაში ნორმალური მთავრობა ხომ არ გვეღირსა და ამიტომ კალათბურთზე დავწერ, მით უმეტეს, რომ დღეს ერთმა კაი კაცმა ნამეტანი გამახარა.
დილით შემეხმიანა, გამომიარე, კაი რაღაცები მაქვს შენთვისო და მეც ვუთხარი მოვალ რახან არ იშლი-მეთქი!

შუადღით ვესტუმრე ერთ ძველთბილისურ სახლში, მტკვრის გადაღმა და ეს კოხტა პროგრამა დამახვედრა კიდევ კაი-კაი რაღაცებთან ერთად – ამერიკელ ქალ და ვაჟ კალათბურთელთა გუნდების თბილისში სტუმრობაზეა.

მართალია ამ ოთხგვერდიან ქართულ-რუსულ ბუკლეტს წელი არ აწერია, მაგრამ თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელებად გიორგი ავალიშვილი და ოთარ ქორქია არიან მოხსენიებულნი და მეც მივხვდი, რომ მაქსიმუმ 1961 თუ იქნებოდა. 1962-ში, როცა დინამომ ჩემპიონთა თასი მოიგო (ორ კვირაში, 29 ივნისს, ამ ისტორიული გამარჯვების 60 წლის იუბილეა!!!), ავალიშვილი წასული იყო გუნდიდან. ალავერდი მისტერ შერლოკთან.

დაილოცოს ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი ივერიელი: დავძებნე 1961 წლის აპრილის ლელოები და აგერ ბატონო, ყველაფერი თქვენს წინაა: ამერიკელების სტუმრობა და ინტერვიუები, ანონსები და 27-28 აპრილს ბურევესტნიკის სტადიონზე გამართული ოთხივე მატჩის ნოდარ გუგუშვილისეული მიმოხილვა.

რაც შეეხება ამერიკელთა შემადგენლობას: მხოლოდ ლუკასი მეცნო. მერე სხვაგან დავძებნე და ჯერი ლუკასი ყოფილა, 1960 წლის რომის ოლიმპიადის ჩემპიონი, NBA-ის 1973 წლის გამარჯვებული, ყველა ვარსკვლავის მატჩის 7-გზის მონაწილე, ლიგის საუკეთესო დებიუტანტი (1964), მოკლედ, საუკეთესო საკალთბურთო ლიგის ერთ-ერთი პირველი და უდიდესი ვარსკვლავი, მოთამაშე, ვინც NBA-ის 50 და 75 წლების იუბილეებთან დაკავშირებით ყველა დროის დიადთა შორის დაასახელეს! იმ დროისთვის ის ჯერ კიდევ კოლეჯის საკალათბურთო ლიგის სუპერვარსკვლავი გახლდათ. რაც შეეხება დანარჩენებს, ვერავინ მეცნო და კალათბურთის მოყვარულებმა ეგებ გაიხსენოთ ვინმე.

ამერიკელები თბილისს, ცხადია, მოსკოვის გავლით ესტუმრნენ. საბჭოეთის დედაქალაქში მათ ორჯერ ითამაშეს და ორივე შეხვედრაში გაიმარჯვეს: 23 აპრილს 78:68, 24 აპრილს კი დამატებით დროში – 84:81.

პირველ მატჩზე შემადგენლობები იური გაგარინს გამოუცხადებია. ყოველ შემთხვევაში ასე წერს ერთი ამერიკელი ჟურნალისტი, რომლის წერილშიც ამოვიკითხე, რომ ეს ამერიკის ნაღდი ნაკრები კი არა, რამდენიმე კალათბურთელით გაძლიერებული კლივლენდ პაიპერსი ყოფილა, მესამეხარისხოვანი საკალათბურთო ლიგის გუნდი. რაც შეეხება ამერიკის ქალთა ნაკრებს, მის ბირთვს ფლაინგ ქუინზის (მფრინავი დედოფლები) მოთამაშეები შეადგენდნენ. ბარემ ამასაც დავწერ: ეს ფლაინგ ქუინზი მსოფლიო კალათბურთის ისტორიაშია შესული – ზედიზედ 131 თამაში მოიგო!

ბოლოს ისევ დღევანდელ საჩუქარს მივუბრუნდები: წარწერებიან პროგრამებს დიდად არ ვეტრფი, მაგრამ ამას ნაღდად ვერ გავუშვებდი ხელიდან – 61 წლის წინანდელია, ბოლოს და ბოლოს! თანაც, ამერიკელთა მოსკოვური ტურნეს პროგრამა ნეტში 120 დოლარად იყიდება და ახლა ის მაინტერესებს, ეს, თბილისური გამოცემა რამდენად ფასობს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 15 ივნისი)
ფოტო:
თბილისური მატჩების ოფიციალური პროგრამა; გაზეთი ლელო; ინტერნეტი

ka_GEGeorgian