ანასტასიას ისტორიული ოქრო
2023 წელს საქართველოს ევროპის პირველი ჩემპიონი ჰყავს! ოცი წლის ანასტასია გუბანოვამ შესანიშნავად იასპარეზა ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართულ ფიგურულ მოციგურავეთა კონტინენტის პირველობაზე და 199.91 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. მოკლე პროგრამასა და თავისუფალში თითქმის უნაკლო ასპარეზობისთვის, შესაბამისად 69.81 და 130.10 ქულა, ანასტასია მცირე ოქროს მედლებითაც დაჯილდოვდა.
ანასტასია გუბანოვამ საქართველოს მოქალაქეობა ორი წლის წინ მიიღო და მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობს. ის პირველი ქართველი მოციგურავეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ამაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ გუბანოვა ზამთრის სახეობებში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონია.
აქამდე ზამთრის სახეობებში ჩვენების უმაღლესი მიღწევა ევროპირველობის ბრინჯაოს მედალი იყო და ყველა შემთხვევაში ფიგურულ ციგურაობაში გაგვახარეს: 2010 და 2012 წლებში ელენე გედევანიშვილმა, ხოლო 2020 წელს მორის ყვითელაშვილმა.
ესპოოში ანასტასიამ ბელგიელ ლოენა ჰენდრიქსს (193.48 ქულა) და შვეიცარიელ კიმი რეპონდს (192.51) აჯობა. შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, გუბანოვა მეშვიდე ადგილზე გავიდა, ჰენდრიქსი მეოთხე იყო, ხოლო რეპონდს საერთოდ არ უსრიალია.
საინტერესოა ისიც, რომ ძალოსან ანასტასია გოტფრიდის შემდეგ (2018) გუბანოვა პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.
ქართველმა სპორტსმენებმა შარშანდელ ევროპის ჩემპიონატებზე (კრივი, ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობები, ფარიკაობა, ძალოსნობა) ცხრა ოქროს მედალი მოიგეს, რაც ჩვენი სპორტის რეკორდია. ამაზე მეტი ჩემპიონი ერთ წელიწადში არასდროს გვყოლია. თუმცა 2022 წელს ქართველებმა ევროოქროების შეგროვება გაზაფხულზე დაიწყეს და დიდი შანსია 2023 წლის შედეგებით ახალი რეკორდიც ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში სტარტი ჩინებულია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
და ბოლოს: ქართველმა ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად 1946 წელს მოიგო და მას შემდეგ ფიგურული სრიალი სპორტის ოცდამეორეა სახეობაა (მხოლოდ ოლიმპიური), რომელშიც კონტინენტის ჩემპიონი გვყავს.
ლაშა გოდუაძე (2023 წლის 29 იანვარი)
ფოტო: isu.org