ანდიამო ა ბერლინო!

გიამ მთელი სანათესაო რამდენიმე დღით ადრე დაგვპატიჟა: ზაფხულია, დიდებული ღვინო მაქვს, მაგრად მომენატრეთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთსო.
საღამოს, ცოტა რომ აგრილდა, ღვინისძიებაც დაიწყო. არადა რამდენიმე საათში ისეთი თამაშია, ლამის ერთი კვირა მასზე ვფიქრობ: ჩემი იტალია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიას ხვდება!

თან სად? დორტმუნდში, სადაც ბუნდესგუნდი დაუმარცხებელია. წაგება კი არა, ისეთი ანგარიშებით იგებს რომ – 5:0, 8:0, 6:1, 4:0… მოკლედ, იმ მსოფლიოსთვის განახლებული ვესტფალენშტადიონი სტუმარი გუნდებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია.

ორად ვარ გაყოფილი. ერთი მე ამის გამო ნერვიულობს, მაგრამ მეორე მეს, მშვიდად ყოფნას რომ ამჯობინებს, თავის არგუმენტები აქვს:

მარჩელო ლიპის ის მაგარი იტალია მშვიდად მივიდა ნახევარფინალამდე – ერთადერთი გოლი გაუშვა და ისიც უბეში გაზრდილმა გველმა გაიტანა.

ჯიჯი ბუფონიც მაგრად დგას და დაცვა ხომ საერთოდ უნაკლოა ფაბიო კანავაროს თამადობდით.

ისიც მახსოვს გერმანია იტალიის ბულკი რომაა – მსოფლიოზე თუ ევროპაზე, სადაც დაიჭირა იტალიამ, იქ აოტნა და დიდი იმედი მაქვს რომ სერია ისევ გაგრძელდება.

მაგრამ მაინც: გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, ყველაზე იღბლიან სტადიონზე თამაშობს…

ამის გამო უგემრიელესი და ცივი ღვინით სავსე ჭიქებს ბოლომდე არ ვცლი. მინდა სკუადრა აძურას ტრიუმფი ფხიზელი თვალით ვნახო.

ამას გაუმარჯოს…
იმის სული გაანათლოს ღმერთმა…
ჩვენი ტკბილი მოგონებები…
გახსოვს? აბა რა!…
სიცილი, ჩახუტება, მოფერება…

იქ კი ვარ, სვანეთის უბანში, იმ გემრიელ სახლში, მაგრამ გონებით დორტმუნდის სტადიონის ტრიბუნაზე ვდგავარ და იტალიელებს ვქომაგობ.

ალბერტო ჯილარდინოს დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს ხვდება…

ცოტა ხანში ჯანლუკა ძამბროტამ დააჭედა ხარიხას…

იქვე ბუფონი არ ახარებს ლუკას პოდოლსკის…

თამაში კი არა, ნერვების წყვეტაა!

პირველი დამატებითი ტაიმის სტარტზე მარჩელო ლიპიმ მაურო კამორანეზი მოხსნა და ვინჩენცო იაკუინტა შეუშვა. რამდენიმე წუთში ლიპი კიდევ ერთ ნახევარმცველს ცვლის ფორვარდით – სიმონე პეროტას ნაცვლად ალესანდრო დელ პიერო ერთვება თამაშში.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძელ გერმანიასთან იტალია ოთხი(!) ფორვარდით ამთავრებს: ჯილარდინო, იაკუინტა, დელ პიერო და ტოტი!

ვფიქრობ: ნეტა ისინი მანახა ახლა, ვინც ამტკიცებს რომ იტალია კატენაჩოა და სხვა არაფერი…

პენალტების გაგონებაც არ მსურს! მინდა, რომ მარჩელო ლიპის რისკი დაუფასდეს და შამპანური იურგენ კლინსმანმა კი არა, მხოლოდ მან შესვას!

119ე წუთი: დელ პიერო კუთხურს აწვდის. გერმანელები ბურთს ცუდად იგერიებენ, ანდრეა პირლო წამში კიდევ ერთ ლამაზ პასს გასცემს და…

ფაბიო გროსოს იმ მოჭრილი დარტყმის და გოლის მერე სიხარულისგან ლამის ჭერი გავანგრიე! გიას კიდე, მგონი, სადღეგრძელო დაავიწყდა…

მეთქი მორჩა: იქ ვართ, ფინალში! ბერლინში!

რამდენიმე წამში გერმანელების შეტევაა, მაგრამ პოდოლსკი ცდება, კანავარო არაფერს პატიობს და მეორე ოქროს შეტევა იწყება…

დანარჩენი ტიფოზებს კი გემახსოვრებათ – ტოტიმ ჯილარდინოს გაუსრიალა ბურთი, ალბერტომ დელ პიერო ლემანს შეატოვა და პინტურიჩომაც მორიგი შედევრი დახატა!

2:0 და ფინალი! გერმანია პირველად დამარცხდა დორტმუნდში…

იმდღევანდელი ჩახუტება თამაშზე გაცილებით გვიან დასრულდა, მაგრამ მე უკვე სრულიად ფხიზელი ვიყავი – იტალიის ნაკრების მოგებამ ის ღვინო გადაწონა და ძმაბიჭების ზარებს უკვე საღი გონებით ვპასუხობდი.

მეორე დღეს იმ ნახევარფინალის ჩანაწერი პირველად ვნახე. მერე და მერე კიდევ რამდენჯერმე მივუბრუნდი იმ თამაშს.

გროსოს და დელ პიეროს გოლების ერთწუთიან ვიდეორგოლს ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ, ხმაჩახლეჩილი კომენტატორის სიტყვებს – ანდიამო ა ბერლინო! ანდიამო ა ბერლინო! – კი ფავორიტ მელოდიებს თუ შევადარებ.

ეს ამბავი 2006 წლის 4 ივლისს მოხდა. არც კი მჯერა, რომ იმ დღის მერე ზუსტად 15 წელიწადი გავიდა.

ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 4 ივლისი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian