ანდრესს ფერნანდო ენატრება
ფერნანდო ტორესი კარიერას დაასრულებს.
ესპანელი ფორვარდი ერთი წელია იაპონიის ჯეი ლიგაში თამაშობს – საგან ტოსუს თავდამსხმელია, დღეს კი მისი კლუბი ანდრეს ინიესტას და დავიდ ვილიას ვისელ კობეს ხვდება. სწორედ ამ მატჩით დასრულდება ელ ნინიოს კარიერა.
დღევანდელი თამაშის წინ ანდრეს ინიესტა გულთბილი და ემოციური სიტყვებით გამოეთხოვა ყოფილ თანაგუნდელს. მათ ესპანეთის ასაკობრივ და ეროვნულ გუნდში ბევრი დიდი გამარჯვება იზეიმეს, მალე კი უკანასკნელად დადგებიან ერთმანეთის პირისპირ.
„უცნაურია, ძალიან უცნაურია… თუმცა ეს ყველაფერი სასიამოვნოდ უცნაურიცაა…
20 წელზე მეტი ხნის წინ გაგიცანი: ბავშვები ვიყავით და დიდ გამარჯვებებზე ვოცნებობდით.
შენ მაშინაც ელ ნინიო იყავი და ახლაც, ამდენი ხნის შემდეგაც იგივე ხარ. და ასეთი დარჩები მარად, რადგან წლები ჩვენ ურთიერთობას ვერაფერს დააკლებს!
გახსოვს ინგლისში, 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი რომ გაიტანე და მე მომიძღვენი? იმ ტურნირისთვის ერთად ვემზადებოდით, მაგრამ ტრავმა მივიღე და სახლში დავრჩი, ტელევიზიით ვუყურე როგორ გახდით შენ და ბიჭები ჩემპიონები…
დიდ ფეხბურთში ერთად შევაბიჯეთ. მე ბარსელონაში ვცხოვრობდი, შენ – მადრიდში და ამის მიუხედავად ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა – ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მტრები. მეგობრები ვიყავით პირველივე დღიდან და ასეთად დავრჩით ბოლომდე.
ვენა და იოჰანესბურგი… ის დაუვიწყარი და მთავარი გამარჯვებები მხარდამხარ ვიზეიმეთ! ბარსელონელი და მადრიდელი ნაკრებში მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთისთვის ვთამაშობდით, ჩვენ როხიტები ვიყავით, რომლებმაც ძალიან ბევრი მოვიგეთ.
მერე შენ ინგლისში წახვედი. ჯერ ლივერპული იყო, მერე ჩელსი… პრემიერლიგაში ნათლად დაინახეს შენი შესაძლებლობები…
მერე იყო მადრიდი და გულახდილად ვიტყვი: გამიხარდა ესპანეთში რომ დაბრუნდი. შენ წინააღმდეგ თამაში ხომ განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის…
ლამის მთელი მსოფლიო მოვიარეთ ერთად და აი, ახლა, ცხრა მთას იქით კვლავ მეტოქეები ვართ! ეს ჩემთვის ძალიან ემოციური ამბავია – ბოლოჯერ გავალ მოედანზე შენთან, საუკეთესო მეგობრის წინააღმდეგ სათამაშოდ.
შენ მხარდამხარ ბურთის გორება ჩინებული იყო და მჯერა, რომ ბოლო თამაშიც ტკბილი მოგონება იქნება.
უკვე მენატრები ფერნანდო!“
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 აგვისტო)