ანხელიტო

წუხელ ფიფამ 2022 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა, წლის ნაკრებიც დაასახელა და ჩვენი ლუკა ლოჩოშვილიც გამოარჩია სამაგალითო საქციელისთვის. ლუკას დაფასება ძალიან გამიხარდა, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვწერ, რამაც დამაფიქრა: პარიზულ საღამოზე წლის სიმბოლური გუნდიც დაასახელეს, ეს მაგარი არგენტინელი ბიჭი კი საუკეთესოთა შორის ვერ მოხვდა და რაღა დაგიმალოთ, ძალიან გამიკვირდა.

თუმცა წლის გუნდი კი არა, ფიფას გამოკითხვით დი მარიას თურმე ისე კარგადაც არ უთამაშია, რომ ვთქვათ, 2022 წლის საუკეთესო თხუთმეტეულში შესულიყო. არადა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არგენტინის მესამე ოქროს თასი ანხელიტოს ძალიან, ძალიან დიდი დამსახურებაა!

მესისთან ერთად ის საუკეთესო იყო კატარში, ფინალში კი ლეოსაც სჯობდა. გაიხსენეთ ვის წინააღმდეგ დარღვეული წესისთვის დანიშნული პენალტი გაიტანა ლეომ, გაიხსენეთ ვინ შეაგდო მეორე გოლი ლორისის კარში და რაც მთავარია: როგორ თამაშობდა არგენტინა დი მარიასთან ერთად და რა დაემართა 65-ე წუთიდან, როცა სკალონიმ ის მოედნიდან გაიყვანა.

მარტო კატარი 2022-ზე ნაჩვენები ფეხბურთი ეყოფოდა დი მარიას წლის გუნდში მოსახვედრად, მაგრამ მხოლოდ იქ რომ არ იყო ჩინებული?

ფინალისიმას შეგახსენებთ, 1 ივნისს უემბლიზე იტალიასთან 3:0 მოგებულ თამაშს. მე პირადად არგენტინის ასეთი ფეხბურთი არასდროს მინახავს, მათ შორის არც კატარში და დი მარია იქ უბრალოდ შეუჩერებელი იყო! ცხადია გოლიც შეაგდო.

გაზაფხულზე პარი სენ-ჟერმენთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მსოფლიომდე ჩემს დაქცეულ იუვეშიც გამოურია ორი-სამი კარგი თამაში და ახლახანს ნანტთან საპასუხო შეხვედრაში რაც ჩაიდინა, კი გეცოდინებათ.

პირადი სტატისტიკაც უჩვეულოდ კარგი ჰქონდა: 2008 წლიდან თამაშობს არგენტინის ნაკრებში და კალენდარულ წელიწადში ყველაზე მეტი, 6 გოლი სწორედ შარშან გაიტანა! იმაზე მეტი, ვიდრე ერთად აღებულ ხუთ მანამდელ წელიწადს.

რაც შეეხება იუვენტუსში გატარებულ სადებიუტო, არასრულ სეზონს, 21 მატჩში უკვე 7 გოლი აქვს და ეს უფრო მეტია, ვიდრე ბოლო ორი პარიზულ სეზონში გაჰქონდა…

ფიფას წლის გუნდში კი მისი ადგილი მაინც არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ იქ მოხვდა ჰალანდი, რომელსაც წლის მთავარ ტურნირზე საერთოდ არ უთამაშია, კრისტალ პალასებს და ნოტინგემ ფორესტებს კი ჰეთ-თრიქები შეუსრულა.

რა ვიცი, რა ვიცი… კიდევ კარგი ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკის გამო არ მიყვარს.

ანხელიტოს კი გაუმარჯოს! ამ იუვენტუსს მხოლოდ მის გამო ვუყურებ. ჩემს შავ-თეთრ იუვეში ერთადერთი ფერადი კაცი ისაა.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 28 თებერვალი
ფოტო:
Juventus FC

ka_GEGeorgian