არ ენდოთ AI-ის!
დღეს ძალიან იოლია და „მოდაშია“ სასურველი ინფორმაციის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „მოძიება“. ამ დილით მეც გავერთე: AI-ის ვკითხე, ვინ არის ყველა დროის უდიდესი სამმხტომელი-მეთქი.
ბრიტანელი ჯონათან ედვარდსიო, წამში მიპასუხა.
მართლა ხმამაღლა გამეცინა. იქვე კითხვა შევუცვალე: და ყველაზე ტიტულიანი ვინ არის-მეთქი?
აქ კი ფაქტებს ვერსად წაუვიდა ეს ჩემი ცოდვით სავსე: ყველაზე წარმატებული ვიქტორ სანეევიაო, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი და მეოთხე ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორიო.
ჰოდა, პატრულის იმ თანამშრომლის არ იყოს: AI, ვერ გევიგე?
კაცი ერთადერთი იყო, რომელმაც ოთხ ოლიმპიადაზე მოიგო მედალი, მათ შორის სამ თამაშებზე ოქრო და მაინც არ ითვლება უდიდესად? ეგ როგორ? აქამდე „ვიცოდი“, რომ სპორტში საუკეთესო ძალიან მარტივად, შედეგებით ვლინდება, AI-მ კი, რატომღაც, სანეევს ედვარდსი ამჯობინა.
მოკლედ, არ უნდა ვენდოთ ბრმად AI-ის. კი, რაღაცაში გამოგვადგება, მაგრამ მხოლოდ მასზე ნდობა არ ივარგებს.
ედვარდსი ძლიერი იყო, ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს რეკორდსმენია, მაგრამ ქართველის და ბრიტანელის შედეგების შედარება არ შეიძლება, რადგან სხვაობა ძალიან დიდია. ახლა სანეევი მსოფლიოს ჩემპიონი რომ არ არის, ეს მისი ბრალი ნამდვილად არაა, 60-70-იან წლებში პლანეტის პირველობა უბრალოდ არ ტარდებოდა, ყველა სხვა ასპარეზზე კი ვიქტორის უპირატესობა თვალშისაცემია.
ოლიმპიურ თამაშებს რომ თავი დავანებოთ, ევროპის ჩემპიონატები საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად აღიარებულმა მძლეოსანმა 8-ჯერ მოიგო, ედვარდსმა კი მსგავს წარმატებას მხოლოდ 2-ჯერ მიაღწია.
მედლებს რომ თავი დავანებოთ, კარიერის ხანგრძლივობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? სანეევის ოთხ ოლიმპიურ მედალს 12 წელიწადი აშორებს. იოლად მიხვდებით რას ნიშნავს ეს დრო მძლეოსნობაში…
რატომ მომინდა ამ ყველაფრის მოძიება და დაწერა? იმიტომ, რომ 3 ოქტომბერი ვიქტორ სანეევის დაბადების დღეა, ის 81 წლის გახდებოდა.
ლეგენდარული ჩემპიონი 2022 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა ავსტრალიაში, 76 წლის ასაკში. კარიერის დასრულების შემდეგ, როცა ის ჩვენი სპორტის საუკეთესო ელჩი უნდა გამხდარიყო, ქვეყანა აირია და მანაც ოჯახის გადასარჩენად ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გაღმა წასვლა გადაწყვიტა, ავსტრალიაში გადაბარგებული გარკვეული ხნით პიცის დამტარებელადაც მუშაობდა. ამაში არაფერია სათაკილო, მაგრამ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სხვა გზას რომ ვერ იპოვის, ეს კი ნამდვილად დამაფიქრებელი ამბავია…
ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან თქვა: „სპორტული კარიერის მანძილზე თითქმის ყველა პუბლიკაციაში „კენგურუს აფხაზეთიდან“ ან „კენგურუს საქართველოდან“ მიწოდებდნენ. კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ ავსტრალიაში ვატარებ“.
1968 წელს, მეხიკოში, მან მსოფლიო რეკორდით მოიგო ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი – 17.39 მეტრზე გადაფრინდა! წლების შემდეგ, როცა ავტომობილი გაზ 24 უსახსოვრეს, ნომრად სწორედ ის შედეგი აირჩია.
1968 წელს ვიქტორ სანეევი საბჭოთა კავშირის წლის სპორტსმენადაც აღიარეს, ეს კი ძალიან იშვიათი მოვლენა იყო. ქართველთაგან მანამდე ასეთი პატივი მხოლოდ ველომრბოლ ომარ ფხაკაძეს ერგო, სამი წლით ადრე…
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 3 ოქტომბერი
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
