არგენტინელი ჰარი პოტერი

ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა წლეულს პირველად გააერთიანეს რეფერენდუმი და მთავარი ინდივიდუალური ჯილდო – ოქროს ბურთი – ბარსელონას და არგენტინის ნაკრების ლიდერს ლეო მესის გადასცეს.
მესიმ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე უსახურად იასპარეზა, თანაკლუბელებსა და სამხრეთ აფრიკა 2010ის მთავარ გმირებს, ჩავის და ანდრეს ინიესტას აჯობა.

ტურნირზე აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა ჩავი ესპანეთის ტრიუმფის მთავარ არქიტექტორად მონათლეს, ინიესტამ კი, კარგად გეხსომებათ, ფინალში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ოქროს ბურთი დარჩა ფეხბურთელს, რომელმაც სანაკრებო ტურნირი ჩააგდო, მაგრამ ბარსელონასთან ერთად გაზაფხულზეც და შემოდგომითაც დაუვიწყარი სპექტაკლები დადგა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ იმავე ჩავიმ და ინიესტამ არანაკლები როლი ითამაშეს ბარსელონის წარმატებებში, თუმცა ჩემი აზრით საკლუბო დონეზე მესი მაინც მათზე მაღლა იდგა.

იყო თუ არა არგენტინელი ჰარი პოტერის ტრიუმფი ლოგიკური?

ბევრი თვლის, რომ ლეოს გამარჯვება მოულოდნელობა იყო, რადგან მან წლის მთავარ ტურნირზე ვერ ივარგა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არაა ისეთი წონადი არგუმენტი, რის გამოც კატალონიელთა მეათე ნომერი უღირს გამარჯვებულად რომ მივიჩნიოთ.

ჩემი დაკვირვებით, მსოფლიო ჩემპიონატი კარგა ხანია აღარ ითვლება უძლიერეს საფეხბურთო შეჯიბრად და ფიფას ოქროს თასმაც წლებია რაც ძველი პრესტიჟი და მნიშვნელობა დაკარგა. ან, უკეთესი იქნება თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატმა სტატუსი – ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო შეჯიბრი – მისდაუნებურად უეფას პირმშოს, ევროპის ჩემპიონთა ლიგას დაუთმო, დღეს უკვე ზღაპრულ ტურნირს, რომელიც მთელი სეზონი გრძელდება და სადაც პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელები ასპარეზობენ. მათ შორის ისეთებიც, ობიექტური მიზეზების გამო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რომ არ აქვთ და მათი სამშობლოს საფეხბურთო შესაძლებლობიდან გამომდინარე, არც ახლო მომავალში ექნებათ.

მსოფლიო ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ერთი და იგივე რაოდენობის მონაწილეა – 32, თუმცა თუ ფიფას ოქროს თასის მოსაგებად გუნდს 7 თამაში ჰყოფნის, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასის გათამაშებაში გამარჯვებისთვის, მინიმუმ 13 ბრძოლის გადატანაა საჭირო.

ამით იმის თქმა მსურს, რომ მესის მიერ 2010 წლის გაზაფხულზე და შემოდგომით ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 12 მატჩი და 12 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენტების კარგ თამაშზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და წონადია (თუ უფრო მეტი არა – გულშემატკივარს გააჩნია).

ამ მოსაზრებას, ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ მნიშვნელობაზე, 2010 წლის კიდევ ერთი ლაურეატი, წლის მწვრთნელად აღიარებული პორტუგალიელი ჟოზე მოურინიუც ამყარებს. ისევე, როგორც ფეხბურთელის შემთხვევაში, ამ ნომინაციაშიც ლიგის მომგებმა აჯობა მსოფლიო თასის ტრიუმფატორს – ესპანელთა მთავარ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმის თქმა, რომ ფრანს ფუტბოლის და ფიფას რეფერენდუმების შერწყმით გამოკითხვამ ობიექტურობა დაკარგა, არასერიოზულია და არც იმის თქმა ვარგა, რომ ლეოს ოქროს ბურთი არ ეკუთვნოდა.

წლების წინ, როცა ფრანს ფუტბოლი დამოუკიდებლად ავლენდა ბებერი კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეებს, ხანდახან ფიფა სხვას ანიჭებდა უპირატესობას, ასე რომ, რაიმე არნახული არ მომხდარა.

სხვათა შორის, ფრანგულ გამოცემას დამოუკიდებლად რომ ჩაეტარებინა გამოკითხვა, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ვერც მესი მოიგებდა, ვერც ჩავი და ვერც ანდრეს ინიესტა.

1956 წელს დაარსებული და 2009 წელს ფიფასთან შეზიარებული ჯილდო მილანის ინტერის ჰოლანდიელი გამთამაშებლის უესლი სნეიდერის საკუთრება გახდებოდა. რატომ? ევროპელ ჟურნალისტთა ხმები რომ დავთვალეთ, სნეიდერს 14 პირველი ადგილი და 117 ქულა აღმოაჩნდა, II ადგილზე გასულ ჩავის კი 88 (11 პირველი ადგილი). მესამე ინიესტა იქნებოდა 84 ხმით (10).

და მესი?

მსოფლიოს დე ფაქტო საუკეთესო მოთამაშე ფრანს ფუტბოლისეულ ვარიანტში 7 პირველი ადგილით და 60 ქულით V ადგილზე გავიდოდა.

ოქროს ბურთის მფლობელები 1956-2010
2010 ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა)
2009 ლეო მესი (არგენტინა; ბარსელონა)
2008 კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია; მანჩესტერ იუნაიტედი)
2007 კაკა (ბრაზილია; მილანი)
2006 ფაბიო კანავარო (იტალია; ტურინის იუვენტუსი/მადრიდის რეალი)
2005 რონალდინიო (ბრაზილია; ბარსელონა)
2004 ანდრეი შევჩენკო (უკრაინა; მილანი)
2003 პაველ ნედვედი (ჩეხეთი; ტურინის იუვენტუსი)
2002 რონალდო (ბრაზილია; მილანის ინტერი/მადრიდის რეალი)
2001 მაიკლ ოუენი (ინგლისი; ლივერპული)
2000 ლუიშ ფიგუ (პორტუგალია; ბარსელონა/მადრიდის რეალი)
1999 რივალდო (ბრაზილია; ბარსელონა)
1998 ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი; ტურინის იუვენტუსი)
1997 რონალდო (ბრაზილია; ბარსელონა/მილანის ინტერი)
1996 მათიას ზამერი (გერმანია; დორტმუნდის ბორუსია)
1995 ჟორჟ ვეა (ლიბერია; მილანი)
1994 ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი; ბარსელონა)
1993 რობერტო ბაჯო (იტალია; ტურინის იუვენტუსი)
1992 მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი)
1991 ჟან-პიერ პაპენი (საფრანგეთი; მარსელის ოლიმპიკი)
1990 ლოთარ მათეუსი (გერმანია; მილანის ინტერი)
1989 მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი)
1988 მარკო ვან ბასტენი (ჰოლანდია; მილანი)
1987 რუუდ გულიტი (ჰოლანდია; მილანი)
1986 იგორ ბელანოვი (სსრკ; კიევის დინამო)
1985 მიშელ პლატინი (საფრანგეთი; ტურინის იუვენტუსი)
1984 მიშელ პლატინი (საფრანგეთი; ტურინის იუვენტუსი)
1983 მიშელ პლატინი (საფრანგეთი; ტურინის იუვენტუსი)
1982 პაოლო როსი (იტალია; ტურინის იუვენტუსი)
1981 კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ; მიუნხენის ბაიერნი)
1980 კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ; მიუნხენის ბაიერნი)
1979 კევინ კიგანი (ინგლისი; ჰამბურგი)
1978 კევინ კიგანი (ინგლისი; ჰამბურგი)
1977 ალან სიმონსენი (დანია; მიონხენგლადბახის ბორუსია)
1976 ფრანც ბეკენბაუერი (გფრ; მიუნხენის ბაიერნი)
1975 ოლეგ ბლოხინი (სსრკ; კიევის დინამო)
1974 იოჰან კრუიფი (ჰოლანდია; ბარსელონა)
1973 იოჰან კრუიფი (ჰოლანდია; ამსტერდამის აიაქსი/ბარსელონა)
1972 ფრანც ბეკენბაუერი (გფრ; მიუნხენის ბაიერნი)
1971 იოჰან კრუიფი (ჰოლანდია; ამსტერდამის აიაქსი)
1970 გერდ მიულერი (გფრ; ბაიერნი)
1969 ჯანი რივერა (იტალია; მილანი)
1968 ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთ ირლანდია; მანჩესტერ იუნაიტედი)
1967 ფლორიან ალბერტი (უნგრეთი; ბუდაპეშტის ფერენცვაროში)
1966 ბობი ჩარლტონი (ინგლისი; მანჩესტერ იუნაიტედი)
1965 ეუსებიო (პორტუგალია; ლისაბონის ბენფიკა)
1964 დენის ლოუ (შოტლანდია; მანჩესტერ იუნაიტედი)
1963 ლევ იაშინი (სსრკ; მოსკოვის დინამო)
1962 იოზეფ მასოპუსტი (ჩეხოსლოვაკია; პრაღის დუკლა)
1961 ენრიკე ომარ სივორი (იტალია; ტურინის იუვენტუსი)
1960 ლუის სუარესი (ესპანეთი; ბარსელონა)
1959 ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი; მადრიდის რეალი)
1958 რაიმონ კოპა (საფრანგეთი; მადრიდის რეალი)
1957 ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი; მადრიდის რეალი)
1956 სტენლი მეტიუზი (ინგლისი; ბლექპული)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 11 იანვარი)
ფოტო: 
FIFA.com

ka_GEGeorgian