არმსტრონგს საპატიო ლეგიონის ორდენიც ჩამოართვეს
გაზეთ ფიგაროს ცნობით, ამერიკელ ველომრბოლ ლენს არმსტრონგს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი.
ლენს არმსტრონგი, რომელსაც 2012 წლის 22 ოქტომბერს, დოპინგ-სკანდალის გამო 1999-2005 წლებში ტურ დე ფრანსზე მოგებული 7 ტიტული ჩამოართვეს, საპატიო ლეგიონის ორდენით 2005 წელს დააჯილდოვეს.
აშშ-ის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტომ ლენს არმსტრონგის წინააღმდეგ 2011 წლის ზაფხულში გაილაშქრა. არაერთი დოპინგ-სინჯის და მასალის ხელახალი გადამოწმების შემდეგ USADA-მ სპორტსმენს 2012 წლის ზაფხულში სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. ამავე ორგანიზაციამ ველოსპორტის საერთაშორისო კავშირს – UCI – ურჩია 1998 წლის 1 აგვისტოდან დაწყებული ამერიკელი ველომრბოლის ყველა შედეგი გაეუქმებინა.
USADA-ს წარდგენილი მასალების შესწავლის შემდეგ, UCI-მ 2012 წლის 22 ოქტომბერს ლენს არმსტრონგს 1998 წლის 1 აგვისტოს შემდეგ მოგებული ყველა ტიტული ჩამოართვა. UCI-ს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, არმსტრონგის ნაცვლად 1999-2005 წლებში ტურ დე ფრანსის ჩემპიონად არავინ გამოცხადდა.
„ეს შავი დღეა ამერიკის სპორტის ისტორიაში. ყველა, ვისაც ველორბოლა უყვარს, ჩვენი გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი მიზნით მივიღეთ: ახალგაზრდა სპორტსმენებმა არმსტრონგის მაგალითი უნდა გაითვალისწინონ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დოპინგით ასპარეზობა დამღუპველია და ამ ხერხით მოპოვებული გამარჯვება დროებითია“, – განაცხადა USADA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის ტიგერტმა 2012 წლის 22 ოქტრომბერს, როცა UCI-ს საბოლოო ვერდიქტი გაცხადდა.
ცნობისათვის: აშშ-ის დოპინგსაწინააღმდეგო სააგენტომ ლენს არმსტრონგი წესების 5 პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა: 1 – აკრძალული ნივთიერებების (ერითროპოეტინი, ტესტოსტერონი, კორტიკოსტეროიდი) გამოყენება და რბოლების პერიოდში სისხლის გადასხმა; 2 – ამ ნივთიერებების და სისხლის გადასხმისთვის აუცილებელი მოწყობილობების შენახვა; 3 – აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობა და მათი გავრცელება; 4 – სხვა სპორტსმენების ჩართვა დანაშაულში; 5 – დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის დამალვა.
2013 წლის 17 იანვარს ლენს არმსტრონგს ერთადერთი ოლიმპიური ჯილდო – 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე მოგებული ბრინჯაოს მედალიც ჩამოართვეს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო.
არაოფიციალური ინფორმაციით, დოპინგ-სკანდალის შემდეგ ამერიკელმა ველომრბოლმა 75 მილიონი დოლარით იზარალა, კომპანია ნაიკმა კი, ვისაც არმსტრონგის ორგანიზაცია ლაივსტრონგთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებდა, განაცხადა, რომ ყველა ხელშეკრულება გააუქმა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 7 აპრილი)