არტურ ტაიმაზოვს მეორე ოლიმპიური ოქროც ჩამოართვეს

ლონდონი 2012-ის ჩემპიონი, მძიმეწონოსანი ფალავანი არტურ ტაიმაზოვი კიდევ ერთხელ ჩავარდა დოპინგზე და მეორე ოლიმპიადის ოქროს მედალიც ჩამოერთვა.

არტურ ტაიმაზოვმა თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული 2004 წელს ათენში, 2008 წელს პეკინში და 2012 წელს ლონდონში მოიგო, თუმცა ამ წუთისთვის ის მხოლოდ ათენში მოგებულ ოქროს მედალს ინარჩუნებს. პეკინში მოპოვებული ჩემპიონობა მას 2016 წელს იგივე მიზეზით ჩამოართვეს, ახლახანს კი მისი ლონდონური ტრიუმფიც გაუქმდა.

ტაიმაზოვის დისკვალიფიკაცია ჭიდაობის ქართველი ქომაგებისთვის დიდად სასიხარულო იქნებოდა, რომ არა ლონდონში მისგან ძლეული დავით მოძმანაშვილის სასჯელი: მოძმანაშვილი ლონდონის ოლიმპიადის ფინალში სწორედ ტაიმაზოვთან დამარცხდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ქართველი ფალავანიც ჩავარდა დოპინგზე და იანვარში ვერცხლის მედალი ოფიციალურად ჩამოერთვა.

არტურ ტაიმაზოვის და დავით მოძმანაშვილის დისკვალიფიკაციის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვინ დასახელდება ლონდონი 2012-ის ჩემპიონად. პრეტენდენტი ორია: ბრინჯაოს მედალოსნები ქომეილ ჯასემი (ირანი) და ბილიალ მახოვი (რუსეთი).

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 ივლისი)

ka_GEGeorgian