არველაძეები მესამენი არიან

ვატო არველაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი მე2 შეხვედრაში გაიტანა: გუშინ, გიბრალტართან 3:0 მოგებულ მატჩში მან ჯერ პენალტი გამოიმუშავა, რამდენიმე წამში კი 11მეტრიანი გოლად აქცია – მეკარე მარცხნივ გადახტა, ვატომ კი მარჯვნივ გაიტანა.

მისი გოლით რევაზ და ვატო არველაძეები მე3 მამა-შვილი გახდნენ, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით მოახერხეს გოლის გატანა.

და თუ იმასაც გავითვალიწინებთ, რომ ქვეყნის პირველ გუნდში გოლი ვატოს ბიძებს შოთას და არჩილსაც გაუტანიათ, ხოლო პირველი სულაც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არველაძე ყველაზე შედეგიანი საფეხბურთო გვარია ეროვნული გუნდის ისტორიაში.

რაც შეეხება არველაძეების წინამორბედებს: პირველი მამა-შვილი, რომლებმაც ჯვაროსნების მაისურით გოლი გაიტანეს, გია და სანდრო გურულები არიან, მათ შემდეგ კი იგივე კახი და ნიკა კაჭარავებმა მოახერხეს.

აქვე გეტყვით, რომ გურულების, კაჭარავების და არველაძეების გარდა ნაკრებში მხოლოდ 2 მამა-შვილს უთამაშიათ: კახი და ბაჩანა ცხადაძეებს და ოთარ და ლევან კორღალიძეებს.

გია და სანდრო გურულები
გია გურული (4 მატჩი, 1 გოლი)
სანდრო გურული (6 მატჩი, 1 გოლი)

კახი და ნიკა კაჭარავები
კახი კაჭარავა (3 მატჩი, 2 გოლი)
ნიკა კაჭარავა (17 მატჩი, 1 გოლი)

რევაზ და ვატო არველაძეები
რევაზ არველაძე (11 მატჩი, 1 გოლი)
ვატო არველაძე (2 მატჩი, 1 გოლი)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 ივნისი)
ფოტო: 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian