ატენის სიონი

იმ ტაძრებს შორის, რომლებიც უცხოეთში მინახავს, ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ბარსელონის ერთ-ერთმა სიმბოლომ, საგრადა ფამილიამ დამიტოვა. გენიალური ანტონიო გაუდის ამ საოცარი ქმნილების შესახებ თავის დროზე დავწერე კიდეც, თუმცა ახლა მას სხვა მიზეზით გავიხსენებ: საგრადა ფამილიას ტური ოფიციალურ მაღაზიაში სრულდება, სადაც ნანახით მონუსხული ტურისტი სამახსოვროდ რაიმეს გაიყოლებს, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო სუვენირს.
დახლები სავსეა საფოსტო ბარათებით, ტაძრის მინიატურული ასლებით, სამკერდე ნიშნებით, საკოლექციო მონეტებით, გასაღებების საკიდებით, ფაზლებით, კონსტრუქტორებით და რა თქმა უნდა უმაღლეს დონეზე დასტამბული უშველებელი თუ პატარა ფოტოალბომებით. ამ გზით მიღებული შემოსავალი საბოლოო ჯამში ისევ იქაურობის კეთილდღეობას ხმარდება.

ასეა არა მხოლოდ ბარსელონის მთავარ ტაძარში, არამედ ყველა დავარცხნილ ევროპულ ქვეყანაში, სადაც კი ტურისტებს ელიან, სულერთია ტაძარია, მუზეუმი თუ სტადიონი.

და რა ხდება ამ დროს ჩვენთან? იშვიათი გამონაკლისის გარდა, აბსოლუტურად არაფერი! ოფიციალური მაღაზია კი არა, ელემენტარული ბუკლეტებიც იშვიათობაა. და ამის გამო ფრიად გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მე მოგზაურების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც უყვართ სამახსოვრო ნივთების, ალბომების თუ საფოსტო ბარათების შეძენა, ასე ვთქვათ ტკბილი მოგონებების ნიშნად. მოკლედ, ჩემნაირი მოხეტიალე საქართველოში განებივრებული ნამდვილად არ არის.

ეს შესავალი ამიტომ დამჭირდა: ატენის სიონით მოხიბლულს, ერთადერთზე დამწყდა გული – სამახსოვროდ ვერაფერი შევიძინე, მხოლოდ ჩემი ფოტოებით მიწევს დაკმაყოფილება. არადა ამ საოცარმა ეკლესიამ, პირველად რომ ვნახე, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა! თან, გიოს კლასს ჩვენი მასპინძელი, ბატონი პაატა, მთელი ექსკურსიის განმავლობაში უამრავ საინტერესოს უყვებოდა.

ატენის სიონი VII საუკუნის ტაძარია, არქიტექტურით, ფრესკებით და განსაკუთრებით კი წარწერებით მეცნიერების უდიდეს ყურადღებას იპყრობს.

ამ ლამაზი ეკლესიის კედლებზეა ძველი ქართული ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები და მე თუ მკითხავთ, მხოლოდ ეს ფაქტია საკმარისი იმისათვის, რომ იქვე იყიდებოდეს ამ და სხვა საინტერესო ამბებით სავსე ბუკლეტი ან ფოტოალბომი, რათა მნახველმა ეს ცნობები ინტერნეტში კი არ ეძებოს, ტაძრის ეზოშივე შეიტყოს.

ჩვენი დამწერლობის ეს სამი ნიმუშიც საკმარისი იქნებოდა ატენის სიონის დასაფასებლად, მაგრამ იქ კიდევ ბევრია საინტერესო, თუნდაც სამხრეთის კედლის ორი წარწერა, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული პოეზიისთვის. ბატონი პაატას თქმით, ეს შვიდმარცვლიანი ტექსტი ერთ-ერთი პირველი ქართული ლექსია თუ სულ პირველი არა.

ის ისტორიკოსმა თეიმურაზ ბარნაველმა გამოაქვეყნა ფუნდამენტურ ნაშრომში „ატენის სიონის წარწერები“ (თბილისი, 1957), პროფესორმა ზაზა ალექსიძემ კი საფუძვლიანად შეისწავლა და ამ 14-სტრიქონიან ტექსტში ლექსი ამოიკითხა. ალექსიძისვე აზრით, ის IX საუკუნეს მიეკუთვნება.

იქვეა ერთ-ერთი უძველესი თარიღიანი ქართული წარწერაც, რომელიც 1969 წელს აღმოაჩინა ხელოვნებათმცოდნე გურამ აბრამიშვილმა. ეს სამსტრიქონიანი ნუსხური წარწერა 835 წლითაა დათარიღებული და ნუსხური დამწერლობის უძველეს ნიმუშად ითვლება!

სამხრეთი კედლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი (853 წელი) კი ბუღა თურქის მიერ თბილისის დაწვის შესახებ გვიამბობს:

თთუესა აგუსტოსსა ე-სა დღესა შაბათსა,
ქრონიკონსა ო-გსა, ისმაიტელთ წელსა ს-ლთსა,
ქალაქი ტფილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა
ამირაო საჰაკ და მოკლა. და მასვე თთუესა
(აგუ)სტოსსა კ-ვსა დღესა შაბათსავე, ზირაქ
შეიპყრა კახაი და ძე მისი თარხუჯი.

ბუნებრივია, ატენის სიონის ყველა საოცარ ამბავს ამ პატარა ჩანახატში ვერ დავატევ, მაგრამ ხსენებული წარწერები საკმარისია იმის მისახვედრად, რომ იქაურობა საოცარი ამბების თვითმხილველია! შესაბამისად, ატენის სიონი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ ძველი ეკლესია. ის საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათია და გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებს.

ტაძრების ფუნდამენტური კვლევა დიახაც აუცილებელია, მაგრამ ერთია სამეცნიერო ნაშრომი და მეორე მოგზაურებზე თუ სკოლის მოსწავლეებზე გათვლილი თხელტანიანი ბუკლეტები – ასეთი გამოცემები პირდაპირ უწყობს ხელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდას.

გადავფურცლავთ მსგავს ალბომებს, რაღაც საინტერესოს ამოვიკითხავთ, ეგებ ჩვენი თვალითაც მოგვინდეს იქაურობის მონახულება, შემდეგ ზარი მეგობართან და ეგაა – ერთი მშვენიერი დღე ჩვენს ცხოვრებაში!

როგორც ერთი გამჭრიახი დეტექტივი იტყოდა: ყველაფერი ელემენტარულია! მის სამშობლოში ტურისტებს გაშლილი ხელებით ეგებებიან, იქ, დასავლეთში, მოგზაურთათვის იდეალური პირობებია. ჰოდა თუ ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია, მოდით იმ კოხტა ქვეყნებს ამ ამბავშიც მივბაძოთ.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2022 წლის 1 ივისი

ka_GEGeorgian