ATP-ის რეკორდები
2: ამდენჯერ მოიგო ATP-ის 500-იანი ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა. საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან ჰამბურგში არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ბეიძინში კი მისი თანამემამულე ხუან მარტინ დელ პოტრო.
4: რაფაელ ნადალმა (ესპანეთი) 2013 წელს ზედიზედ მოიგო მადრიდის, რომის, მონრეალის და ცინცინატის მასტერსები. ნოვაკ ჯოკოვიჩმა (სერბეთი) 3-ჯერ მოიგო ზედიზედ 4 მასტერსი, თუმცა არა ერთ სეზონში.
6: ATP-ის წლის მოთამაშის ყველაზე მეტი ტიტული ამერიკელმა პიტ სამპრასმა მოიპოვა 1993-98 წლებში.
7: ჯოკოვიჩმა 2015 წლის რომიდან დაწყებული 2016 წელს, მაიამის ჩათვლით, ზედიზედ 7-ჯერ ითამაშა მასტერსის ფინალში.
8: 2015 წელს ჯოკოვიჩმა მასტერსის 8 ფინალში ითამაშა. მან 6 ტიტული მოიგო, რაც ასევე რეკორდია.
9: მასტერსის ყველა, ცხრავე ტურნირი მხოლოდ ორს მოუგია: ივან ლენდლს (ჩეხოსლოვაკია/აშშ) და ჯოკოვიჩს. მათ გარდა ყველა ფინალში უთამაშიათ როჯერ ფედერერს (შვეიცარია) და ნადალს.
10: ფედერერმა ყველაზე ხშირად ითამაშა ATP-ის ფინალის (წლის შემაჯამებელი ტურნირი) გადამწყვეტ შეხვედრაში. შვეიცარიელმა 6-ჯერ გაიმარჯვა, რაც ასევე რეკორდია.
11: ამდენჯერ მოიგო 2005-18 წლებში მონტე კარლოს მასტერსი ნადალმა. ის ერთადერთია, ვისაც 10-ზე მეტჯერ მოუგია ერთი მასტერსი.
13: 2004 წლიდან დაწყებული, მოთამაშეთა გამოკითხვის საფუძველზე, ATP-მ როჯერ ფედერერი 13-ჯერ დაასახელა სტეფან ედბერგის სახელობის თასის მფლობელად. ეს ჯილდო გადაეცემა მოთამაშეს, ვინც წლის განმავლობაში ღირსეული საქციელით გამოირჩა.
15: პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ეგიდით გამართული მინიმუმ ერთი ტურნირი მხოლოდ ფედერერმა და ნადალმა მოიგეს ზედიზედ ამდენი სეზონის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ესპანელი წელს ერთ ტიტულს მოიგებს, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება, რადგან როჯერს 2016 წელი „ჩაუვარდა“.
16: 2003 წლიდან დაწყებული, გულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე, ATP-მ ფედერერი ზედიზედ 16-ჯერ დაასახელა საუკეთესოდ. მან ასევე 16-ჯერ ითამაშა წლის შემაჯამებელ ტურნირში, რაც ასევე რეკორდია.
20: ზედიზედ 20 სეზონია ფედერერი ATP-ის მინიმუმ ერთი ტურნირის ფინალში თამაშობს.
22: დიდი სლემის და მასტერსის შემდეგ ყველაზე პრესტიჟულად 500-იანი კატეგორიის ტურნირები ითვლება. ფედერერის აქტივში 22 ასეთი თასია და ცხადია, რეკორდსმენია. შვეიცარიელი პირველია 500-იანი ფინალებითაც – 29-ჯერ ითამაშა გადამწყვეტ შეხვედრაში.
24: ყველაზე მეტი მასტერსი ჰარდზე ჯოკოვიჩმა მოიგო, ნადალმა კი თიხნარზე.
26: მას შემდეგ, რაც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ყოველკვირეული რეიტინგი შემოიღო (1973 წლიდან), 26-მა მოთამაშემ შეძლო მსოფლიო ტურის ლიდერობა. ბოლო 12 წელიწადში რეიტინგს მხოლოდ 4 ლიდერობდა – ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩი და ენდი მარი (დიდი ბრიტანეთი). შედარებისთვის: დიდ ოთხეულამდელ 12 წელიწადში – 1992-2003 – რეიტინგის სათავეში 13 მოთამაშე აღზევდა!
29: ფინელმა იარკო ნიემინენმა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი 2014 წელს, მაიამის მასტერსზე 28 წუთსა და 20 წამში დაამარცხა. ATP-ის ისტორიაში ეს ყველაზე მოკლე დაპირისპირებაა.
31: 2011 წელს მასტერსებზე ჯოკოვიჩმა ამდენი მატჩი მოიგო ზედიზედ.
33: დიდი სლემის შემდეგ ყველაზე მაღალი კატეგორიის ტურნირი მასტერსია, ამ რანგის შეჯიბრება კი ყველაზე მეტჯერ ესპანელ ნადალს მოუგია.
37: ამ ასაკში მოიგეს ATP-ის ტურნირი ივო კარლოვიჩმა (ხორვატია) და ფედერერმა. ისინი ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონები არიან.
50: ფედერერი ერთადერთია, რომელმაც ამდენჯერ ითამაშა მასტერსის ფინალში. შვეიცარიელმა 50 მატჩიდან 28 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
83: 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე თომას მუსტერი ლიდერია ფინალების მოგების პროცენტული მაჩვენებლით. ავსტრიელმა 47 გადამწყვეტი მატჩიდან 39 მოიგო. ფედერერი 101 ტიტულით და 53 ფინალით საუკეთესოთა შორის მეათეა.
101: პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ეგიდით გამართული ყველაზე მეტი ტურნირი ფედერერმა მოიგო. აქედან 20 დიდი სლემია, 28 მასტერსი, 47 კი 250 და 500-იანი კატეგორიისა.
118: ვაჟთა წყვილებს შორის ყველაზე წარმატებულები ამერიკელი ტყუპები მაიკ და ბობ ბრაიანები არიან ამდენი ტიტულით.
154: პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ეგიდით გამართული ტურნირის ფინალებში ყველაზე ხშირად ფედერერმა ითამაშა. 154 გადამწყვეტი მატჩიდან შვეიცარიელმა 101 მოიგო.
237: ფედერერი ATP-ის რეიტინგს ზედიზედ ამდენი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ის ერთადერთია, რომელმაც 200-კვირიან ნიშნულს გადააჭარბა.
310: ფედერერი ATP-ის რეიტინგს საერთო ჯამში ამდენი კვირის განმავლობაში ლიდერობდა. ის ერთადერთია, რომელმაც 300-კვირიან ნიშნულს გადააჭარბა.
374: ყველაზე მეტი მატჩი მასტერსებზე ფედერერმა მოიგო.
858: ამდენი კვირაა ფედერერი ATP-ის საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგის მოწინავე ათეულშია.
1 198: ყველაზე მეტი მოგება ATP-ის ტურში: ფედერერი. შვეიცარიელი ერთადერთია მოქმედი ჩოგბურთელებიდან, რომელმაც 1000-იან ნიშნულს გადააჭარბა.
1 460: ყველაზე მეტი მატჩი ATP-ის ტურში: ფედერერი.
1 477: ყველაზე მეტი ეისი ერთ სეზონში: გორან ივანიშევიჩი (ხორვატია).
13 309: ყველაზე მეტი ეისი ATP-ის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში: ივო კარლოვიჩი (ხორვატია).
129 000 709 – ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ მსოფლიო ტურში გამომუშავებული თანხა (აშშ დოლარი).
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 აპრილი)