აუცილებლად გამოვა!

იტალიის სარაგბო ნაკრებთან ეფექტური გამარჯვების შემდეგ, მეგონა რომ ბათუმის სტადიონს კიდევ ერთხელ დავტოვებდი უზომოდ გახარებული. მაგრამ აჭარაბეთ არენაზე ძალიან დაძაბული მატჩის დრამატული დასასრული ვიხილე – 1:0 საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე და 1:2 სულ რაღაც რვა წუთში.
ნანახი საშინლად მტკივნეული იყო, ხოლო ის, თუ როგორ დაკარგა დინამომ მოგება – თავზარდამცემი! მაგრამ ახლა, როცა მარცხიდან რამდენიმე საათია გასული, ერთის თქმა მსურს: ბათუმის დინამო აუცილებლად უნდა გაუმკლავდეს სლოვაკურ ნოკდაუნს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროსეზონი ჯერ კიდევ გრძელდება, არა, ზღვისპირელთა გამოფხიზლება მთლიანად ჩვენი ფეხბურთისთვისაა აუცილებელი.

დინამო ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. იმსახურებდა კიდეც, მაგრამ მაინც მეტოქემ გაიხარა. მსაჯის არაობიექტურობასა და გაშვებულ გოლებზე, განსაკუთრებით მეკარის და მცველების უხეშ შეცდომაზე, რასაც ვაისის ჩახვეული მოჰყვა, უკვე ბევრი დაიწერა. არაერთ მოსაზრებას ვეთანხმები, რამდენიმეს – არა, თუმცა ეს სხვა საკითხია.

დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ცხოვრება გრძელდება, თუნდაც ასეთ ტკივილთან ერთად და მომავალი გამარჯვებებისთვის მეტი შრომაა საჭირო. ზუსტი ნათქვამია.

ბათუმელები უნდა გამოფხიზლდნენ, რადგან მათ მართლა ძალიან ბევრი გააკეთეს განვითარების ამ ეტაპზე ასასვლელად. და აქ მხოლოდ საფეხბურთო ნიუანსებს, მწვრთნელის და მისი თანამოაზრეების, ასევე ფეხბურთელების შრომას არ ვგულისხმობ. საერთო სურათი მაქვს მხედველობაში: თუ რა ხდებოდა ქალაქში, როგორ მოინდომეს გულშემატკივრებმა, რამხელა ხარჯი გასწია კლუბის ხელმძღვანელობამ…

რამდენიმე წელიწადია ბათუმი ფეხბურთით ცხოვრობს და ეს ფერადი სურათი არ უნდა გაფერმკრთალდეს!

თბილისის დინამოს შემდეგ ბათუმის დინამო მეორე ქართული კლუბია, რომელმაც საკლუბო ჟურნალით გამახარა – მედიატრიბუნაზე მისულს, მაგიდაზე დამხვდა გამოცემა. ერთი შეხედვით მცირე დეტალია, მაგრამ ეს პატარა ამბავიც მიმანიშნებს – ბათუმში გრძელვადიან პროექტს შეეჭიდნენ.

ისიც ნათელია, რომ თუ წლების წინ თბილისის დინამო იყო ნაკრების საბაზო გუნდი, დღეს ბათუმია ასეთი.

უბრალოდ, გულდასაწყვეტი ისაა, რომ ჩემი საყვარელი თბილისის დინამოს შემთხვევაში უკეთესი დღის მოლოდინი დიდმა იმედგაცრუებამ შეცვალა. და ძალიან არ მინდა ბათუმელების შემთხვევაშიც იგივე ვიხილო.

სწავლის ძირი რომ მწარეა და ვარდი უეკლოდ რომ არავის მოუკრეფია, გვსმენია. ბათუმის დინამოს პრეზიდენტმა, ხელმძღვანელობამ, მწვრთნელებმა, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმაც ძალიან კარგად იციან ეს.

ამიტომაც, ყურების ჩამოყრა არ ივარგებს: რაც გუშინ არ გამოვიდა, ხვალ აუცილებლად გამოვა!

13 ივლისი, 2022. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ბათუმი, აჭარაბეთ არენა
დინამო (ბათუმი) 1:2 (დდ) სლოვანი (ბრატისლავა, სლოვაკეთი)
გოლები: 1:0 ზურაბ დავითაშვილი (104), 1:1 ტიგრან ბარსეგიანი (115), 1:2 ვლადიმირ ვაისი (120+3)
დინამო (ბათუმი): ლაზარე კუპატაძე, ოლექსანდრ აზაცკი, ირაკლი აზაროვი (გიორგი ნავალოვსკი 105), გიორგი რეხვიაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (გუგა ფალავანდიშვილი 85), ბენჯამინ ტეიდი (მათე ვაწაძე 85), ირაკლი ბიძინაშვილი (ჯაბა ჯიღაური 62), ვლადიმერ მამუჩაშვილი (კაპ), სანდრო ალთუნაშვილი (მილან რადინი 113), ზურაბ დავითაშვილი, ჯოვინო ფლამარიონი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
სლოვანი: ადრიან ჩოვანი, გურამ კაშია, მეიენტი აბენა, იური მედვედევი (ანდრე გრინი 114), ლუკაშ პაუშეკი (ერიკ რამირესი 105), დავიდ ჰოლმანი (ივან შაპონიჩი 46), ჯაბა კანკავა, იურაი კუჩკა (ალენ მუსტაფიჩი 114), გიორგი ჩაკვეტაძე (ტიგრან ბარსეგიანი 62), ვლადიმირ ვაისი (კაპ), ალეკსანდარ ჩავრიჩი (იარომირ ჟმრალი 67)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: იურაი კუჩკა, გიორგი რეხვიაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, ზურაბ დავითაშვილი, ვლადიმირ ვაისი
მსაჯები: ანტონიუ ნობრე; პედრუ მარტინში, პედრუ მოტა (პორტუგალია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 14 ივლისი)
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)

ka_GEGeorgian