ახალ სეზონამდე: ავსტრალია, ბასილაშვილი და რეიტინგები

სამი დღეც და 31 დეკემბერს 2019 წლის საჩოგბურთო სეზონი დაიწყება: ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე, პერსიში ჰოფმანის თასი გათამაშდება, ვაჟთა რეიტინგის მოწინავენი დოჰაში, კატარის ღია პირველობაში ჩაერთვებიან, ქალები ბრისბენში ითამაშებენ, საერთაშორისო შეჯიბრებებს უმასპინძლებს შენჟენი (ჩინეთი), ოკლენდი (ახალი ზელანდია), პუნე (ინდოეთი)…
სეზონი ამ ტურნირებით გახურდება, 14 იანვარს კი, როცა ქართველები მეორედ ვიზეიმებთ ახალი წლის შემობრძანებას, მელბურნში წლის პირველი დიდი სლემი, ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყება.
შეძლებს უბერებელი როჯერ ფედერერი შარშანდელი ტრიუმფის გამეორებას და ტიტულის დაცვას? მზადაა კაროლინ ვოზნიაკი მეორედ შემართოს ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი თასი?

ამ კითხვებს პასუხები იანვრის ბოლოს გაეცემა, დღეს კი 2019 წლის სეზონის მთავარ გამოწვევებზე ვისაუბროთ. „საჩოგბურთო შემოდგომას“ თუ გავითვალისწინებთ, წესით და რიგით ძალიან საინტერესო სეზონი უნდა ვიხილოთ, მოვლენებით დახუნძლული და ამის თქმასაც გავბედავთ: არც ვაჟთა რეიტინგის ლიდერის ნოვაკ ჯოკოვიჩის დაქვეითება უნდა გამოვრიცხოთ.

რჩეულთა სიას ჯოკოვიჩი (9 045 ქულა) საკმაო უპირატესობით ლიდერობს – ის 1 565 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რაფაელ ნადალს. ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ფედერერი მესამეა (6 420) და შესაბამისად, უფრო ჩამორჩება სერბს – სხვაობა 2625-ია.

სხვა მოწინავე ჩოგბურთელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მელბურნში მთავარი ფავორიტები, ალბათ, ისინი იქნებიან. უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა და გამოცდილება ამ დონის შეჯიბრების დროს უმნიშვნელოვანესია, ჯოკოვიჩს, ნადალს და ფედერერს კი არც პირველი დაეწუნებათ და არც მეორის ნაკლებობას უჩივიან.

ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ რეიტინგის სათავეში განსაკუთრებული ცვლილება, სავარაუდოდ, არ იქნება. ამ თვალსაზრისით ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაში ფედერერია, რომელსაც წლის პირველ გრანდ სლემზე უწევს საჩემპიონო ქულების დაცვა. შვეიცარიელი მაესტრო 37 წლისაა, მისი ოსტატობა ჯერ კიდევ საკმარისია საწყისი ეტაპების დასაძლევად, თუმცა მთავარი პრიზის მოგება, ჩვენი აზრით, ძალიან უნდა გაუჭირდეს.

ჯოკოვიჩი, თუ 2018 წლის მეორე ნახევარში მიღწეულ ფორმას შეინარჩუნებს, მელბურნის კორტებზე მთავარი ფავორიტი იქნება. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისიც არაა ახალგაზრდა – 31 წლის გახლავთ, ამ ასაკში კი ფორმის პიკი, მოგეხსენებათ, გადავლილია.

სერბი დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონი გახლავთ. სტატისტიკიდან გამომდინარე მას ყველაზე ძალიან სწორედ ავსტრალიაში თამაში ეხერხება – 2008, 2011, 2012, 2013, 2015 და 2016 წლებში 6-ჯერ აღმართა მთავარი თასი. მელბურნში ის არასდროს დამარცხებულა ფინალში, თუმცა განვლილ 2 სეზონში შეუფერებლად ცუდად იასპარეზა: 2017 წელს მე-2, შარშან კი მე-4 წრეში გამოეთიშა ტურნირს. ამჯერად, სავარაუდოდ, წინსვლას შეძლებს და შესაბამისად, რეიტინგში ლიდერობასაც გაიმყარებს.

როგორ ფორმაში იქნება რაფაელ ნადალი, ამას წლის დასაწყისი გვიჩვენებს. ის თიხნარის მეფეა, ავსტრალიაში კი მაინცდამაინც ძლიერად ვერ თამაშობს. მაგალითად, შარშან 1/4-ფინალში დამარცხდა, 2012, 2014 და 2017 წლებში ფინალები დათმო, თასი კი ერთადერთხელ, შორეულ 2009-ში აღმართა.

არცთუ სასიამოვნო სტატისტიკის მიუხედავად, მსოფლიოს მე-2 ჩოგანი მაინც ფავორიტთა შორის იქნება. რას ვერ დაუწუნებ რაფას და ეს ბოლომდე ბრძოლის უნარია – ამის წყალობით მას არაერთი დიდი გამარჯვება უზეიმია და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, 32 წლის ასაკში მეორედ რომ შემართოს თასი.

მელბურნის კორტების ფავორიტთა შორის მოვიაზრებთ შარშანდელ ფინალისტ მარინ ჩილიჩს, ხუან მარტინ დელ პოტროს (თუ კვლავ ტრავმებმა არ დააღალატა) და ალექსანდრ ზვერევს. ამ უკანასკნელმა, დიდი შანსია, რეიტინგში მესამე ადგილზე აინაცვლოს: გერმანელი მხოლოდ 35 ქულით ჩამორჩება ფედერერს, თან, წესით და რიგით, უპრობლემოდ უნდა გააუმჯობესოს შარშანდელი შედეგი – გაცდეს მე-3 წრეს.

არაერთი საჩოგბურთო მიმომხილველი ზვერევს რეიტინგის ლიდერობასაც უწინასწარმეტყველებს, თუმცა საამისოდ გერმანელს დიდი ჯაფა დაადგება. ჯერ ერთი რომ ჯოკოვიჩს წლის პირველ ნახევარში ბევრი ქულის დაცვა არ უწევს, მეორეც: მთელი სეზონის ფორმის პიკზე გავლა რთულია და რამდენად შეძლებს ზვერევი ამას, მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ხოლო ის, რომ გერმანელი ნიჭიერია და ბრძოლისუნარიანი, თქმა არ უნდა. მან ეს ლონდონში, 2018 წლის შემაჯამებელზეც დაამტკიცა, როცა ჯოკოვიჩს ფინალი აუღელვებლად მოუგო – 6:4, 6:3.

კორტებს უბრუნდება ენდი მარი. ბრიტანელს ძალიან დიდი დრო გაუცდა და, სავარაუდოდ, საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ ოსტატობა ხომ არსად იკარგება? ამ მხრივ კი მარი, ვინც დღეს რეიტინგის მესამე ასეულშია, ძალიან ბევრს აღემატება. შესაბამისად, დიდი შანსია შოტლანდიელი მეორე კვირამდე შემორჩეს მელბურნს.

გრიგორ დიმიტროვი, დიეგო შვარცმანი, კაილ ედმუნდი, ფაბიო ფონინი, ბორნა ჩორიჩი, ჯონ ისნერი, კეი ნიშიკორი, დომინიკ თიმი, კევინ ანდერსონი – ისინი არათუ ავსტრალიაში, მთელი სეზონის განმავლობაში შეგვახსენებენ თავს, ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა კი უნდა დაამტკიცოს, რომ შარშანდელი წარმატებები შემთხვევითი არ იყო და ის მართლაც იმედისმომცემი მოთამაშეა.

2018 წელს 20 წლის ციციპასმა ATP-ის 3 ტურნირის ფინალში ითამაშა: ბარსელონის და კანადის ღია პირველობებზე ნადალთან დამარცხდა, სტოკჰოლმის 250-იანის ფინალში კი ლატვიელი ერნესტს გულბისი დაამარცხა და პირველი ტიტულიც მოიგო. ამავდროულად, ის გახდა პირველი, რომელმაც ერთ ტურნირზე ტოპ 10-ის 4 წევრი დაამარცხა. ეს ტორონტოში მოხდა, როცა ბერძენმა ზედიზედ სძლია თიმს, ჯოკოვიჩს, ზვერევს და ანდერსონს. წლის ბოლოს ATP-იმ ის სამართლიანად აღიარა სეზონის აღმოჩენად. შარშანდელი ავსტრალიის ღია პირველობა ციციპასმა სტარტზევე დაასრულა და თუ 2019-ში რამდენიმე ეტაპი დაძლია, დიდი შანსია თებერვალს საუკეთესო ათეულის სიახლოვეს შეხვდეს.

ATP-ის რეიტინგის 21-ე საფეხურზეა საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა. 2018 წლის მეორე ნახევარში ნიკამ შესანიშნავად ითამაშა, გერმანიის და ჩინეთის ღია პირველობები მოიგო, წლის ბოლო გრან სლემზე, ამერიკის ღია პირველობაზე მე-4 წრეში გავიდა და ზოგადად, ტური აღმავლობით დაასრულა.

ამის გათვალისწინებით, ბასილაშვილის გულშემატკივარი კარსმომდგარი სეზონის წინ იმედიანადაა. ვიმედოვნებთ, რომ ნიკა წინსვლას შეძლებს და ავსტრალიაში შარშანდელ შედეგსაც გააუმჯობესებს. შეგახსენებთ: პირველ და მეორე წრეში ბასილაშვილმა ჯერ ავსტრიელ გერალდ მელცერს სძლია (6:3, 6:4, 2:6, 6:3), შემდეგ ბელგიელ რუბენ ბემელმანსს აჯობა (7:5, 6:1, 6:3), 1/16-ფინალში კი ბრიტანელ კაილ ედმუნდთან დაძაბულ, 5-სეტიან ბრძოლაში დამარცხდა – 6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7.

რაც შეეხება დანარჩენ ტურნირებს, სადღეისო რეიტინგიდან გამომდინარე ბასილაშვილს მთავარი შეჯიბრებების ძირითადი ბადე გარანტირებული აქვს. იმედს ვიტოვებთ, რომ ის შარშან მოპოვებულ ქულებს დაიცავს, მასტერსებზე წინსვლით კი რეიტინგშიც წაიწევს. მასტერსები იმიტომ გამოვარჩიეთ, რომ ნიკა იქ მე-2 წრეზე შორს არ წასულა. იმედია წელს ნავსს გატეხს.

37 წლის მოთამაშის ტურის ფავორიტად აღიარება რთულია, მაგრამ სერენა უილიამსი გამონაკლისია. ლეგენდარული ამერიკელი, ვინც დიდი სლემის 23-გზის ტრიუმფატორი გახლავთ, 2019 წელს WTA-ის რეიტინგის მე-16 საფეხურზე ხვდება. ყველამ იცის, რომ ამის მიუხედავად ის თასის მთავარი პრეტენდენტია.

2003, 2005, 2007, 2009, 2010, 2015 და 2017 წლებში სერენამ 7-ჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, შარშან კი… საერთოდ არ ჩავიდა მელბურნში. გეცოდინებათ: უმცროსი უილიამსი ორსულად გახლდათ. და როგორ დაუბრუნდა კორტებს ხომ გახსოვთ? უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე ფინალებში ითამაშა!

ამერიკელი წლის პირველი სლემის და სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად მიგვაჩნია. ქალთა შორის სტაბილური თამაშით ბოლო ხანებში ცოტა თუ დაიკვეხნის, სერენა კი ამ მხრივ ყოველთვის სამაგალითოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლის პირველ ნახევარში მას ბევრი ქულის დაცვა არ უწევს, ასე რომ, სიურპრიზი არ იქნება თუ ზაფხულისთვის უილიამსი რეიტინგის კენწეროში დაბრუნებას შეეცდება.

მელბურნში ჩემპიონის რანგში ჩავა კაროლინ ვოზნიაკი. 28 წლის დანიელი სადღეისოდ მესამე ჩოგანია, თუმცა ტიტულის დაცვა ძალიან გაუჭირდება. ჯერ ერთი რომ ის დიდ სლემებზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, მეორეც: 2018 წლის მიწურულს ძალიან არასტაბილური იყო, წლის შემაჯამებელი შეჯიბრება კი სულაც ჯგუფში დაასრულა. ცნობისათვის: ივნისში, ისტბერნში გამარჯვების შემდეგ ვოზნიაკიმ ერთადერთხელ მოახერხა მე-2 წრის დაძლევა – ოქტომბრის დასაწყისში ბასილაშვილის მხარდამხარ მოიგო ჩინეთის ღია პირველობა. სხვა ტურნირებს ის ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

ავსტრალიის და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა განვიხილოთ რეიტინგის ლიდერი, 27 წლის რუმინელი სიმონა ჰალეპი. ის მელბურნს ფინალისტის რანგში ესტუმრება, როლან გაროზე კი ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოუწევს.

ვოზნიაკის დარად, განვლილი სეზონის მიწურული ჰალეპმაც ჩააგდო, თუმცა დანიელთან შედარებით რუმინელი ძლიერ მოთამაშედ მიგვაჩნია და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ სეზონში ის კვლავ საუკეთესოთა შორის იქნება.

ათეულის სხვა წევრებიდან უკრაინელ ელინა სვიტოლინას, იაპონელ ნაომი ოსაკას, ამერიკელ სლოან სტეფენსს და ვეტერან ჩეხებს პეტრა კვიტოვას და კაროლინა პლიშკოვას გამოვარჩევთ. წლის განმავლობაში ისინი აუცილებლად იზეიმებენ ჩემპიონობას.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ქალთა ტურზე ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება: ვაჟებისგან განსხვავებით ძალიან ბევრი მოულოდნელობა იქნება. ეს ყველაფერი კი, ცხადია, რეიტინგზეც აისახება. იქ კი ყველასთვის მოიძებნება ადგილი.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 28 დეკემბერი)

ka_GEGeorgian