ახალგაზრდული ევროჩემპიონატის ქართული ამბები: ევრო 1976

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე სამი კვირა დარჩა. 21-წლამდელთა გათამაშებას საქართველო და რუმინეთი მხარდამხარ უმასპინძლებენ. შეჯიბრება 21 ივნისს დაიწყება ბუქარესტში უკრაინის და ხორვატიის ნაკრები გუნდების თამაშით, ფინალს კი ბათუმის აჭარაბეთ არენა 8 ივლისს უმასპინძლებს.

ჩვენი ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი სამივე შეხვედრას თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩაატარებს: 21-ში პორტუგალიასთან, 24-ში ბელგიასთან, 27 ივნისს კი ნიდერლანდების წინააღმდეგ.

სამი კვირის წინ ევროპის პირველ (1971-1972) ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დავწერე, ეს ჩანახატი კი რიგით მესამე ახალგაზრდულ ევროპირველობაზეა, 1975-1976 წლების გათამაშებაზე.

მეორე ჩემპიონატში (1973-1974) საბჭოთა კავშირის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა, მესამე გათამაშებაში კი, ფლეი ოფში საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ურთულესი გამარჯვების შემდეგ, კვლავ მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება.

ვალენტინ ნიკოლაევის გაწვრთნილმა გუნდმა, ირლანდიის და შვეიცარიის უარის შემდეგ, ჯგუფში მხოლოდ თურქეთთან ითამაშა – 1:2 და 3:0. საბჭოთა ახალგაზრდებს მეოთხედფინალში მეტოქედ მიშელ იდალგოს საფრანგეთი ერგოთ, რომლის შემადგენლობაში ალენ ჟირესი, პატრიკ ბასტისტონი, მარიუს ტრეზორი, ანრი მიშელი, მაქსიმ ბოსი, ბერნარ ლაკომბი და ფრანგული ფეხბურთის სხვა ამომავალი ვარსკვლავები ირიცხებოდნენ. ჯგუფში ფრანგებმა აღმოსავლეთგერმანელებს და ბელგიელებს აჯობეს.

პირველი მეოთხედფინალი 1976 წლის 20 აპრილს გაიმართა პარიზში, პარკ დე პრინსესზე. საბჭოთა კავშირის ნაკრები 1:2 დამარცხდა. დავით ყიფიანმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, რამაზ შენგელიამ კი მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალა ხორენ ოჰანესიანი.

საპასუხო თამაში 25 აპრილს შედგა მოსკოვში, ლოკომოტივზე. ნიკოლაევის გუნდმა 2:1 გაიმარჯვა, დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ნახევარფინალისტიც პენალტების სერიაში გამოვლინდა – 4:2 მასპინძელთა სასარგებლოდ. ყიფიანი კვლავ ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა, შენგელია კი სასტარტოში მოხვდა, მაგრამ მეორე ნახევარში ოჰანესიანს დაუთმო ადგილი.

ნახევარფინალში საბჭოელებს ნიდერლანდები ერგოთ, რომელმაც ჯგუფში იოლად დაძლია იტალიის და ფინეთის წინააღმდეგობა, მეოთხედფინალში კი, 2:0 და 0:2-ის შემდეგ, პენალტების სერიაში 4:2 აჯობა შოტლანდიას.

მეტოქეები პირველად მოსკოვში, ლუჟნიკებზე დადგნენ ერთმანეთის პირისპირ. ვალენტინ ნიკოლაევმა ისევ ორ თბილისელს უხმო – დავით ყიფიანსა და ვლადიმერ გუცაევს. ორივე ძირითადში მოხვდა და ორივემ შეუცვლელად ითამაშა.

მასპინძლები მე-4 წუთზე დაწინაურდნენ სტუმართა უხეში შეცდომით და ავტოგოლით, პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე კი ანგარიში 2:0 გახდა – გუცაევის პასით ყიფიანმა გააორმაგა უპირატესობა. მეორე ტაიმის სტარტზე ყიფიანმა დუბლი შეასრულა: გუცაევმა კარის გასწვრივ დაარტყა, მცველმა მოგერიება სცადა, თუმცა ბურთი აეჭრა, ხარიხას მოხვდა, ყიფიანს მიუვიდა და მანაც იოლად შეაგდო კარში – 3:0.

საპასუხო ნახევარფინალი 26 მაისს გაიმართა კერკრადეში. ყიფიანმა და გუცაევმა კვლავ შეუცვლელად ითამაშეს და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ფინალში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები გავიდა. მეორე ფინალისტი იუგოსლავიის და უნგრეთის დაპირისპირებამ გამოავლინა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა უნგრეთმა ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო – 3:2, 1:1.

19 ივნისს, ბუდაპეშტში, ფერენცვაროშის საშინაო არენაზე ფინალის პირველი სერია გათამაშდა – 1:1. ტიბორ ნილაშიმ მე-2 წუთზე დააწინაურა მასპინძლები, 70-ე წუთზე კი პეტრ სლობოდიანმა გაათანაბრა ანგარიში. ყიფიანი და გუცაევი ისევ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ყიფიანი 62-ე წუთზე შეცვალა ოჰანესიანმა. გაზეთი სავეცკი სპორტი აღნიშნავს, რომ გუცაევი ერთ-ერთი საუკეთესო იყო სტუმართა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მეკარე შანდორ გუიდართან ორჯერ პირისპირ გასულმა გოლი ვერ შეაგდო.

23 ივნისს, მოსკოვში, ლუჟნიკებზე გამართულ საპასუხო ფინალს 38 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელთაგან სასტარტოში მხოლოდ გუცაევი მოხვდა, რომელმაც 39-ე წუთზე გოლიც შეაგდო – 2:0. პირველი ბურთი ვლადიმერ ფიოდოროვმა გაიტანა. საინტერესოა, რომ ეს ვლადიმერ გუცაევის მეორე გოლი იყო ახალგაზრდულ ევროფინალებში. 1972 წლის 26 ივნისს მან ჩეხოსლოვაკიელები დაამწუხრა.

მეორე ტაიმის სტარტზე ყიფიანიც გამოჩნდა, რომელიც სლობოდიანის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. 53-ე წუთზე უნგრელებმა ერთი გოლი კი გაქვითეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრებიც პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ეს ოქროს მედალი გუცაევისთვის მეორე ახალგაზრდული ევროჯილდო იყო 1972 წლის ვერცხლის შემდეგ.

თბილისის დინამოელების სტატისტიკა რიგით მესამე ახალგაზრდულ ევროჩემპიონატში (ფლეი ოფი) ასეთია:

დავით ყიფიანი: 6 მატჩი, 2 გოლი (ორივე გოლი ნახევარფინალში)

ვლადიმერ გუცაევი: 4 მატჩი, 1 გოლი (გოლი ფინალში)

რამაზ შენგელია: 2 მატჩი

ეს იყო უკანასკნელი ახალგაზრდული ევროპირველობა, რომელშიც 23-წლამდელები მონაწილეობდნენ. უეფამ გადაწყვიტა, რომ ჭაბუკთა (18-წლამდელები) და ახალგაზრდულ ტურნირებს შორის დიდი სხვაობა იყო და მომდევნო გათამაშებიდან მონაწილეთა მაქსიმალური ასაკი ორი წლით შეამცირა.

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 31 მაისი
ფოტო: გაზეთი სავეცკი სპორტი

ka_GEGeorgian