ახალგაზრდული ევროჩემპიონატის ქართული ამბები: ევრო 1980

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირა დარჩა. 21-წლამდელთა გათამაშებას საქართველო და რუმინეთი მხარდამხარ უმასპინძლებენ. შეჯიბრება 21 ივნისს დაიწყება ბუქარესტში უკრაინის და ხორვატიის ნაკრები გუნდების თამაშით, ფინალი კი ბათუმის აჭარაბეთ არენაზე 8 ივლისს გაიმართება.
ჩვენი ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს. რამაზ სვანაძის გუნდი სამივე შეხვედრას თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩაატარებს: 21-ში პორტუგალიასთან, 24-ში ბელგიასთან, 27 ივნისს კი ნიდერლანდების წინააღმდეგ.

საბჭოთა წლებში საკავშირო ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ქართველმაც ითამაშა და პირველ და მეორე წერილებში მათ შესახებ დავწერე.

ევროპის პირველი, 1971-1972 წლების ახალგაზრდული ჩემპიონატი ვლადიმერ გუცაევმა და გივი ნოდიამ ვერცხლის მედლებით დაასრულეს. გუცაევმა ფლეი ოფის ყველა, ექვსივე შეხვედრაში ითამაშა და თითო გოლი გაიტანა მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში.

ოთხი წლის შემდეგ, რიგით მესამე ახალგაზრდული ევროპირველობა (1975-1976) საბჭოთა კავშირის ნაკრებმა მოიგო და სხვებთან ერთად ჩემპიონები გახდნენ დავით ყიფიანი და ვლადიმერ გუცაევი. ამ უკანასკნელმა ფინალშიც გამოიჩინა თავი.

ეს იყო უკანასკნელი ახალგაზრდული ჩემპიონატი, სადაც 23-წლამდელებმა ითამაშეს. მომდევნო, 1977-1978 წლების გათამაშებიდან უეფამ მონაწილეთა ასაკი ორი წლით შეამცირა – მხოლოდ 21-წლამდელები დაუშვა. იმ ტურნირში საკავშირო ნაკრები, რომლის შემადგენლობაში ვიტალი დარასელია თამაშობდა, ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ევროპის მეორე 21-წლამდელთა ჩემპიონატის, 1979-1980 წლების გათამაშების პირველ წრეში საბჭოელები მეექვსე ჯგუფში მოხვდნენ და იოლად დაძლიეს საბერძნეთის (3:0, 2:1) და ფინეთის (2:0, 1:1) წინააღმდეგობა.

მეოთხედფინალში მათ იტალია ერგოთ, რომელმაც ჯგუფში გოლის გაუშვებლად დაამარცხა შვეიცარია და ლუქსემბურგი. 1980 წლის 2 აპრილს, ერევანში, ჰრაზდანზე, მეტოქეები პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ვალენტინ ნიკოლაევის მომზადებულმა გუნდმა 3:1 მოიგო და სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა – იური სუსლოპაროვმა მე-8 წუთზე გახსნა ანგარიში, 43-ე და 44-ე წუთებზე კი რამაზ შენგელიამ და ვიტალი დარასელიამ დალაშქრეს ჯოვანი გალის კარი.

ერთი კვირის შემდეგ, ბოლონიაში, სტადიო კომუნალეზე გამართული საპასუხო თამაში უგოლოდ დასრულდა, შენგელიამ და დარასელიამ კი შეუცვლელად იასპარეზეს. საინტერესოა, რომ იტალიის იმ ახალგაზრდულ გუნდში ფრანკო ბარეზი, მაურო ტასოტი, კარლო ანჩელოტი, სალვატორე ბანი და ალესანდრო ალტობელი თამაშობდნენ…

ნახევარფინალში საბჭოთა გუნდი წინა გათამაშების ჩემპიონს იუგოსლავიას შეხვდა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ჩეხოსლოვაკია – 1:1 და 2:1. პირველი შეხვედრა 26 აპრილს ჩატარდა ოდესაში, საპასუხო კი 30 აპრილს სუბოტიცაში.

ორივე ნახევარფინალი სსრკ ნაკრებმა მოიგო – შინ 3:0, სტუმრად 1:0. რამაზ შენგელიამ ორივე შეხვედრაში უცვლელად ითამაშა და თითო გოლი გაიტანა, ვიტალი დარასელია კი მწვრთნელმა მხოლოდ იუგოსლავიაში ათამაშა.

მეორე ფინალისტი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და ინგლისის დაპირისპირებამ გამოავლინა. აღმოსავლეთგერმანელებმა ორივე თამაში მოიგეს – 2:1, 1:0.

ევროპირველობის პირველი ფინალი 7 მაისს შედგა როსტოკში, ოსტზეეზე. თამაში უგოლოდ დასრულდა, შენგელია კი 86-ე წუთზე შეცვალა… მეკარე ალექსეი პრუდნიკოვმა. ეს იძულებითი ცვლილება იყო, რადგან რამდენიმე წამით ადრე ფრანგმა არბიტრმა ალენ დელმერმა სტუმართა გოლკიპერი ვიქტორ ჩანოვი გააძევა. დარასელიას არ უთამაშია.

ოქროს მედლების მფლობელი 21 მაისს გამოვლინდა მოსკოვში, დინამოს სტადიონზე გამართულ საპასუხო ფინალურ მატჩში. საბჭოთა ნაკრებმა იური სუსლოპაროვის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა. შენგელია და დარასელია ძირითადში იყვნენ, თუმცა ვიტალიმ მატჩი 58-ე წუთზე მიღებული წითელი ბარათის გამო ვერ დაასრულა. საინტერესოა, რომ გერმანელთა შორის ლოთარ კურბიუვაიტმა და იურგენ რააბმაც ითამაშეს, რომლებიც ერთი წლის შემდეგ უკვე იენის კარლ ცაისის მაისურით დაუპირისპირდნენ შენგელიას, დარასელიას და სხვა დინამოელებს თასების მფლობელთა თასის ფინალში.

ევროჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ანატოლი დემიანენკო დასახელდა, რამაზ შენგელია კი ბომბარდირი გახდა 3 გოლით.

თბილისის დინამოელების სტატისტიკა რიგით მეხუთე ახალგაზრდულ ევროჩემპიონატში (ფლეი ოფი) ასეთია:

რამაზ შენგელია: 6 მატჩი, 3 გოლი (ორი გოლი ნახევარფინალში, ერთი მეოთხედფინალში)

ვიტალი დარასელია: 4 მატჩი, 1 გოლი (გოლი მეოთხედფინალში)

ლაშა გოდუაძე
2023 წლის 7 ივნისი
ფოტო:
ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian