ახალი ღვინის ფესტივალზე

ახალი ღვინის ფესტივალზე პირველად დაახლოებით ათი წლის წინ მოვხვდი. ამ დიდებულ ღონისძიებას მაშინ ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობდა.
წლების შემდეგ ორგანიზატორებმა მონაწილეებს და სტუმრებს მთაწმინდაზე გვიხმეს და მას შემდეგ ბომბორას პარკი გვიხუტებს მეღვინეებს, მცოდნე ხალხს და გემრიელი სანახაობის მოყვარულ, თუმც ღვინის ავ-კარგში ნაკლებად ჩახედულ ჩემნაირ დამრტყმელ-პურისმჭამელ ყარაჩოხელებს.

ღვინის ფესტივალით სულ პირველი სტუმრობისას მოვიხიბლე და არც წელს დავიზარე ამ მართლა სასიამოვნო გამოფენა-დეგუსტაცია-სანახაობის სტუმრობა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მხოლოდ მოვიგებდი და მოლოდინისამებრ, ფრიად ვისიამოვნე! მთაწმინდის პარკს, ტრადიციულად, ოჯახთან ერთდ ვესტუმრე და ჩემებიც კმაყოფილნი დამირჩნენ, განსაკუთრებით თოლიას ნაყინებით.

ამინდი იყო დიდებული, თბილისის ხედებს არაფერი დაეწუნებოდა, კონცერტიც სულს მალამოდ მოეფინა, ფერადი და ღიმილიანი საზოგადოება კი ყოველთვის მხიბლავდა.

კიდევ ის მომეწონა, რომ ფესტივალის ოფიციალური პლაკატი და პროგრამა უკრაინის დროშის ფერებში იყო. მადლობა ორგანიზატორებს ამ უბრალო, მაგრამ დასამახსოვრებელი ნაბიჯისთვის.

ყველაზე მთავარი კი, რა თქმა უნდა, ღვინო იყო.

კარგი ღვინო მიყვარს, მაგრამ ამ ამბავში ჩემი ცოდნა ზედაპირულია: ეს მომწონს, ის – ნაკლებად და მეტზე პრეტენზია არც მაქვს. შაბათს არაერთი საოჯახო მწარმოებლის პროდუქცია დავაგემოვნე და უნდა აღვნიშნო, რომ უმეტესობა მომეწონა. მათ, რომლებიც განსაკუთრებით გამოვარჩიე და მეორედ მივაკითხე ცოტაც დამიმატეთ-მეთქი, ფოტოები გადავუღე და აგერ, ამ პატარა ალბომში გამოვფენ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დიდებული ფესტივალი გამოდგა. რა რადგან კარგ ღვინოს სადღეგრძელო და ტკბილი სურვილები უხდება, ამიტომ ასე დავასრულებ:

რაც მეტი ასეთი ფესტივალი იქნება, მით უკეთესი! რამდენიმე წლის წინ, კოვიდამდე, ყველის ფესტივალზეც გახლდით და ერთხელ პურის ფესტივალსაც მივაკითხე ბოტანიკურში. ესენიც ტკბილად მახსოვს, მაგრამ მე ასეთი გამოფენა-შეკრებების ტრფიალი ვარ და მინდა რომ მსგავსი ამბები უფრო და უფრო მეტი იყოს. რატომღაც მჯერა, რომ ასეთი ამბები მე, ჩემებს და ალბათ პატივცემულ საზოგადოებასაც უკეთესობისკენ გვცვლის. ასე რომ, გაუმარჯოს გემრიელ ღვინოს და მრავალჟამიერ!

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2022 წლის 14 მაისი

ka_GEGeorgian