ახალი კონტრაქტი კლოპს

ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის შემდეგ ლივერპული იურგენ კლოპთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გერმანელმა სპეციალისტმა 2015 წელს ჩაიბარა ენფილდროუდული კლუბი და მას შემდეგ პირველი ტიტული მოიგო, ამავდროულად, მის ხელში ლივერპული პრემიერლიგის და ევროპული ფეხბურთის ლიდერთა შორის დამკვიდრდა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს „წითლებმა“ ევროპალიგის, ხოლო შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშეს.

„ის დიდებული სპეციალისტია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგი ადამიანია. როცა ვუყურებდი, როგორ აათამაშეს ბიჭებმა მწვრთნელი, მივხვდი, რომ კლოპი მათთვის სასურველი დამრიგებელია“, – განაცხადა ლივერპულის თავმჯდომარე ტომ ვერნერმა.

BBC-ის ცნობით, საუბარია ხელშეკრულების 3  წლით გახანგრძლივებაზე. თუ კლოპი ლივერპულის შეთავაზებას დათანხმდა, 2022 წლის ჩათვლით დარჩება ენფილდ როუდზე. ფინანსური დეტალების შესახებ არაფერი თქმულა.

ლივერპულის ფანებისთვის კვლავ ოცნებად რჩება პრემიერლიგის მოგება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩემპიონატი 97 ქულით დაასრულა, გუნდი მაინც მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ლივერპულში იმედოვნებენ, რომ სწორედ კლოპია ის მწვრთნელი, ვინც გუნდს ნანატრ ტიტულს მოუტანს.

14 აგვისტოს იურგენ კლოპი და ლივერპული ევროპის სუპერთასისთვის ითამაშებენ. მატჩი სტამბოლშია დანიშნული, მეტოქე კი ევროპალიგის გამარჯვებული ჩელსია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 ივნისი)

ka_GEGeorgian