ახალი რეკორდი: ვლადიმირ ვაისმა ჩივაძეს და ქეცბაიას გაუსწრო
გუშინდელი გამარჯვების შემდეგ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი გახდა მოგებების რაოდენობით – სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავარმა გუნდმა მე-14 მატჩი მოიგო!
გიბრალტარში სტუმრობამდე ვაისი რეკორდის თანამფლობელი გახლდათ ალექსანდრე ჩივაძესთან და თემურ ქეცბაიასთან ერთად, გუშინდელი 3:2-ის შემდეგ კი ის ერთპიროვნული ლიდერია.
ვაისმა მე-14 გამარჯვება რიგით 38-ე მატჩში იზეიმა. თემურ ქეცბაია (2010-14) 40 თამაშში 13 მოგებით გამოეთხოვა გუნდს, ალექსანდრე ჩივაძემ კი 13 შეხვედრა ორ ციკლში, 1993-96 და 2001-03 წლებში ჩატარებულ 37 მატში მოიგო.
სლოვაკეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წლის დასაწყისში დაინიშნა. ვლადიმირ ვაისისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2018 წელი, როცა გუნდმა უეფას ერთა ლიგის D დივიზიონი მოიგო და კალენდარულ წელიწადში 10-დან 8 შეხვედრაში გაიმარჯვა.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირს დაასრულებს – შვეიცარიაში დაუპირისპირდება მასპინძლებს, ხორვატიას კი ამხანაგურად გაეჯიბრება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეროვნულ გუნდს ამ მატჩებშიც ვაისი გაწვრთნის, რაც მისთვის 39-ე და მე-40 თამაშები იქნება. ამით ის თემურ ქეცბაიას რეკორდს გაიმეორებს – „ჯვაროსნებს“ 40-ჯერ მხოლოდ ქეცბაიამ უხელმძღვანელა.
ვლადიმირ ვაისის 14 მოგება
2016.06.07 ხეტაფე ამხანაგური ესპანეთი 1:0
2017.03.28 თბილისი ამხანაგური ლატვია 5:0
2017.06.07 თბილისი ამხანაგური სენტ კიტსი და ნევისი 3:0
2017.11.10 გორი ამხანაგური კვიპროსი 1:0
2018.03.24 თბილისი ამხანაგური ლიეტუვა 4:0
2018.03.27 თბილისი ამხანაგური ესტონეთი 2:0
2018.06.01 შვაცი ამხანაგური მალტა 1:0
2018.09.06 ნურ-სულტანი ერთა ლიგა ყაზახეთი 2:0
2018.09.09 თბილისი ერთა ლიგა ლატვია 1:0
2018.10.13 თბილისი ერთა ლიგა ანდორა 3:0
2018.10.16 რიგა ერთა ლიგა ლატვია 3:0
2018.11.19 თბილისი ერთა ლიგა ყაზახეთი 2:1
2019.06.07 თბილისი ევრო 2020 გიბრალტარი 3:0
2019.10.15 გიბრალტარი ევრო 2020 გიბრალტარი 3:2
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია