ბაიერნის მეექვსე ტრიუმფი და ლიგის ფინალის 22 საინტერესო ამბავი

როგორც იქნა ევროსეზონი დასრულდა: გუშინ, ლისაბონში, ბაიერნმა ერთადერთი გოლით დაამარცხა პარი სენ-ჟერმენი და ისტორიაში მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა თასი!
კარგი თამაში იყო. ყოველ შემთხვევაში, შარშანდელ ფინალს ათი თავით სჯობდა. ჰანსი ფლიკის გუნდი ფავორიტად ითვლებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქედ მშვენიერი პარი სენ-ჟერმენი ჰყავდა, პირველივე წუთიდან თავდაჯერებულად ითამაშა, ჭკვიანურად წარმართა ფინალი და სეზონიც ისტორიული გამარჯვებით დააგვირგვინა.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების ისტორიაში, 1956 წლიდან, ბაიერნი პირველია, რომელმაც თასი ყველა მატჩის მოგებით აღმართა.
თუმცა ეს ლისაბონური ფინალის ერთადერთი საინტერესო ფაქტი არაა. ამ წერილში გერმანულ-ფრანგული დაპირისპირების შესახებ ამოკითხული საინტერესო ამბებიდან 22 გავაერთიანე:

1: ბაიერნმა მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა თასი და შარშანდელ ტრიუმფატორ ლივერპულს გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ ორი გრანდია: რეალი 13 გამარჯვებით და მილანი – 7 თასი.

2: მიუნხენის ბაიერნმა 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგაში ყველა, 11 მატჩი მოიგო! ბავარიელები პირველიები არიან, რომლებმაც უკლებლივ ყველა თამაშში გაიმარჯვეს!

3: ბაიერნმა სეზონი თასების ჰეთ-თრიქით დაასრულა: ბუნდესლიგას და გერმანიის თასს მიუნხენელებმა ჩემპიონთა თასიც დაურთეს. ასეთი რამ ბავარიულმა კლუბმა მეორედ შეძლო (პირველად 2013 წელს), რაც ბარსელონის რეკორდის გამეორებაა (2009, 2015).

4: ბაიერნმა სეზონი ყველა ტურნირზე ზედიზედ 21 მოგებით დაასრულა, ბოლო 30 ოფიციალური მატჩიდან კი 29 მოიგო და მხოლოდ ერთხელ ითამაშა ფრედ.

5: ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული ბოლო 16 გასვლითი მატჩიდან ბაიერნმა 13 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. მიუნხენელები მეტოქის მოედანზე ან ნეიტრალურ მინდორზე ბოლოს 2017 წლის სექტემბერში დამარცხდნენ – პარიზში, პსჟ-თან – 0:3.

6: ლისაბონური ფინალი ბაიერნის და პარი სენ-ჟერმენის მე-9 ევროდაპირისპირება იყო. გერმანელებმა 4-ჯერ მოიგეს, პარიზელებმა – 5-ჯერ.

7: გუშინდელი ფინალი სტამბოლში უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ 19-ის გამო უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა და 17 ივნისს მასპინძლად ლისაბონის და ლუში დაასახელა. ამ სტადიონმა მეორედ უმასპინძლა ჩემპიონთა ლიგის ფინალს, პირველად 2014 წელს, ჩემპიონთა თასის ჩათვლით კი ტურნირის გადამწყვეტი მატჩი მესამედ შედგა ლისაბონის მთავარ სარბიელზე. პირველად 1967 წელს, როცა სელტიკმა ინტერს სძლია.

8: კინგსლი კომანის გოლი ბაიერნის საიუბილეო, მე-500 ბურთია ჩემპიონთა ლიგაში! ამ მხრივ მიუნხენელებზე წინ მხოლოდ მადრიდის რეალი (567) და ბარსელონაა (517).

9: კომანი მე-5 ფრანგია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა გოლი. მანამდე იგივე ბაზილ ბოლიმ (1993), მარსელ დესაიმ (1994), ზინედინ ზიდანმა (2002) და ქარიმ ბენზემამ (2018) შეძლეს. თუ ჩემპიონთა თასის გათამაშებასაც გავითვალისწინებთ (1956-1992), კომანი მე-9 ფრანგია მიშელ იდალგოს, მიშელ ლებლონის, ჟან ტემპლინის (სამივე 1956 წელს) და მიშელ პლატინის (1985) შემდეგ.

10: ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კომანი 24 წლისაა და რაც პროფესიონალი გახდა, მუდმივად ჩემპიონია: 2013 და 2014 წლებში პსჟ-ს შემადგენლობაში მოიგო ლიგა 1, 2015 და 2016 წლებში იუვენტუსთან ერთად გაიმარჯვა სერია ა-ში, 2016 წლიდან კი ბაიერნში თამაშობს და ბუნდესლიგა 5-ჯერ მოიგო!

11: ტრიუმფატორებმა ევროსეზონი 11 მატჩში 43 გოლით დახურეს. ეს მეორე საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში. 1999-2000 წლებში ბარსელონამ 45 ბურთი გაუტანა მეტოქეებს, თუმცა კატალონიელებმა ამ შედეგს 16 მატჩში უწიეს.

12: მიუნხენელთა მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში მე-5 უხუცესი გამარჯვებულია. ის 55 წლის გახლავთ, მასზე ასაკოვანი ჩემპიონები კი რაიმონ გუტალსი (71 წლის; მარსელის ოლიმპიკი – 1993), იუპ ჰაინკესი (68; ბაიერნი – 2013) და სერ ალექს ფერგიუსონი (66 და 57; მანჩესტერ იუნაიტედი – 1999 და 2008) არიან.

13: რობერტ ლევანდოვსკიმ 2019-20 წლების სეზონი ყველა ტურნირზე გატანილი 55 გოლით დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგია ევროპის საუკეთესო 5 ჩემპიონატში. პოლონელი გოლეადორი ბუნდესლიგის (34) და ჩემპიონთა ლიგის (15) ბომბარდირი გახდა!

14: ლევანდოვსკიმდე ბოლო, ვინც ლეო მესიზე და კრიშტიანუ რონალდუზე მეტი გოლით დაასრულა ლიგა, მილანის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი კაკა გახლდათ (2006-07).

15: თომას მიულერმა ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში მეოთხედ ითამაშა (2010, 2012, 2013, 2020) და ტონი კროოსის „გერმანული“ რეკორდი გაიმეორა.

16: მიულერი ერთ-ერთია იმ 5 მიუნხენელიდან, რომლებმაც 2012-13 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვეს. მის გარდა 7 წლის წინ მთავარი ევროთასი აღმართეს მანუელ ნოიერმა, დავიდ ალაბამ, ხავი მარტინესმა და ჯერომ ბოატენგმა. მარტინესის გარდა გუშინ ყველა ძირითად შემადგენლობაში იყო.

17: გუშინდელი თასი 24-ეა მიულერის მიუნხენურ კარიერაში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბაიერნში. 21-ე თასი მოიგო მანუელ ნოიერმა, ხოლო დავიდ ალაბამ და ხავი მარტინესმა – მე-20. ბოატენგის აქტივში 18 ბაიერნული ტიტულია.

18: მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა ტიაგუ ალკანტარამ, მაგრამ ბაიერნის შემადგენლობაში – პირველად. 2010-11 წლების სეზონში 29 წლის ესპანელი ბარსელონის შემადგენლობაში თამაშობდა.

19: ალფონსო დევისი, ვინც 2019 წლის იანვარში შეუერთდა ბაიერნს, ჩემპიონთა თასის/ლიგის ისტორიაში პირველი კანადელი გამარჯვებულია.

20: პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის მე-5 კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში ითამაშა. ფრანგული კლუბებიდან თასი მხოლოდ მარსელის ოლიმპიკმა მოიგო (1993 წელს), სტად დე რეიმსი, სენტ-ეტიენი და მონაკო კი დამარცხდნენ.

21: პსჟ 41-ე კლუბია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასის გათამაშების გადამწყვეტ მატჩში იასპარეზა.

22: პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა თასის/ლიგის პირველ ფინალში დაარსებიდან ზუსტად 50 წელიწადში ითამაშა. პსჟ 1970 წლის 23 აგვისტოს დაფუძნდა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 24 აგვისტო)
ფოტო: www.uefa.com

ka_GEGeorgian