ბაკურიანი 2023: ჩემი პირველი თეთრი მსოფლიო

სპორტული ჟურნალისტიკის ძალიან საინტერესო და ფერად სამყაროში 1996 წლის მარტში შევაბიჯე. პირველ წლებში მხოლოდ საფეხბურთო მატჩებსა და ტურნირებზე ვწერდი, მოგვიანებით კი სხვა სახეობებშიც გადავეშვი და მას შემდეგ აქ ვარ. და როგორც ერთი ჭკვიანი და პატივცემული გერმანელი იტყოდა, სხვანაირად არც ძალმიძს!
განვლილი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში საქართველოსა და უცხოეთში გამართულ რამდენიმე ათეულ მულტისპორტულ ფორუმზე და გაცილებით, გაცილებით მეტ საფეხბურთო მატჩზე დავწერე, თუმცა ისე მოხდა, რომ ზამთრის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატს პირველად ვესწრები.
თან სად? ბაკურიანში!

ბაკურიანი ფრისტაილსა და სნოუბორდში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელიც თხილამურობის საერთაშორისო ფედერაციის – FIS – ეგიდით ტარდება, 18 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება და 5 მარტს დასრულდება.

ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას, მედლების 30 კომპლექტი კი ფრისტაილში, ფრისკისა და სნოუბორდში გათამაშდება.

ბაკურიანი 2023 რიგით XIX მსოფლიო ჩემპიონატია. ფრისტაილში პლანეტის პირველი პირველობა 1986 წელს გაიმართა საფრანგეთის კურორტ ტინში, 1989 წლიდან კი ყოველ კენტ წელს ტარდება. 2015 წელს ფრისტაილს სნოუბორდის დისციპლინები დაუმატეს და მას შემდეგ შეჯიბრების ოფიციალური სახელი ასეთია – მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში.

ორი წლის წინ, 2021 წლის თებერვალ-მარტში, ჩემპიონ-პრიზიორები ერთბაშად სამ ქვეყანაში გამოვლინდნენ – ამერიკაში (ასპენი), შვედეთსა (იდრე) და ყაზახეთში (ალმატი), ბაკურიანი კი, უფრო სწორედ ბაკურიანი 2023-ის საორგანიზაციო კომიტეტი, მარტო შეეჭიდა ყველა გამოწვევას.

დღეს მედია-ცენტრში აკრედიტაცია ავიღე, ცოტაც გავისეირნე გადათეთრებულ ქუჩებში და რამდენიმე ფოტო გადავიღე. სხვა საინტერესო ამბებზე და უშუალოდ სპორტულ ასპარეზობებზე მოგვიანებით დავწერ, როცა დიდველსა და კოხტას ვესტუმრები.

წარმატებები ბაკურიანს! წლებია ამ კოხტა კურორტს ვგულშემატკივრობ და მიხარია, რომ აქაურობა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ისტორიული ამბავია!

ლაშა გოდუაძე
(ბაკურიანი; 2023 წლის 16 თებერვალი)

ka_GEGeorgian