ბაკურიანი 2023: მესტია და ჰოკეი

ბაკურიანში ყველაფერი მზადაა და ხვალ, 18 თებერვალს, ოფიციალურად გაიხსნება მსოფლიოს XIX ჩემპიონატი ფრისტაილსა და სნოუბორდში.
ამ მოვლენის შესახებ უკვე სპორტისგან შორს მდგომი ხალხიც საუბრობს და მე თუ მკითხავთ, ასეც უნდა იყოს, რადგან ბაკურიანი 2023 არ არის მხოლოდ სპორტული ღონისძიება. საქართველო პირველად მასპინძლობს ზამთრის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატს და ეს, გუშინაც დავწერე, ისტორიული ამბავია არა მხოლოდ ჩვენი სპორტისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის.

დღეს დილით დიდველზე წავედი. მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები იქ ჩემზე ადრე შეიკრიბნენ და გუშინდელივით რამდენიმე საათის განმავლობაში ივარჯიშეს. იქ ორ საათს გავჩერდი, შემდეგ ჩემპიონატის სოფელში შევიარე (გახსნის საზეიმო ცერემონია იქ გაიმართება), კიდევ ერთხელ დავათვალიერე იქაურობა, საღამოს კი შინ დავბრუნდი და გაზეთ ლელოს სამოცი წლის წინანდელი ნომრები მოვიძიე. მახსოვდა, რომ 1962 წლის იანვარ-თებერვალში საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის პირველ სპარტაკიადას ბაკურიანმაც უმასპინძლა და დამაინტერესა, თუ როგორ აშუქებდა საქართველოს ნომერ პირველი სპორტული გაზეთი მაშინდელ მოვლენებს.

ბევრი საინტერესო რამ ამოვიკითხე. მაგალითად ლელომ უკვე მეორე, 3 იანვრის ნომერში დაბეჭდა ვალერიან ყუშიტაშვილის ლექსი „ბაკურიანი, თეთრი ზამთარი“, მომდევნო ნომრებში კი მცირე წერილებით ეხმაურებოდა ზამთრის სპორტის სახეობებს. საინტერესო იყო ა.კახიძის ჩანახატები „30 წლის წინათ“, რომელიც საქართველოში სათხილამურო ცენტრის შექმნას მიეძღვნა. ავტორი აღნიშნავს, რომ ბაკურიანის პირველი სამთო-სათხილამურო სადგური 1931 წლის დეკემბერში გაიხსნა ძველი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიასა და კოხტაგორის სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ფერდობებზე და პირველივე სეზონზე თხილამურობის 350-მდე მოყვარულს უმასპინძლა.

ზამთრის პირველი სპარტაკიადა ოფიციალურად 1962 წლის 7 თებერვალს გაიხსნა. ლელო ასე აღწერს იმ ამბავს: „პლატოზე შედგა სპარტაკიადის საზეიმო გახსნა. აღლუმში მონაწილეობდნენ აჭარის, თბილისის, ქუთაისის, გორის, ახალქალაქის, მესტიის, ბორჯომის, ცაგერის, ონისა და ყაზბეგის გუნდები. აღლუმის ხელმძღვანელმა ს.გვალიამ სპარტაკიადის მთავარ მსაჯს ვ.სამსონაძეს მოახსენა გუნდების მზადყოფნა შეჯიბრებისათვის. შეჯიბრების ალამი გამოაქვთ რესპუბლიკის უძლიერეს სპორტსმენებს: ლ.გოგოლაძეს, ი.ჯანგობეგოვს, პ.გავას და თ.კორძაიას, ამაგრებენ მას და საქართველოს ჰიმნის ქვეშ აღმართავენ ანძაზე“.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა რეპორტაჟი ჰოკეისტთა შესახებ, რადგან არ ვიცოდი, რომ ჰოკეის მესტიელებიც თამაშობდნენ! ბაკურიანი 1962-ის ეგიდით გამართულ ტურნირში რვა გუნდს მიუღია მონაწილეობა – საქართველოს 1961 წლის ჩემპიონს ახალქალაქის ნაკრებს, თბილისის პირველ და მეორე გუნდებს, ასევე აჭარელ, ქუთაისელ, ახალციხელ, ბორჯომელ და მესტიელ ჰოკეისტებს. თუ პირველი საშეჯიბრო დღის, 1962 წლის 6 თებერვლის ანგარიშებით ვიმსჯელებ, ახალციხელებს და მესტიელებს ყვანჯის ქნევა ნამდვილად არ ეხერხებოდათ – პირველებს ქუთაისლებმა 21:3 აჯობეს, მესტიელი ჰოკეისტები კი თბილისელებმა 21:0 გაანადგურეს! არაფერს ვიგონებ, ანგარიშებს ლელოში ამოიკითხავთ.

სამოცი წლის წინანდელ ბაკურიანულ ამბებს მომდევნო ჩანახატებშიც მივუბრუნდები, ახლა კი ერთი მიზანი დავისახე: როგორმე მესტიის ჰოკეისტთა გუნდის ფოტო უნდა ვიპოვო. თუ დამეხმარებით, მადლობელი დაგრჩებით.

ლაშა გოდუაძე
(ბაკურიანი; 20
23 წლის 17 თებერვალი)

ka_GEGeorgian