ბაკურიანი 2023: პირველი ჩემპიონები

ბაკურიანში დღეს დაწყებული ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატში საერთო ჯამში მედლების ოცდაათი კომპლექტი გათამაშდება, მათგან სამის მფლობელები კი რამდენიმე საათის წინ გამოვლინდნენ.
დიდველის მთის კალთებზე მოწყობილი სნოუბორდის ტრასაზე ვაჟებს და გოგონებს შორის პარალელურ გიგანტურ სლალომში გაირკვნენ საუკეთესოები, კოხტას მთაზე კი ფრისტაილის ერთ-ერთ დისციპლინაში, ერიალსში გაითამაშეს მედლები ვაჟთა და გოგონათა შერეულმა გუნდებმა.

დიდველზე წასვლა ვერ მოვახერხე და იქ განვითარებულ მოვლენებს ტელევიზიით ვადევნე თვალი, კოხტას მთაზე თხილამურობას კი თავიდან ბოლომდე დავესწარი დაჯილდოების ცერემონიის ჩათვლით და მინდა ვთქვა, რომ საინტერესო ასპარეზობა ვიხილე.

ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებას ზამთრის სპორტის სახეობებში პირველად ვესწრები და ამდენად, ჩემთვის ყველაფერი საინტერესო იყო უშუალოდ სპორტული შეჯიბრებით დაწყებული საორგანიზაციო დეტალებით დასრულებული. ნანახი ნამდვილად მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უშუალოდ ასპარეზობა კი ძალიან დაძაბული გამოდგა – ჩემპიონი უკანასკნელი ნახტომის შემდეგ გაირკვა.

ამერიკელთა სამეულმა ეშლი კალდუელის, ქრისტოფერ ლილის და ქუინ დელინგერის შემადგენლობით საკვალიფიკაციო ეტაპზეც პირველი ადგილი დაიკავა და არც ფინალში შეირცხვინა თავი. თუმცა ის კი უნდა ვთქვა, რომ ჩინელებმა – ფანიუ კონი, ტიანმა ლი, ლონშიაო იანი – ბოლომდე იბრძოლეს და გვარიანად ანერვიულეს ფავორიტები. ამერიკელები იმიტომ ითვლებოდნენ ოქროს მედლების მთავარ კანდიდატებად, რომ მათ შორის ორი ოლიმპიური ჩემპიონი ასპარეზობდა – ეშლი კალდუელმა და ქრისტოფელ ლილიმ ამავე დისციპლინაში პეკინის შარშანდელ ოლიმპიადაზე გაიმარჯვეს.

საბოლოოდ სამეული ასე დაკომპლექტდა – ამერიკელებმა 331.37 ქულა დააგროვეს, ჩინელებმა 320.71, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა უკრაინელებმა 255.56. სურათის სისრულისთვის უკრაინელთა სამეულსაც ვახსენებ: ანასტასია ნოვოსადი, ოლექსანდრ ოკიპნიუკი და დმიტრო კოტოვსკი. ამ უკანასკნელებმა ყაზახებს აჯობეს, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი უკანასკნელი ნახტომის დროს დავარდა და მსაჯებისგან სასურველზე ნაკლები ქულა მიიღო.

ფრისტაილში შერეულ გუნდებს შორის მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდება – 25 თებერვალს დანიშნულ სქი ქროსს კვლავ კოხტას მთა უმასპინძლებს.

სნოუბორდისტები რომ არ დამეჩაგრონ, ორიოდ სიტყვით მათაც ვახსენებ: ვაჟთა შორის ჩემპიონი, პოლონელი ოსკარ კვიატკოვსკი 2019 წლის მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული გახლავთ, გოგონათა ტრიუმფატორმა, 19 წლის იაპონელმა ცუბაკი მიკიმ კი კარიერაში პირველი ოქროს მედალი მოიგო. ამ ფაქტს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ის იუნიორთა შორის მსოფლიოს ექვსგზის ვიცე-ჩემპიონი გახლავთ.

ლაშა გოდუაძე
(ბაკურიანი; 20
23 წლის 19 თებერვალი)

ka_GEGeorgian