ბაკურიანი და ვერცხლისფერი მფრინავი მელია

ცხრა დღეც და ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დაიწყება. შეჯიბრება მეჩვიდმეტედ ჩატარდება, სპორტის რვა სახეობას გააერთიანებს და ერთი კვირის შემდეგ, 16 თებერვალს დასრულდება. ბაკურიანი ძირითადი მასპინძელი იქნება, ჩემპიონები თბილისსა და ბათუმშიც გამოვლინდებიან. დედაქალაქი ჰოკეის ტურნირს უმასპინძლებს, ბათუმი კი ფიგურული და ჩქაროსნული ციგურაობის შეჯიბრებებს.

ამ წუთისთვის ცნობილია, რომ ბაკურიანი 2025-ის ეგიდით ევროპის 48 ქვეყნის სპორტსმენები იასპარეზებენ. ცხადია, ეს ზამთრის სახეობების ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რაც კი ჩვენთან გამართულა. აქამდე მეგონა, რომ ეს თამაშები ზამთრის სახეობებში საქართველოსთვის მეორე დიდი საერთაშორისო ტურნირი იყო. ორი წლის წინ ბაკურიანმა ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა და პირველი სწორედ ის მეგონა, მაგრამ საქმე ისაა, რომ 70-80-იან წლებშიც ამ კოხტა დაბაში უკვე ტარდებოდა საერთაშორისო შეჯიბრება. ტრამპლინიდან მხტომელთა თასს ვგულისხმობ, რომელიც პირველად 1971 წელს, უკანასკნელად, მეცხრედ კი ორმოცი წლის წინ, 1985 წელს გათამაშდა.

ამ ტურნირის შესახებ ცოტა ხნის წინ შევიტყვე. დეკემბერში უფროსმა მეგობარმა ბაკურიანის ტურნირის ორი ოფიციალური პროგრამა გადმომცა, 1979 და 1981 წლების გათამაშებების. დანარჩენი ამბები ძველ ლელოებში მოვიძიე.

საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თასი (ოფიციალურად ასე ერქვა იმ შეჯიბრებას) პირველად 1971 წლის 17 იანვარს გათამაშდა 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში. ლელოს ცნობით, ტურნირში საბჭოთა კავშირის, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ჩეხოსლოვაკიის, ავსტრიის, პოლონეთის და ფინეთის ნაკრები გუნდების 44 წევრი მონაწილეობდა. სპეციალურად შეჯიბრებისთვის ესტუმრა ბაკურიანს სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი, ტრამპლინიდან ხტომის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, შვეიცარიელი ჰ.ფუქსი.

ბაკურიანი 1971-ის ჩემპიონი 244,5 ქულით საბჭოთა ნაკრების წევრი, 18 წლის პერმელი სტუდენტი ს.ზონტოვი გამხდარა. მეორე ადგილზე 17 წლის ი.კალინინი გასულა (241,5), მესამეზე კი 1968 წლის გრენობლის ოლიმპიადის ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი, ჩეხოსლოვაკიელი ირჟი რაშკა (232,5). კობა წაქაძემ, რომელმაც ერთი კვირით ადრე, 10 იანვარს იმავე ტრამპლინზე საკავშირო თასი მოიგო, 222,5 ქულით მეათე ადგილი დაიკავა.

1972 წლის 16 იანვარს ბაკურიანმა მეორედ უმასპინძლა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თასის გათამაშებას. ჩემპიონები კვლავ 90-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში გამოვლინდნენ, თუმცა ერთი დღით ადრე, თუმცა 70-მეტრიან ტრამპლინზე, საბჭოთა მხტომელების მონაწილეობით საკვალიფიკაციო შეჯიბრებებიც გაიმართა. 70-მეტრიანი ტრამპლინი ბაკურიანში 2 იანვარს გაიხსნა. თასის მეორე გათამაშებაში გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების, ავსტრიის, უნგრეთის და ფინეთის ნაკრები გუნდებიც მონაწილეობდნენ.

70-მეტრიან ტრამპლინზე გამართული შეჯიბრება საკავშირო ფედერაციამ საპოროს ზამთრის ოლიმპიადისთვის უკანასკნელ შესარჩევ ეტაპად გამოიყენა. საუკეთესოები ნაკრებში მოხვდნენ. კობა წაქაძე ორი ცდის შემდეგ მეორე იყო, 227,1 ქულა დააგროვა და თავის უკანასკნელ, მეოთხე ოლიმპიადაზეც გაემგზავრა.

კვირას, 16 იანვარს, საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორები 90-მეტრიან ტრამპლინზე გამოვლინდნენ. კობა წაქაძე ჯერ 103,5 მეტრზე, შემდეგ კი 104,5 მეტრზე გადახტა, 233,5 ქულა მოაგროვა და 23,4 ქულით აჯობა გ.ნაპალკოვს. ს.იანინი მესამე ადგილზე გავიდა (203,8 ქულა). საინტერესოა, რომ წაქაძეს ჩემპიონის თასი თბილისის დინამოს ერთ-ერთმა ლიდერმა კახი ასათიანმა გადასცა…

1973 წლის 20-21 იანვარს ბაკურიანმა ზედიზედ მესამედ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ჩემპიონები ორივე ტრამპლინზე გამოვლინდნენ, შაბათს 70, კვირას კი 90-მეტრიანზე. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თასის ეს გათამაშება ყველაზე წარმომადგენლობით გამოდგა, რადგან ბაკურიანს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ნორვეგიის, ავსტრიის, ფინეთის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის და პოლონეთის ნაკრები გუნდების 50 წევრი ეწვია.

კობა წაქაძე მშვენიერ ფორმაში შეხვდა მშობლიურ დაბაში გამართულ ტურნირს, რადგან 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში მეორე ადგილი დაიკავა (76 და 74,6 მეტრი – 214,6 ქულა), 90-მეტრიანზე კი კვლავ ჩემპიონი გახდა (105,5 და 102,5 მეტრი – 234 ქულა).

მეოთხე საერთაშორისო ტურნირს ბაკურიანმა ორი წლის შემდეგ, 1975 წლის 11-12 იანვარს უმასპინძლა და ასე გაგრძელდა 1985 წლის ჩათვლით, როცა უკანასკნელად, მეცხრედ გათამაშდა საქართველოს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თასი.

სამწუხაროდ, წაქაძის შემდეგ ქართველ მხტომელებს ბაკურიანში რაიმე ღირებული შედეგისთვის არ მიუღწევიათ. ამას ისიც დაერთო, რომ 80-იან წლებში საერთაშორისო კალენდარი კიდევ უფრო დაიტვირთა და, შესაძლოა, ესეც გახდა ბაკურიანის ტურნირის ჯერ დაკნინების, შემდეგ კი შეწყვეტის მიზეზი.

უკანასკნელი, მეცხრე გათამაშებისთვის, 1985 წელს, ბაკურიანს მხოლოდ საბჭოთა, ფინელი და ბულგარელი მხტომელები ეწვივნენ, რომლებმაც მთავარი პრიზის, ვერცხლისფერი „მფრინავი მელიას“ მფლობელი მხოლოდ 70-მეტრიან ტრამპლინზე გამოავლინეს. შეჯიბრების მიმოხილვაში ლელო წერდა, რომ საიუბილეო, მეათე გათამაშებისთვის 90-მეტრიანი ტრამპლინიც მწყობრში ჩადგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ბაკურიანის საერთაშორისო ტურნირის ისტორიაც 1985 წლის გათამაშებით დასრულდა.

ლაშა გოდუაძე
20
25 წლის 31 იანვარი
ფოტო:
ტურნირის ოფიციალური პროგრამა

ka_GEGeorgian