ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე და უკან

ცხრაწყაროს უღელტეხილის ოფიციალური აღწერა ასეთია:
„ცხრაწყარო – უღელტეხილი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. ის ერთმანეთთან აკავშირებს ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2462 მეტრი.
აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მათი პიროკლასტოლითებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით“.

მაგრამ მე ოფიციალური ტექსტები ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენ როგორია ესა თუ ის ადგილი. მხოლოდ რამდენიმე საჭირო ცნობას ვიღებ, რომ ვთქვათ, ამ სიმაღლეზე გადის გზა და ეგაა.

ენციკლოპედიის ცნობები საჭირო კია, მაგრამ სრულად რომ შეიგრძნო ამნაირი უღელტეხილების სილამაზე, ერთი მზიანი დღე უნდა გამონახო, კაი ხალხს შეუამხანაგდე (მარტოც შეიძლება, თუ ასეთი სოლომოგზაურობები გიტაცებთ) და გზას დაადგე. უდიდესი სიამოვნება გარანტირებულია, რადგან საქართველოა ზღაპრული და ყოველი კუთხე თავისებურად მომხიბვლელია.

გუშინ პირველად გავიარე(თ) გზა ბაკურიანიდან ტაბაწყურამდე და უკან, ორჯერ გადავიარე ცხრაწყაროს უღელტეხილი და დავრწმუნდი, რომ ეს ოცდაათკილომეტრიანი მონაკვეთი (ერთი მიმართულებით) ერთ-ერთი ულამაზესია მათ შორის, რაც კი ჩვენთან მინახავს. საქართველო კი, ცოტას წავიტრაბახებ, თითქმის მოვლილი მაქვს და ყველა მეტ-ნაკლებად პოპულარული თუ ნაკლებად ცნობილი ადგილი მინახავს.

ეს გზა, რომლის გავლას დაახლოებით საათნახევარი სჭირდება, რაღაცით სვანეთს ჰგავს, თუშეთის ვარდნილებიც მომაგონდა, ალაზნის ველიც გამახსენდა, მაგრამ საერთო ჯამში ყველასგან განსხვავებულია.

დაუვიწყარია ღრუბლებში შესეირნება ან, ვთქვათ, ხელის გაწვდენაზე ჩამომჯდარი არწივის ხილვა, ტაბაწყურის გზაზე მწყემსების ბარაკებთან შეჩერება კი, სადაც პატარები საჩუქრის მოლოდინში თვალებგაბრწყინებული გხვდებიან, რაღაცნაირად გათბობს.

რაც უნდა აღმატებულად ვწერო ან გამორჩეული ფოტოების გადაღება ვცადო, ამ გზის სილამაზეს სრულად მაინც ვერ გადმოვცემ. ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო.

ბოლოს ამასაც დავწერ: გზებზე და ტურისტების მოზიდვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები ბაკურიანი-ტაბაწყურის დამაკავშირებელ გზას მეტ ყურადღებას თუ მიაქცევენ, ჩემნაირი მოხეტიალეები ხომ შვებით ამოვისუნთქავთ და ეგებ, უცხოელებით სავსე ჯიპებმაც იმატოს. გუშინ მაგალითად, ხუთი ეკიპაჟი შემხვდა – ერთი ჩვენთან ერთად ადიოდა ტაბაწყურისკენ და ოთხიც ტბიდან ბრუნდებოდა, გზადაგზა კი ხშირად ჩერდებოდა ფოტოების გადასაღებად და ბუნებაზე დასაკვირვებლად.

გზა უსაფრთხო კია, მაგრამ ნამდვილად მოსაწესრიგებელია. და მერე, სულო ცოდვილო, იქნებ ვინმემ „ბეჭდების მბრძანებლის“ ან „ჰობიტის“ მსგავსი შედევრებისთვისაც შეარჩიოს აქაურობა. ჩემი თანამგზავრების რა გითხრათ და მე პირადად, ნანახმა ამ მშვენიერი ფილმების ხედები გამახსენა.

 

ლაშა გოდუაძე
2022 წლის 10 აგვისტო

ka_GEGeorgian