ბაკურიანში, კობა წაქაძესთან
ვყოფილვარ ისეთ მუზეუმებში, რომლებიც გამოგონილ ხალხს ეძღვნება. იქ ყველაფერი ზღაპარია – ისტორია, ფოტოები, ნივთები…
აი, ეს სახელგანთქმული ადამიანი აქ დაიბადა, ამ სახლში გაიზარდა, ამ ოთახში ეძინა, ამა და ამ წელს ეს შეემთხვა… არ გჯერათ? აგერ ბატონო მისი წერილები, პირადი ჩიბუხი, ვიოლინო… დაუჯერებელია? ერთი შეხედვით კი, მაგრამ მართლა ასე იყო, ჩვენი ხომ გჯერათ?!
ასეთ მუზეუმებში ყველაფერი იმდენად კარგადაა შემოთავაზებული, რომ წამით მართლა იჯერებ: თითქოს ნაწარმოების გმირი რეალურად ცხოვრობდა ამა და ამ წლებში, ეს ნივთებიც მისია, არც იმ ამბებს გაუვა წყალი, მწერალმა რომ შემოგვინახა…
იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი მუზეუმები დამითვალიერებია, რა თქმა უნდა უფრო მეტია „ნაღდებისა“: იმ პოლიტიკოსების, მწერლების, კომპოზიტორების, კინოვარსკვლავების თუ სპორტსმენებისა, რომლებმაც მართლა იცხოვრეს, მართლა წარმატებულები იყვნენ და მშობლიურ ქალაქსა თუ დაბას მართლა საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი. და ასეთი, „ნაღდების“ მუზეუმები, ჩემი მტკიცება არ უნდა, გამოგონილებზე ბეეეევრად საინტერესოა.
იქ, კოხტა ქვეყნებში, აფასებენ წარმატებულ ხალხს და უფრთხილდებიან დიდ სახელებს. ამით მშვენიერი საქმე კეთდება და ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ასეთ ადამიანებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საოცრად წარმატებულ სპორტსმენს, მით უმეტეს, თუ მას არც გამარჯვებები აკლია, ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბებიც გადახდენია და ყველაზე მნიშვნელოვანი: ათობით საინტერესო და უიშვიათესი ნივთი აქვს შენახული და თვალის ჩინივით უფრთხილდება.
კობა წაქაძეს ჩემი წარდგენა არ სჭირდება. ეს 87 წლის ბერიკაცი პირადად ჩემთვის ბაკურიანის ცოცხალი სიმბოლოა! უბრალოდ გული მწყდება, რომ ამ მართლა წარმატებული და საამაყო სპორტსმენის შესახებ ბევრმა ჯერ კიდევ არაფერი იცის. არადა, ხელმძღვანელი ამხანაგების ნებისა და მეტი მონდომების შემთხვევაში, ბატონი კობა თავისუფლად შეიძლება ბაკურიანის კეთილი ნების ელჩი გახდეს. ხომ არის ასეთი საპატიო წოდებები დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში? არის. და რატომ არ უნდა იყოს ჩვენთან?
ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი იყო!
ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე ერთადერთი ქართველია, რომელმაც საბჭოთა პერიოდში ზამთრის ოლიმპიადებზე იასპარეზა და დღემდე ერთადერთი ჩვენიანია, რომელმაც ზამთრის ოთხ თამაშებში მიიღო მონაწილეობა!
ტრამპლინიდან მხტომელ კობა წაქაძეს არც წარმატებები აკლია: ორმოცდაათზე მეტი ტურნირის ჩემპიონია, მათ შორის საკავშირო პირველობების ექვსგზის ოქროსმედალოსანი, თასის სამგზის მფლობელი და ხალხთა პირველი სპარტაკიადის გამარჯვებული! და რაც არანაკლებ საინტერესოა: ის საერთაშორისო ტურნირების პირველადგილოსანიცაა, მათ შორის სუპერპრესტიჟული „ოთხი მთის“ ორი ეტაპისა – ინსბრუკსა (ავსტრია) და გარმიშ-პარტენკირხენში (გერმანია), რაც საბჭოთა კავშირის რეკორდად დარჩა!
ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე ძალიან წარმატებული სპორტსმენი ხომ არის, მაგრამ მის მიერ განვლილი გზა კიდევ იმიტომაა საინტერესო, რომ თითქმის ოცდახუთი წლის განმავლობაში, როცა საკავშირო ნაკრების წევრი იყო, თავისი დროების არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ადამიანს პირადად შეხვდა: ამა თუ იმ ქვეყნის მონარქებს, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, პირველ პირებს… ბოლოს და ბოლოს, მისი ასპარეზობით მოხიბლულმა ამერიკელმა პოეტმა, მწერალმა და ესეისტმა, პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატმა ჯონ აპდაიკმა მას ლექსი მიუძღვნა! განა ბევრია ქართველი სპორტსმენი, ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად?
ჰოდა, ზემოთქმულის შემდეგ, ლოგიკური კითხვაც: უნდა იყოს თუ არა ბაკურიანში ყველაზე სახელგანთქმული ბაკურიანელის სახლ-მუზეუმი?
თავად ვუპასუხებ: ყველა ვარიანტში უნდა იყოს! თან, მოსაძებნი არაფერია: ბატონ კობას ყველაფერი შენახული აქვს, თითოეული მედალი თუ სამკერდე ნიშანი, ვიმპელი თუ დიპლომი, რაც კი კარიერის განმავლობაში მიუღია! ის სპორტული სამოსები და თხილამურები, რომლითაც კორტინა-დ’ამპეცოს (იტალია, 1956), სქვო-ველის (აშშ, 1960), ინსბრუკის (ავსტრია, 1964) და საპოროს (იაპონია, 1972) ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა! ათობით თასი და უფრო მეტი ფოტო, რაც მისი წარმატებული სპორტული გზის დასტურია! ასევე ჯონ აპდაიკის ის წიგნიც, სადაც მისდამი მიძღვნილი ლექსია დაბეჭდილი – Tsokadze O Altitudo! და ყველაფერს რომ თავი დავანებო, ის გახუნებული ჩემოდნებიც, ახლა რომ დიპლომებით და საგაზეთო წერილებითაა სავსე, თავის დროზე კი სპორტსმენის თანამგზავრი იყო ათობით ქვეყანაში!
ამ ყველაფერს ბატონი კობა ბაკურიანში, თავისივე სახელობის ქუჩაზე, საკუთარი სახლის ერთ დიდ ოთახში ინახავს, სადაც გუშინ ვესტუმრე და ჩემი რამდენიმე წიგნიც მივართვი საჩუქრად.
მასთან სტუმრობა დიდი ხანია მსურდა, თუმცა აქამდე ვერ შევძელი. გუშინ კი, ბაკურიანიდან წამოსვლის წინ, გამიმართლა – ქართული სპორტის ლეგენდამ რამდენიმე საათის განმავლობაში გვიმასპინძლა მე და ჩემს მეგობარს და უამრავი საინტერესო ამბავი მოგვიყვა. ეს ფოტოებიც მაშინ გადავიღე.
კობა წაქაძის სახლ-მუზეუმზე კი შინისკენ მომავალი ვფიქრობდი. ასეთი კაცი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ პატივს! და ბაკურიანისთვისაც მისწრება იქნება დიდი ჩემპიონის სახლ-მუზეუმი, რომელსაც ამ ლამაზი კურორტის სავიზიტო ბარათად ვხედავ. მით უმეტეს, რომ 2025 წელს ბაკურიანმა ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. სულ რაღაც სამ წელიწადში.
P.S. 19 აგვისტოს ბატონი კობა 88 წლის ხდება. ჰოდა, ამ ჩანახატით ვულოცავ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და გემრიელ ამბებს ვუსურვებ!
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 12 აგვისტო)
ბაკურიანი-თბილისი