ბაქო 2015: ძალა ერთობაშია!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებმა ევროპი I თამაშებზე აკრედიტებულ ქართველ ჟურნალისტებს გუშინ საღამოს ერთ-ერთ ზღვისპირა კლუბში არაფორმალურ ვითარებაში გვიმასპინძლეს.

ეს არ იყო შეხვედრა, სადაც მხოლოდ კონკრეტულ შეჯიბრზე, გუნდის წევრების შედეგებზე ან სპორტსმენთა მომზადებაზე საუბრობენ. ჩვენ, ჟურნალისტებმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ყველაფერი მიმოვიხილეთ თამაშების ორგანიზებით დაწყებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებით დასრულებული.

ეს იყო შეხვედრა, რომელსაც შექმნილი სიტუაცია ითხოვდა. ისეთ მძიმე და ტრაგიკულ დღეებში, როგორშიც დღეს საქართველო და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეა, აუცილებელი იყო ერთმანეთის გამხნევება და თბილი სიტყვის თქმა. დღეს თუ რამეა საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომა და გულით გამიხარდა, რომ სეოკ-მა ასეთი საჭირო და მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს სახელმწიფო ღერბს ორი დიდებული სიტყვა ამშვენებს: ძალა ერთობაშია!

სხვა დროს და სხვა ვითარებაში, სპორტულ შეჯიბრზე აკრედიტებულს, ეგებ, არც მეხსენებინა ეს სიტყვები, მაგრამ დღეს, თბილისში განვითარებული მოვლენების შემხედვარე, ვგრძნობ, რომ ამ სიბრძნის თუნდაც საკუთარი თავისთვის შეხსენება აუცილებელია! ინტერნეტით თუ ტელევიზიით ბაქოში მყოფნი ვხედავთ, რომ დღეს საქართველო ერთიანია და შეუძლებელია ამას გულგრილად უცქირო.

ევროპის თამაშებზე მყოფი თითოეული ქართველი, არ აქვს მნიშვნელობა სპორტსმენია თუ ჟურნალისტი, ფიქრით და გონებით თბილისშია და სულით ხორცამდე იზიარებს ტრაგედიას, რაც რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში დატრიალდა. აზერბაიჯანში მყოფები ფიზიკურად ვერ ვმონაწილეობთ სტიქიასთან საერთო ბრძოლაში, მაგრამ დამერწმუნეთ, აქ მყოფნი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში.

ისე მოხდა, რომ საწყის საშეჯიბრო დღეებში საქართველოს გუნდმა მედალი ვერ მოიპოვა, მაგრამ ვიმედოვნებ, დღეს ნავსი გატყდება – ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში დღეიდან თავისუფალი სტილის მოჭიდავეები შეეცდებიან მედლის მოგებას, ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა კი დილიდან გაგვახარა წარმატებით – 1/8-ფინალში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს 5:3 სძლია და ხვალ 1/4-ფინალში უკრაინას დაუპირისპირდება.

ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, ჯუმბერ ყველაშვილმა უკვე მოიპოვა შემდეგი წრის საგზური – უკრაინელ მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობა. ვიმედოვნებ საღამოს, როცა დღევანდელ დღეს შევაჯამებ, ევროპის I თამაშებზე მოპოვებული პირველი ისტორიული მედლის შესახებ მოგიყვებით.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 17 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian