ბაქო 2019: 12 საინტერესო ამბავი
ინგლისი ფეხბურთის სამშობლოა, ლონდონი ინგლისის დედაქალაქია, ევროპალიგის ხვალინდელი ფინალის მონაწილე ჩელსი და არსენალი კი ლონდონური კლუბებია.
ეს ყველამ კარგად იცის.
ცნობილია ისიც, რომ ამ 2 ძველისძველი გუნდის მეტოქეობა არაერთ შესანიშნავ მატჩს, ისტორიას და ლეგენდარულ სახელებს იტევს, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: მერამდენედ ხვდებიან ლონდონელი გრანდები ერთმანეთს?
ვეჭვობთ, რომ ეს ბევრმა ვიცოდეთ. უკეთესია სტატისტიკური ცნობარი გადავშალოთ: ბაქოური ფინალი ჩელსისა და არსენალის… 198-ე პაექრობაა! არც მეტი, არც ნაკლები – 198! მცირე უპირატესობა თეთრ-წითელთა მხარესაა – 76 მოგება 63 მარცხის წილ.
198 მატჩიდან მხოლოდ ორია საერთაშორისო: 2003-04 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ჩელსიმ ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა: სტემფორდ ბრიჯზე ეიდურ გუდიონსენის ზუსტ დარტყმას რობერ პირესმა უპასუხა – 1:1, ჰაიბერიზე კი ჩელსიმ ფრენკ ლამპარდისა და უეინ ბრიჯის გოლებით მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ პირველად თავად გაუშვა (ხოსე ანტონიო რეიესი).
ახლახანს დასრულებულ პრემიერლიგაში გამართული 2 ლონდონური დერბი კი ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებს კარგად გემახსოვრებათ: სეზონის სტარტზე, აგვისტოში, სტემფორდ ბრიჯზე ჩელსი იყო ძლიერი – 3:2, იანვარში, ემირეითსზე კი არსენალმა გაიმარჯვა – 2:0.
რამდენიმე საათიც და ევროპალიგის გამარჯვებული გამოვლინდება. გადამწყვეტი მატჩის წინ კი 12 საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ, უეფას სპეციალურ ბუკლეტში რომ ამოვიკითხეთ:
1: არსენალს არასდროს დაუმარცხებია ინგლისური კლუბი ევროპის საკლუბო ტურნირებში – 2 ფრე, 4 წაგება. პრემიერლიგელ მეტოქესთან ბოლო 3 კონტინენტური პაექრობა მეთოფეებმა წააგეს – ლივერპულთან 2:4 (2007-08 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო მატჩი) და 0:1 და 1:3 მანჩესტერ იუნაიტედთან 2008-09 წლების ლიგის ნახევარფინალში.
2: ჩელსიმ მიმდინარე ევროპალიგაზე 32 გოლი გაიტანა. რეკორდი პორტუს ეკუთვნის, რომელმაც 2010-11 წლების გათამაშება 37 ზუსტი დარტყმით დაასრულა.
3: ჩელსი მეორედ თამაშობს ევროპალიგაზე და კვლავ ფინალშია. 2012-13 წლების სეზონის გადამწყვეტ მატჩში ლონდონელებმა 2:1 მოუგეს ლისაბონის ბენფიკას.
4: არსენალი მე-14 კლუბია, რომელიც ევროპალიგის ფინალში მონაწილეობს. გამარჯვების შემთხვევაში უნაი ემერის გუნდი გახდება მე-6, რომელიც ამ ტურნირს მოიგებს.
5: ევროპალიგის ფინალში ჯერ არავინ გაუძევებიათ.
6: ევროპალიგის ფინალში ჰეთ-თრიქი არავის შეუსრულებია. მხოლოდ 4-მა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი: დიეგო ფორლანმა (ატლეტიკო; 2010), რადამელ ფალკაომ (ატლეტიკო; 2012), კარლოს ბაკამ (სევილია; 2015) და ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო; 2018).
7: კოლუმბიელი რადამელ ფალკაო ერთადერთია, რომელმაც ევროპალიგის 2 ფინალში გაიტანა. 2011 წელს მან პორტუში ერთადერთი გოლი შეუგდო ბრაგას, 2012 წელს კი დუბლი შეასრულა ატლეტიკოს მაისურით.
8: გამარჯვების შემთხვევაში ჩელსის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ევროპალიგის მომგები ყველაზე ასაკოვანი სპეციალისტი გახდება. იტალიელი 60 წლის და 139 დღის გახლავთ.
9: არსენალის ვეტერანმა ჩეხმა მეკარე პეტრ ჩეხმა 2013 წელს ევროპალიგა ჩელსისთან ერთად მოიგო. ის 2005-15 წლებში ირიცხებოდა ლურჯების შემადგენლობაში, 2015 წლიდან კი არსენალშია.
10: უეფას თასის 10 წლის წინანდელ ფინალში, სტამბოლში, სადაც დონეცკის შახტარმა 2:1 მოუგო ბრემენის ვერდერს, ჩელსის და არსენალის თითო წევრმა ითამაშა. ვილიანი (ჩელსი) უკრაინული კლუბის ღირსებას იცავდა და თასი აღმართა, ხოლო მესუტ იოზილი (არსენალი) გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ.
11: პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ვინც არსენალის საუკეთესო თავდამსხმელია, ბოლო 4 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გაბონელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა მესტალიაზე ვალენსიასთან 4:2 მოგებულ საპასუხო ნახევარფინალში, ბარნლის სტუმრად 2 გოლი გაუტანა, ხოლო ვალენსიასთან ემირეითსზე 3:0 მოგებულ პირველ ნახევარფინალსა და შინ, ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონთან საშინაო 1:1-ში თითო გოლი შეაგდო.
12: ჩელსიმ ბოლო 6 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა. მაურიციო სარის გუნდმა მხოლოდ უოტფორდი დაამარცხა პრემიერლიგაში (3:0).
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 მაისი)