ბაქო 2019: ჩელსის გზა

61 წლის წინ ლონდონის ჩელსიმ პირველად ითამაშა ევროპის საკლუბო ტურნირებში: ევროპალიგის წინისწინამორბედ ბაზრობათა თასის გათამაშების 1/8-ფინალში, 1958 წლის 30 სექტემბერს, კოპენჰაგენის ნაკრები შინ, მრავლისმნახველ სტემფორდ ბრიჯზე 4:1 გაანადგურა.

პირველი ევროჯილდო – თასების მფლობელთა თასი – ლონდონელებმა 1971 წლის გაზაფხულზე მოიგეს, ბოლო კონტინენტური ტრიუმფის – ევროპალიგა 2013 – შემდეგ კი ჩელსი პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც უეფას სამივე საკლუბო თასი გამოფინა მუზეუმში. მთავარ ტურნირში ლონდონელთა ტრიუმფი კარგად გემახსოვრებათ: რომან აბრამოვიჩის მილიონებით აღორძინებულმა ჩელსიმ 2012 წლის გაზაფხულზე მიუნხენის ოლიმპიაშტადიონზე გაიხარა ჩემპიონთა თასით.

ხვალინდელ ევროფინალს ჩელსი 5 საერთაშორისო ტიტულით ხვდება (2 თასების მფლობელთა თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპალიგა, ევროპის სუპერთასი) და ამ მხრივ არსენალს უსწრებს. მეთოფეები მხოლოდ ბაზრობათა და თასების მფლობელთა თასით იწონებენ თავს, მაგრამ რამდენიმე საათში, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გასვლის წინ, საკლუბო მუზეუმებში გამოფენილი კოხტა ევროჯილდოები სიმბოლურ მნიშვნელობას შეიძენს და ამ ორი მშვენიერი გუნდის პაექრობათა ჩამონათვალი, იმედია, კიდევ ერთი ჩინებული მატჩით გამდიდრდება.

პროგნოზისგან, თქვენის ნებართვით, თავს შევიკავებთ და ამ პატარა წერილში მაურიციო სარის გუნდის მიერ აზერბაიჯანის დედაქალაქამდე განვლილ გზას შეგახსენებთ.

რიცხვ 17-ს გვერდს ვერ ავუვლით – ზუსტად ამდენი მატჩია ჩელსი ევროპალიგაზე დაუმარცხებელია და ეს მიღწევა ხვალინდელი თამაშის ოფიციალურ პროგრამაშიცაა აღნიშნული. 17-დან 14 ამ გათამაშებაზე მოდის, პირველი 3 კი 2012-13 წლების სეზონზე, რომელიც ჩელსის ტრიუმფით დასრულდა. შეგახსენებთ: 6 წლის წინანდელ ნახევარფინალში ლონდონელებმა 2-ჯერ აჯობეს ბაზელს, ფინალში კი, გემახსოვრებათ, ბენფიკას მოუგეს – 2:1.

რაც შეეხება საამსეზონო 14 თამაშიდან პირველ ექვსს: მაურიციო სარის გუნდმა L ჯგუფი შთამბეჭდავად მოიგო – შინ და სტუმრად სძლია პაოკსა და ბატეს, ხოლო უნგრეთის MOL ვიდისთან უკანასკნელ შეხვედრაში თავს მოდუნების უფლება მისცა – ფრეს 2:2.

ჯგუფური ტურნირის მატჩებზე საუბრისას ერთ თვალშისაცემ ფაქტს უნდა გავუსვათ ხაზი, რომელსაც ვერც არსენალისადმი მიძღვნილ წერილში ავუქცევთ გვერდს: ევრომატჩებში მთავარი მწვრთნელი იმ მოთამაშეებს ეყრდნობოდა, რომლებსაც პრემიერლიგასა და ასოციაციის თასზე სათადარიგოებად მოიაზრებდა ან ნაკლებად აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას. სარის ჩანაფიქრმა რომ გაამართლა, სტატისტიკიდანაც კარგად ჩანს.

იანვრის მიწურული და თებერვალი ჩელსისთვის გარდამტეხი გამოდგა: სარის გუნდი ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოდა, თუმცა 19 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით შიდა სარბიელზე 4 მნიშვნელოვანი თამაში წააგო, მათ შორის ინგლისის ლიგის თასის ფინალი მანჩესტერ სიტისთან (პენალტების სერიაში) და ამის შემდეგ იტალიელმა მწვრთნელმა მთავარ ორიენტირად ევროტიტული დაისახა.

1/16 და 1/8-ფინალები ინგლისელებმა იოლად დაძლიეს – მალმიომ და კიევის დინამომ ვერაფერი დაუპირისპირეს ლონდონელებს, პრაღის სლავიამ კი გვარიანად ანერვიულა სარი. 1/8-ფინალში ჩეხებმა ევროპალიგის ყველაზე ტიტულიანი კლუბი სევილია დაამარცხეს და პრაღაში, პირველ მატჩში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მარკოს ალონსოს გვიანი გოლით მაინც ინგლისელებმა გაიხარეს. სტემფორდ ბრიჯზე კი, ჩეხების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ჩელსიმ ნახევარფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა – 4:3. ამ თამაშის საწყისი წუთები გაგაოცებდათ: 27-ე წუთისთვის სლავია 4 ბურთით აგებდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და განადგურებას თავი დააღწია.

ჩელსის და ფრანკფურტის აინტრახტის ნახევარფინალმა კი ორი ჩინებული და დაძაბული დაპირისპირება გვაჩუქა. ორივე თამაში 1:1 დასრულდა, ფინალისტი კი პენალტების სერიამ გამოავლინა.

ნეიტრალური ქომაგებისთვის საყვარელი სანახაობა სტემფორდ ბრიჯზე ვიხილეთ. 1:1-ზე მასპინძელთა ვეტერანმა ესპანელმა სესარ ასპილიკუეტამ ვერ ივარგა და ლუკა იოვიჩმა, ვინც ორივე შეხვედრაში გაუტანა ჩელსის, აინტრახტი დააწინაურა – 1:2. 3:3-ზე მარტინ ჰინტერეგერს დარტყმა გაუცუდდა, ლონდონელთა მთავარვარსკვლავმა ედენ აზარმა კი წინ გაიყვანა ჩელსი – 4:3. გონსალო მენდეშ პასიენსიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ნერვები ვერ მოთოკა და ჩელსიმ, ერთგული ქომაგების გასახარად, ბაქოში თამაში გაინაღდა.

წერილის ბოლოს მაურიციო სარის რამდენიმე რჩეულს ვახსენებთ. მეკარით დავიწყოთ: 24 წლის ბასკი კეპა არისაბალახა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და სარის რჩეული გახლავთ. მიმდინარე სეზონში მან 53-ჯერ დაიცვა კარი, მათ შორის 10-ჯერ ევროპაში, ყველა შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო და 23 მატჩში გოლი არ გაუშვა.

ნახევარდაცვის ლიდერები ედენ აზარი და ვილიანი არიან. ეს უკანასკნელი ერთადერთია, რომელმაც ევროპალიგაზე ყველა, თოთხმეტივე შეხვედრაში ითამაშა. 14 მატჩში მან 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ მხრივ საუკეთესოა.

ევროპაში ჩელსის მთავარი ფორვარდი კი არსენალის ყოფილი ვარსკვლავი ოლივიე ჟირუ გახლავთ. 32 წლის ფრანგმა ამ სეზონში სულ 12 გოლი გაიტანა, აქედან 10 ევროპალიგაზე და გათამაშების თანაბომბარდირია ლუკა იოვიჩთან ერთად.

ჩელსის გზა ბაქომდე
ჯგ
– პაოკ (ათენი, საბერძნეთი) 1:0, 4:0
ჯგ – MOL ვიდი (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:0, 2:2
ჯგ – ბატე (ბორისოვი, ბელარუსი) 3:1, 1:0
1/16 – მალმიო (შვედეთი) 2:1, 3:0
1/8 – დინამო (კიევი, უკრაინა) 3:0, 5:0
1/4 – სლავია (პრაღა, ჩეხეთი) 1:0, 4:3
1/2 – აინტრახტი (ფრანკფურტი, გერმანია) 1:1, 1:1 (პენ 4:3)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 28 მაისი)

ka_GEGeorgian