ბაქო ნიკოლიას შოკოლადებით

დიდი ხნის წინ ერთი მოგზაურის თვითმფრინავს ძრავა გაუფუჭდა და ისიც უკაცრიელ უდაბნოში დაეშვა. ბევრი იწვალა, მაგრამ ვერაფერს გახდა და დაღლილს იქვე, როგორც თავად თქვა, დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულს, ქვიშაზე მიეძინა.

კაცს უცნაური ამბავიც შეემთხვა: სისხამ დილით წკრიალა ხმამ გააღვიძა – თავზე წამომდგარი პატარა ბიჭუნა ბატკნის დახატვას სთხოვდა.

საიდან ვიცი ეს ამბავი? მისივე წიგნიდან.

დამავიწყდა მეთქვა, რომ მოგზაური ფრანგი გახლდათ და ძალიან გაუმართლა – როგორღაც შეაკეთა თვითმფრინავი და უდაბნოს თავი დააღწია, მერე კი, სამშობლოდან შორს გადახვეწილმა, პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი წიგნიც დაწერა.

ახლა იმ მოთხრობის შინაარს არ მოვყვები. მენდეთ და წაიკითხეთ. დიდი სიამოვნება გელით. მარადიული ამბავია!

მე იმ წიგნის მთავარი გმირის, ოქროსთმიანი ბიჭუნას ერთი ფრაზა დამამახსოვრდა, რომელსაც ხშირად ვიხსენებ: სულ პირდაპირ თუ ივლი, შორს ვერ წახვალ.

2015 წლის 12 ივნისს, ევროპის I თამაშების – ბაქო 2015-ის გახსნის დღეს, ოქროსქოჩრიანი პატარა ბიჭუნას სიტყვები კიდევ ერთხელ გამახსენდა და საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე გადავწყვიტე სულ პირდაპირ არ მევლო: ზურგჩანთა მოვიგდე და მედიასოფლიდან ქარის ქალაქის (ბაქოს ასეც უწოდებენ) შუაგულისკენ გავწიე.

ჩემგან არ გესწავლებათ: იქ, სადაც პირველად ხარ, სანახავი ძალიან ბევრია, დრო კი პირიქით, ძალიან ცოტა.

ბაქო მდიდარია საოცარი მუზეუმებით და სამ მათგანზე, ჰეიდარ ალიევის საგამოფენო ცენტრზე, ხალიჩების მუზეუმსა და მინიატურულ წიგნებზე უკვე დავწერე, ახლა კი მინდა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ბაქოში ჩასულ შოკოლადების ნაკეთობების მუზეუმი ვირტუალურად დაგათვალიერებინოთ.

5 წლიანი მსოფლიო ტურნე, 40 ქვეყნის დედაქალაქი, 250 ნაკეთობა, მილიონზე მეტი დამთვალიერებელი და თითქმის ტონა შოკოლადი – ასეთია სახელგანთქმული შოკოლატიე ნიკოლიას ნაკეთობები ციფრებსა და რიცხვებში.

გამოფენა, რომელიც აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს ძალისხმევით მოეწყო, ევროპის I თამაშებს მიეძღვნა.

სპეციალურად ბაქო 2015-თვის ნიკოლიამ მუხლჩაუხრელად იშრომა, მაგალითად 70 კილოგრამი შოკოლადისგან კი აზერბაიჯანის დედაქალაქის ერთ-ერთი მშვენება – ქალწულის კოშკი გამოადნო.

ლამაზია, მაგრამ გემრიელია თუ არა, ამას ვერ გეტყვით – დეგუსტაცია სასტიკად აკრძალული იყო.

ფოტოგადაღება? არავინ გიშლიდათ – 7 მანათი და ისიამოვნეთ რამდენიც გინდათ…

„დედამიწის სიდიდე უფრო კარგად რომ წარმოიდგინოთ, საკმარისია იცოდეთ – სანამ ელექტრონს აღმოაჩენდნენ, ექვსივე კონტინენტზე მეფარნეთა მთელი არმია ჰყავდათ, რომელიც ოთხას სამოცდაორი ათას ხუთას თერთმეტი კაცისაგან შედგებოდა.

შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასივით იყო აწყობილი. პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ, აანთებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგ-რიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები. ჩამოუვლიდნენ წრეს და კულისებში გაიკრიფებოდნენ. მათ შემდეგ დგებოდა რუსეთის და ინდოეთის მეფარნეთა რიგი. ამათ მოჰყვებოდნენ აფრიკისა და ევროპის, შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის მეფარნეები. და არცერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო!

მხოლოდ ორი მათგანი იყო არხეინად – ის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აენთო. და მისი სამხრეთპოლუსელი თანამოძმე. წელიწადში მათ მხოლოდ ორჯერ უნდა შეესრულებინათ თავისი მოვალოება“.

ეს სიტყვებიც იმ ფრანგი კაცის წიგნში ამოვიკითხე, თავში რომ ვახსენე.

შოკოლადის ნაკეთობათა გამოფენის შემდეგ ბაქოს ერთ-ერთ კოხტა და მწვანეში ჩაფლულ სკვერში, წიგნების მაღაზიაში შევისეირნე.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწულს ბავშვთა განყოფილებაში მივაგენი. არც დავფიქრებულვარ, ვიყიდე, თან სასაცილოდ იაფი ღირდა. მერე რა რომ აზერბაიჯანული არ ვიცი. ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასია!

თუმცა ვთვლი, რომ სულაც არაა საბავშვო და უფროსებისთვის განკუთვნილი უფროა. მაგრამ მაღაზიებში მოფუსფუსე საქმიანი ბიძიები და დეიდები რომ ჯიუტად ბავშვთა განყოფილებაში ალაგებენ?

დიდებს რას გაუგებ? ისინი ხომ ძალიან უცნაურები არიან.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბაქო, აზერბაიჯანი; 2015 წლის 13 ივნისი

ka_GEGeorgian