ბაქოს ხალიჩების მუზეუმში

რა სარგებლობა მოაქვს მუზეუმს? ბევრი, თუმცა 3 რამ ყველაზე მნიშვნელოვანია:

1) ზედაპირულად თუ ვიტყვი, ქვეყნის რეკლამაა.

2) იზიდავს ტურისტს, რომელიც ხარჯავს ფულს. და ეს მშვენიერია!

3) უფრთხილდება და ინახავს იმას, რასაც წინაპრები, თაობები ქმნიდნენ.

აქედან გამომდინარე, მუზეუმი ქვეყნის კულტურის ნაწილია.

ზემოთქმულის ნათელი დასტურია ბაქოს ზღვისპირა პარკში, მიხაილ უსეინოვის #28-ში აგებული ლამაზი და ორიგინალური შენობა, რომელიც აზერბაიჯანულ ხალიჩებს ეთმობა. მუზეუმს სწორედ დახვეული ხალიჩის ფორმა აქვს.

ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხალიჩების საცავი, რომელიც არქიტექტურული თვალსაზრისით შესანიშნავია და ბაქოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, 4 საგამოფენო დარბაზს და ღია კაფე-ბარს იტევს. მუზეუმი 1967 წელს დაფუძნდა. პირველი, საბჭოთა სტილის შენობა ბაქოს შუაგულში, ეგრეთ წოდებულ ძველ ქალაქში – იჩერიშეჰერში მდებარეობდა. 2010 წელს იუნესკომ აზერბაიჯანულ ხალიჩას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა და მალე კასპიის ზღვის სანაპიროზე, ბაქოს უშველებელ ბულვარში, ორიგინალური შენობა წამოიჭიმა, სადაც უამრავი ძველი, ლამაზი, ათასფერი თუ გახუნებული ექსპონატია დაცული!

ტურისტი ათობით წიგნის, ბუკლეტის, ჟურნალის, აუდიორგოლის თუ ვიდეოინსტალაციის საშუალებით აზერბაიჯანის კულტურას, ხალიჩების ქსოვის ტექნიკას და კიდევ არაერთ საინტერესო ამბავს იგებს. კმაყოფილია მასპინძელი და კმაყოფილია ტურისტიც. და რა სჯობს, როცა ორივე მოგებულია?

ცნობისათვის: მუზეუმში ფოტოების გადაღება აკრძალულია. ბილეთის ფასი 7 მანათია, სტუდენტებისთვის – 3, სუვენირები კი, იმდენია, თვალები აგიჭრელდებათ!

და თუ ფოტოგადაღება აკრძალულია, ეს კადრები საიდან? გეტყვით: ხალიჩების მუზეუმს ევროპის I თამაშების დღეებში ჟურნალისტის აკრედიტაციით ვესტუმრე. საგამოფენო დარბაზებში ფოტოაპარატით ამიტომაც შემიშვეს.

თუ ხალიჩებზე საუბრით თავი მოგაბეზრეთ, ეს ბოლო აბზაცი გამოტოვეთ, მათთვის კი, ვინც არ დაიღალა, დავწერ: აზერბაიჯანში ქსოვის 5 სკოლაა, უფრო სწორად, ათწლეულების განმავლობაში 5 მიმდინარეობა ჩამოყალიბდა: ქუბა-ბაქო-შირვანის, განჯა-გაზახის, ყარაბახის, შუშის და ტაბრიზის. ზღვისპირა მუზეუმში ხუთივე სკოლის ნაკეთობებია გამოფენილი, მათთან ერთად კი ხალიჩებთან დაკავშირებული უამრავი ექსპონატი. საერთო ჯამში 15 ათასამდე ნივთი. როგორია?

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ იქაურობას მოინახულებთ, არ ინანებთ. განსაკუთრებით, თუ ბაქოს ზაფხულში სტუმრობთ – შენობაში სასიამოვნოდ გრილა!

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბაქო, აზერბაიჯანი; 2015 წლის 12 ივნისი

ka_GEGeorgian