ბარაკონი

ბარაკონი პირველად ოთხი წლის წინ ვნახე, 2018 წლის სექტემბერში. იმ მშვენიერ დღეს ამბროლაურში ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო ოლიმპიადის გარდამავალი თასი გამოიფინა და მეც ამასთან დაკავშირებით მოვხვდი რაჭაში.
ქალბატონი ნონა, ასევე ნანა იოსელიანი, ჭადრაკის ფედერაციის და ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები… იმ დღეს ამბროლაურს დიდი შემადგენლობით ვეწვიეთ და საზეიმო ღონისძიების შემდეგ, ვიდრე საზეიმო ღვინისძიება დაიწყებოდა, მასპინძლებმა ბარაკონის მონახულება შემოგვთავაზეს: აქვეა, ნახევარი საათი თავზე გადაგვივაო. უარს როგორ ვეტყოდით?!

იმ დღის შემდეგ ბარაკონი ჩემთვის რაჭასთან ასოცირდება. ზუსტად ისე, როგორც ნიკორწმინდა (ამ საოცრებაზე რამდენიმე დღეში მოვყვები), შაორის თვალწარმტაცი წყალსაცავი და წლევანდელი რაჭული თავგადასავლების შემდეგ, კიდევ ბევრი საინტერესო ადგილი.

ყველაზე მეტად ბარაკონის მდებარეობა მხიბლავს: გადამწვანებული მთების ძირშია ამოზრდილი და ონიდან ამბროლაურში და პირიქით მიმავალს, მოულოდნელად შემოგანათებს – აი, თითქოს თვალი მწვანეს შეაჩვიე და უცბად ქათქათა ტაძარი!

რთულია ამ სილამაზეს გულგრილად ჩაუარო. ყოველ შემთხვევაში მე აუცილებლად ვჩერდები და თუ ფოტოაპარატიც თან მაქვს, რამდენიმე კადრს ვიღებ.

ადგილმდებარეობაზე არანაკლებ მოვიხიბლე ბარაკონის კანკელით. მსგავსი საქართველოში არსად მინახავს. წლევანდელი სტუმრობისას შუა ნაწილი მოხსნილი დამხვდა და მესანთლეს რომ ვკითხე, სარესტავრაციოდ წაიღესო, მიპასუხა. იმედია მალე აღადგენენ, რადგან მთლიანი ძალიან შთამბეჭდავი იყო და ახლა თითქოს გული ამოაცალესო, ასეთად დავინახე.

ეს რაც შეეხებოდა ჩემს შთაბეჭდილებებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე კი ამ მშვენიერი ტაძრის შესახებ შემდეგს ამოიკითხავთ:

„ბარაკონი, ღვთისმშობლის ტაძარი. მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, რიონის მარჯვენა ნაპირზე, იმ ადგილის მახლობლად, სადაც რიონს მდინარე ლუხუნი ერთვის.

ის რაჭის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა ნიკორწმინდის სახელგანთქმულ ტაძართან ერთად და ყველაზე დიდი ეკლესია, აგებული საქართველოში XVIII საუკუნეში.

მისი აგების ამბავი, თარიღი – 1753 წელი, დამკვეთისა და ხუროთმოძღვრების ვინაობა მოთხრობილია წარწერებში, რომელთაგან სამი შესასვლელთა ტიმპანებშია მოთავსებული და შინაარსით ერთმანეთის მსგავსია, მეორე კი, ხუროთმოძღვრის ავთანდილ შულავრელისა, აღმოსავლეთ ფასადზე.

მშენებლობის მოთავე როსტომ ერისთავი ტიპური ნიმუში იყო საკუთარი პატივმოყვარეობით დაბრმავებული, ეროვნულ გრძნობადაკარგული ფეოდალისა, რომელიც მუდამ ეურჩებოდა იმერეთის მეფე სოლომონს და არ ერიდებოდა საქართველოს მოსისხლე მტრებთან კავშირსაც. მისი ურჩობა ტრაგიკულად დამთავრდა: სოლომონმა მას თვალები დასთხარა, მისი საერისთაო კი გააუქმა.

ბარაკონი რაჭის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ეკლესიის მახლობლად იდგა მათი სასახლე. ახლო-მახლო ბევრი ისტორიული ძეგლია – ხიდისკარის კოშკები, რომელიც რიონის ხეობას იცავდა, აგრეთვე მძლავრი მინდა-ციხე მთაზე, ლუხუნისა და რიონის შეერთების ადგილას.

1991 წლის მიწისძვრამ ბარაკონის ეკლესია საგრძნობლად დააზიანა – გუმბათის სფერო და ყელი დაიბზარა, ჩამოიშალა სარკმლის საპირეების და კედლების პერანგის ნაწილი. მინდა-ციხე დაინგრა, გადარჩა მხოლოდ ზოგი კედლის ფრაგმენტები“.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2022 წლის 30 ივისი

ka_GEGeorgian